პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლება2023 წლის 10 ყველაზე საინტერესო არაპოლიტიკური ამბავი

2023 წლის 10 ყველაზე საინტერესო არაპოლიტიკური ამბავი

მართალია, გასულმა წელმა მეტწილად კონფლიქტებითა და დაპირისპირებებით, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებით დაამახსოვრა თავი მსოფლიო საზოგადოებას, მაგრამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების ფონზე რამდენიმე საინტერესო სოციალურ-კულტურული ამბავიც მოხდა, რომელთა წყალობით 2023 წელი სამუდამოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში.

ბრიტანეთის ახალი მონარქი

6 მაისს ბრიტანეთში ახალი მონარქი აკურთხეს. 73 წლის უელსის პრინცმა, რომელმაც კორონაციის შემდეგ ჩარლზ მესამის სახელი მიიღო, 2022 წლის სექტემბერში, 96 წლის ასაკში გარდაცვლილი დედოფლის, ელისაბედ მეორისგან გადაიბარა სამეფო ტახტი. სხვათა შორის, ელისაბედი ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული გვირგვინოსანი იყო, რომელიც ევროპელ მონარქებს შორის ყველაზე დიდხანს – მთელი 70 წელი მართავდა ქვეყანას.

არსებული პროტოკოლის მიუხედავად, მაინც თავიდან გაიწერა მონარქის კორონაციის გეგმა კოდური სახელით „ოქროს ვაშლი“. ჩარლზ მესამის მეფედ კურთხევის ცერემონია, რომელსაც 2 ათასამდე სტუმარი დაესწრო მონარქების, პოლიტიკოსებისა და პოპ-ვარსკვლავების ჩათვლით, ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა ანგლიკანური ეკლესიის წესების სრული დაცვით. ჩარლზ მესამე წმინდა ედუარდის, მისი მეუღლე, დედოფალ-კონსორტი კამილა კი, დედოფალ მარიას გვირგვინით იკურთხა. საზეიმო ცერემონია სამეფო ტახტის მემკვიდრის, პრინც უილიამის ფიცის დადებით დასრულდა, რომელმაც მამა-მონარქს ერთგულება შეჰფიცა.

პანდემიის დასასრული

23 მაისს სამყარომ შვებით ამოისუნთქა, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ოფიციალურად გააუქმა COVID-19-ის პანდემიის სტატუსი, რომელიც ჯანმომ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა, როცა ეპიდემია მთელ მსოფლიოში გავრცელდა და 114 ქვეყანაში 118 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსით, რომელმაც ჩინეთში, ქალაქ უხანში იფეთქა 2019 წლის დეკემბერში, საერთო ჯამში (2024 წლის 4 იანვრის მონაცემებით) 773 მილიონი ადამიანი დასნეულდა, 6,9 მილიონი კი, დაიღუპა. სწორედ ამგვარი მასშტაბურობის წყალობით მიიჩნია ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19 ყველაზე მომაკვდინებელ დაავადებად კაცობრიობის ისტორიაში.

„ტიტანის’’ კატასტროფა

18 ივნისს ატლანტის ოკეანეში კომპანია OceanGate Expeditions-ის კუთვნილმა ბატისკაფმა „ტიტანმა“ განიცადა კატასტროფა, რომელმაც თითქმის 100 წლის წინ ჩაძირული „ტიტანიკის“ ნამსხვრევებთან განახორციელა დაშვება. მისიას  ბრიტანელი ბიზნესმენი, კორპორაცია Action Group-ის დამფუძნებელი ჰემიშ ჰარდინგი და პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზად დავუდი ხელმძღვანელობდნენ, ბატისკაფს კი, დავუდის შვილი პოლ-ანრი ნარჟოლე მართავდა.

