“ჩემს თვალწინ დაასისხლიანეს ბავშვი! ღმერთო, ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა, იმხელა დაარტყეს, რომ ცხვირი გაუტეხეს“ – უთხრა EDU.ARIS.GE-ს გორის მეათე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც დღეს, 15 თებერვალს, მოსწავლეებს შორის სკოლის შიდა ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებას შეესწრო.
თვითმხილველის თქმით, თანასკოლელს იმის გამო სცემეს, რომ სკოლაში ქუჩური მენტალიტეტის არსებობის შესახებ ხმამაღლა მოყოლა გადაწყვიტა.
“იმიტომ სცემეს, რომ ამ ბიჭს ხშირად აბულინგებენ, სცემენ და დასცინიან. სკოლაში ქუჩური მენტალიტეტია. ამ ყველაფრისგან დაღლილმა ამაზე ხმამაღლა საუბარი გადაწყვიტა და კიდევ ერთხელ სცემეს. გინება, ყვირილი, ჩხუბი და ერთმანეთის ცემა აქ ყოველდღიურად ხდება. არავის აღარ უნდა ამ სკოლაში სიარული. ქუჩური მენტალიტეტის მოსწავლეები სწავლობენ. უნდა გვიშველოს ვინმემ”, – აცხადებს მოსწავლე.
გორის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის სისხლიანი დაპირისპირება დღეს დილით მოხდა. ნაცემია მეცხრეკლასელი ბიჭი, რომელსაც დაზიანებები თანასკოლელმა სახის არეში მიაყენა. როგორც მოსწავლეებისგან ვიგებთ, ვითარება იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახება გახდა საჭირო.
“ამ სკოლაში მოსწავლეები ერთმანეთს თითქმის ყოველდღიურად სცემენ. იმიტომ, რომ ერთმანეთს ხშირად აგინებენ, აბულინგებენ და დასცინიან. ეს ხდება სკოლის შიგნითაც და გარეთაც. ეს ყველაფერი სკოლის დირექტორმაც და მასწავლებლებმაც იციან, თუმცა არაფერს აკეთებენ და ფაქტებს მალავენ“, – ამბობს სკოლის სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.
“სასწრაფო და პოლიცია იყო მოსული. ექიმებმა ნაცემ ბიჭს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს ადგილზე. საშინელება იყო. ძალიან შემეცოდა, სისხლი სახიდან სდიოდა“ – თქვა კიდევ ერთმა ამავე სკოლის მოსწავლემ.
მეათე საჯარო სკოლა არაა ერთადერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მსგავსი ფაქტები ხდება. ბოლო პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები გახშირებულია. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კი ასე გვპასუხობენ: “სკოლაა, ბავშვები არიან და იჩხუბებენ, აბა, რას იზამენ. ეგრე ჩემი შვილებიც ჩხუბობენ“, – აცხადებს გორის რესურცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.
ამგვარი დამოკიდებულება მიუღებელია მოსწავლეთა მშობლებისთვის. მათი თქმით, აუცილებელია, რესურსცენტრმა და სკოლების ადმინისტრაციებმა მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ჩააყენონ.
მათივე თქმით, სკოლებში დღეს განუკითხაობაა და ამაზე პასუხისმგებლობას ყველა თავიდან იცილებს.
“საგანმანათლებლო რესურცენტრი რას აკეთებს, როცა სკოლებში ბავშვებს სცემენ? ან სკოლის დირექტორები? აშკარად იკვეთება ყველა მათგანის უპასუხისმგებლობა, რადგან სულ გვესმის, რომ ბავშვები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ და იმაზე არავინ საუბრობს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა“ – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მომხდარი ინციდენტების ნაწილზე პოლიციას მოკვლევა აქვს დაწყებული. ხოლო რაც შეეხება მეათე სკოლის დღევანდელ ინციდენტს, როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები