„რუსთავი 2“ ახალ მუსიკალურ გადაცემას, „გული მღერის“ აანონსებს. გადაცემის წამყვანები ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სახეები, ნინო ჩხეიძე და ლაშა რამიშვილი იქნებიან.
გადაცემა ეთერში ახალი წლის პირველ საღამოს, 22:00 საათზე გავა და მაყურებელს საუცხოო სანახაობას ჰპირდება.
ნინო ჩხეიძე: ჩვენი ახალი გადაცემა „რუსთავი 2-ის“ ეთერში პირველი იანვრიდან გავა. ეს არის მუსიკალური გადაცემა, რომელიც ყოველ შაბათს, ჩვენს მაყურებელს გრანდიოზულ, ბრჭყვიალა კონცერტს შესთავაზებს. მოისმენთ სიმღერებს, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს. იხილავთ ცნობილ და ახალ სახეებს, იქნება ახალი სიმღერების პრემიერები, ძველი სიმღერების ახლებური ვერსიები, მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელის. ეს ზუსტად ის გადაცემაა, რომელიც ამ ეტაპისთვის ძალიან საჭიროა და ქართულ ტელესივრცეში ძალიან მოთხოვნადი იქნება.
– თქვენს თანაწამყვანზე რას გვეტყვით, როგორი ტანდემი შედგა?
– ლაშასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, თუმცა, როგორც მეწყვილე, „რუსთავი 2-მა“ დაგვაკავშირა. საოცრად კომფორტულია, ცდილობს, რომ მეც მაქსიმალური კომფორტი შემიქმნას. როგორი ტანდემი გამოგვივიდა, ამას ყველაზე კარგად მაყურებელი შეაფასებს, მაგრამ ჩვენ ძალიან აწყობილები ვართ და ჰარმონიულად ვგრძნობთ თავს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყოველი გადაცემა ისეთი იქნება, ყველას გულს რომ აამღერებს. ნახეთ ვიდეო
მასალის გამოყენების პირობები