წყალქვეშა ექსპედიციის დასრულება 22 ივნისს იგეგმებოდა, რადგან ჟანგბადის მარაგი მხოლოდ 96 საათზე იყო გათვლილი. მართალია, ბატისკაფს სახმელეთო ბაზა უწევდა კოორდინაციას, მაგრამ კავშირი წყალქვეშა აპარატთან დაშვებიდან 2 საათში გაწყდა. უშედეგოდ დასრულდა რამდენიმედღიანი სამაშველო ოპერაციაც, რადგან ამერიკის სანაპირო დაცვამ მხოლოდ 6 დღის შემდეგ მოიძია ბატისკაფის ნამსხვრევები. წინასწარი გამოძიების თანახმად, წყალქვეშა აპარატი ეკიპაჟის ხუთივე წევრთან ერთად ბორტზე მომხდარმა აფეთქებამ იმსხვერპლა, თუმცა ექსპერტებმა, რომლებიც საბოლოო დასკვნას მხოლოდ 2025 წელს გამოაქვეყნებენ, სუბმარინის დაღუპვის რამდენიმე სავარაუდო მიზეზი, მათ შორის ხმელეთიდან არასწორად კოორდინირება დაასახელეს.

გაფიცვა ჰოლივუდში

14 ივლისს ჰოლივუდში მსახიობთა გილდიის საპროტესტო აქცია მოეწყო, რომელიც 8 ნოემბრამდე გაგრძელდა და კინოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს კრიზისად იქცა. მართალია, გაფიცვა „ვარსკვლავების ფაბრიკაში“ 2 მაისს დაიწყო სცენარისტთა გილდიის ორგანიზებით, მაგრამ აქტუალურობა მხოლოდ მსახიობების გააქტიურების შემდეგ შეიძინა, რომელთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 1960 წლის შემდეგ მსახიობებმა და სცენარისტებმა პირველად მოაწყვეს ერთობლივი პიკეტი, რომელიც თითქმის 9 თვე გაგრძელდა და ყველაზე მასობრივ საპროტესტო აქციად ჩაითვალა მსოფლიო კინოს ისტორიაში.

გაფიცვამ სერიოზულად აზარალა კინოწარმოება, გადაიდო რამდენიმე ათეული კინო და ტელეპროექტის, მათ შორის „ვარსკვლავური ომების“ მორიგი ეპიზოდის გამოშვება, კინოინდუსტრიის 40 ათასმა თანამშრომელმა კი, სამსახური დაკარგა. კრიზისის მიუხედავად, შეზღუდვებს თავი დააღწიეს ზაფხულის მთავარმა ბლოქბასტერებმა – გრეტა გერვიგის „ბარბიმ“ და კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერმა“, რადგან ორივე ფილმის გადაღება ბრიტანეთში გაიმართა.

განსხვავებული მოთხოვნების მიუხედავად მსახიობებმა მაინც შეძლეს სცენარისტებთან მთავარ პუნქტებზე შეთანხმება. ყველაზე მნიშვნელოვანი პროტესტის მონაწილეებისთვის ანაზღაურების გაზრდა და ჰონორარის გაანგარიშების ახალი სისტემის შემოღება აღმოჩნდა, რასაც არანაკლებ აქტუალური მოთხოვნა – ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შეზღუდვა დაემატა. სცენარისტებმა ChatGPT-ისა და მსგავსი პროგრამების მხოლოდ მათი სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად გამოყენება მოითხოვეს, მსახიობებმა კი, კონტრაქტიდან იმ პუნქტის ამოღება დაიჟინეს, რომელიც სტუდიებს მათი სკანირების, მერე კი, გაფრთხილებისა და ანაზღაურების გარეშე ციფრული გამოსახულების გამოყენების უფლებას აძლევდა. მართალია, საპროტესტო აქცია გაფიცულების სასარგებლოდ დასრულდა. მეტიც, პროტესტანტებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს, რადგან 40 წლის განმავლობაში მინიმალური ანაზღაურების მაქსიმალურად გაზრდას მიაღწიეს, მაგრამ დაიმუქრნენ, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ განაახლებდნენ გამოსვლებს.

ინდოელები მთვარეზე და რეკორდსმენი ასტრონავტი

კოსმოსური კვლევის ინდურმა ორგანიზაციამ მორიგი კოსმოსური მისია „ჩანდრაიანი-3“ განახორციელა და პირველად შეძლო ავტომატური პლანეტათშორისი სადგურის მთვარეზე დაშვება. აპარატმა, რომელმაც ერთი მთვარის დღის განმავლობაში გაიარა 100 მეტრი, დეტალურად შეისწავლა მთვარის სამხრეთ პოლუსის რაიონი,  გამოიკვლია რეგოლიტის შემადგენლობა და შეაფასა მისი ტემპერატურა, დააფიქსირა მთვარის რყევები და გაზომა პლაზმის სიმკვრივე. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის, შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის შემდეგ, ინდური კვლევითი ორგანიზაცია მეოთხე კოსმოსური სააგენტოა, რომელმაც წარმატებით განახორციელა მთვარის ზედაპირზე აპარატის რბილად დაშვება.

27 სექტემბერს კი, კოსმოსური ექსპედიციიდან დაბრუნდა ამერიკელი ასტრონავტი ფრანსისკო რუბიო, რომელმაც ახალი რეკორდი დაამყარა, რადგან NASA-ს ასტრონავტებს შორის ყველაზე დიდხანს – მთელი 371 დღეს დაჰყო კოსმოსში. მართალია, 2022 წლის 21 სექტემბერს კოსმოსში მისიით გამგზავრებულმა რუბიომ წარმატებით ჩაატარა ენერგომომარაგების სისტემის მოდერნიზაციის სამუშაოები, მაგრამ ძალიან გაუჭირდა დედამიწაზე დაბრუნება, რადგან მთელი წლით „გაიჭედა“ კოსმოსში და თითქმის 6 ათასი ბრუნი შეასრულა პლანეტის გარშემო. რუბიოს დედამიწაზე დაბრუნება მეტეორებმა და კოსმოსურმა ნაგავმა შეაფერხა, რომელმაც ასტრონავტის საშველად გაგზავნილი აპარატი დააზიანა. რუბიომ, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დაბრუნებულიყო დედამიწაზე, თავისდაუნებურად დაძლია კოლეგის NASA-ს კიდევ ერთი ასტრონავტის მარკ ვანდე ჰაიას რეკორდი, რომლის „კოსმოსური ოდისეა“ მხოლოდ 168 დღე გაგრძელდა.


 2023 წელი – ყველაზე ცხელი წელიწადი

24 ივლისს რომში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რომელმაც 50 გრადუსს მიაღწია. ექსპერტთა მტკიცებით გასული წელი ერთ-ერთ ყველაზე ცხელი წელიწადი იყო, რადგან ასეთი მაღალი ტემპერატურა მთელი 125 წლის განმავლობაში არ ყოფილა. “კაცობრიობამ ხელიდან გაუშვა კლიმატური კატასტროფის თავიდან აცილების შანსი“, – ნაკლებად ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთეს ეკოლოგებმაც, რომელთაც კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ე.წ. „მწვანე პოლიტიკის“ გააქტიურების მიუხედავად, წიაღისეული საწვავის მოპოვების ტემპი და ატმოსფეროში გამონაბოლქვის დონე მაინც კატასტროფულად იზრდება, რაც სტიქიური უბედურებების – გახშირებული ხანძრების, გვალვისა და წყალდიდობის მიზეზი ხდება.

მზის წრიული დაბნელება

14 ოქტომბერს სამყარო მეტად უჩვეულო მოვლენის – მზის წრიული დაბნელების მოწმე გახდა. მსგავსი ტიპის დაბნელება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მთვარე დედამიწისგან იმდენად შორსაა, რომ ვერ ახერხებს მზის სრულად დაფარვას და მის გარშემო მანათობელი რკალი რჩება. შთამბეჭდავი ბუნებრივი მოვლენა, რომელიც წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო და აღმოსავლეთისკენ გაგრძელდა, ამერიკის რამდენიმე შტატის და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების – ჰონდურასის, ბელიზის, პანამისა და ნიკარაგუის მოსახლეობამ იხილა. აღსანიშნავია, რომ ასტრონომების ვარაუდით მზის ანალოგიური დაბნელება მხოლოდ 2041 წლის ოქტომბერშია მოსალოდნელი.

 

ყველაზე ძვირადღირებული ფერწერული ტილო

9 ნოემბერს Sotheby’s აუქციონზე 139, 4 მილიონ დოლარად გაიყიდა ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ნამუშევარი „ქალი საათით“,  რომელიც 2023 წელს აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად იქცა.

1932 წელს შექმნილი პორტრეტი, რომელიც პიკასომ საყვარელ ქალს მარია-ტერეზა ვალტერს მიუძღვნა, 1966 წელს ბაზელის ბაილერის გალერეამ შეისყიდა მხატვრისგან, თუმცა, ორი წლის შემდეგ ნახატმა ნიუ-იორკის Pace Gallery-ში გადაინაცვლა. სწორედ ნიუ-იორკში შეიძინა ცნობილმა კოლექციონერმა ემილი ფიშერ ლანდაუმ ნამუშევარი, რომელსაც მთელი 50 წელი ფლობდა, თუმცა გარდაცვალების შემდეგ მისი უმდიდრესი კოლექციის – 400 მილიონ დოლარად შეფასებული 120 ნამუშევრის გაყიდვის უფლება Sotheby’s აუქციონის სახლმა მიიღო, რომლისთვისაც სწორედ პიკასოს „ქალი საათით“ იქცა წლის ყველაზე შემოსავლიან ფერწერულ ტილოდ.
ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი

11 დეკემბერს იაპონელმა ბეისბოლისტმა შოჰეი ოტანიმ 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კლუბთან „ლოს-ანჯელეს დოჯერსთან“, რომლის საერთო თანხამ 700 მილიონი დოლარი შეადგინა და ახალი რეკორდი დაამყარა მსოფლიო სპორტის ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ რეკორდულად კონტრაქტის საერთო ღირებულება ჩაითვალა, რადგან სეზონზე მიღებული შემოსავლის მიხედვით, იაპონელი ბეისბოლისტი არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ დაჯაბნა, რომელმაც თითქმის იგივე თანხა – 674 მილიონი დოლარი ოთხ წელიწადში (2017-2021) გამოიმუშავა კატალონიურ „ბარსელონაში“, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოამერიკული ლიგის რეკორდი ოტანიმ ნამდვილად დაძლია, რადგან წინა რეკორდმა, რომელიც პატრიკ მაჰოუმსმა დაამყარა ნაციონალური საფეხბურთო ლიგის კლუბთან „კანზას სითისთან“ გაფორმებული კონტრაქტით, მხოლოდ 450 მილიონი შეადგინა.

29 წლის ოტანიმ, რომელმაც 2023 წელს უმსხვილეს სანაკრებო ტურნირში – მსოფლიო ბეისბოლის კლასიკის პირველობაზე გაიმარჯვა იაპონიის ნაკრებთან ერთად, სამჯერ მიიღო მონაწილეობა ამერიკის ბეისბოლის მთავარი ლიგის „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ და ორჯერ გახდა ამერიკული ლიგის საუკეთესო მოთამაშე.

ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაცია

18 დეკემბერს ორგანიზაციამ World Population Review-მ ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა და ყველაზე მრავალრიცხოვან ნაციად ინდოელები დაასახელა, რომელთაც 1, 423 მილიარდი შეადგინეს და უკან ჩამოიტოვეს 1, 412 მილიარდი ჩინელი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვარაუდით, 2050 წლისთვის ინდოელები 300 მილიონით გაუსწრებენ ჩინელებს, რადგან დემოგრაფიული მაჩვენებლებიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს – მეტწილად საშუალო ასაკისა და ხანდაზმული ჩინელების ფონზე, ინდოეთის მოსახლეობა, რომლის დიდ ნაწილს მოზარდები და ახალგაზრდები შეადგენენ, საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება. მეტიც, სწორედ მათი ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოყენებით გეგმავს ინდოეთი ეკონომიკის განვითარებას, რომელიც დევიზით „პოტენციალი ცვლილებებისთვის – ძალთა ბალანსი აზიაში!“ განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება ბოლო ათწლეულში. წყარო

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი