“დიდი ხანია თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გამზრდელი მაინც ბათუმია და ბათუმელს ვეძახი თავს, ასე იქნება ყოველთვის”, – მეუბნება ბიზნესმენი მაია დოლიძე. ამ ქალბატონთან შეხვედრის და მასთან გასაუბრების სურვილი მას მერე გამიჩნდა, რაც მასზე გარშემო მყოფებმა მიამბეს: უსაზღვროდ ქველმოქმედი, არაერთი ტაძრის შემწირველი და ნამდვილი ადამიანიაო.
იოლი გზა არ აქვს გავლილი, მაგრამ მაინც, ყველაფრისთვის უფლის მადლიერია. ამბობს, რომ ღმერთის მფარველობას სულ გრძნობდა და ლოცვა აძლიერებდა. არაერთი მოძღვარი საუბრობს მის კეთილ საქმეებზე, თუმცა ამაზე ხმამაღლა, სახალხოდ ლაპარაკი თავად არ სურს, რადგან ფიქრობს, კეთილ საქმეებს არ უხდება აფიშირება.
გარდა იმისა, რომ წლებია, ბიზნესს უძღვება და ამ მხრივ ძალზე წარმატებულია, გაწევრებულია ბიზნესფედერაციაში “ქალები მომავლისთვის”; ასევე, საპატრიარქოსთან არსებული მორწმუნე ქალთა საზოგადოების წევრია… დანარჩენზე ქალბატონი მაია თავად გვიამბობს…
– ზოგ ქალს ალბათ მხოლოდ პრანჭიაობას დააბერტყავს უფალი, ზოგს კიდევ იმას, რომ ქალისა და მამაკაცის ფუნქცია ერთდროულად შეითავსოს. მხოლოდ ქართულ ლექსიკაში არსებობს სიტყვა “დედაკაცი” და მართლაც, ალბათ მსოფლიოს სხვა არც ერთი ქვეყნის ქალს ისეთი დატვირთვა არა აქვს და არც ისეთი პასუხისმგებლობა აკისრია, როგორიც ქართველს. ჩემი აზრით, ქართველი ქალი განსაკუთრებული და განსხვავებული ფენომენია.
– ასე რატომ ფიქრობთ, თქვენც რთული ცხოვრება გამოიარეთ?
– სირთულის რა გითხრათ… უბრალოდ, ბავშვობიდან ცოტა სხვანაირი ვიყავი. მიყვარდა შრომა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლების მხრიდან ფუფუნება არ მაკლდა. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც სტუმარმასპინძლობა პირველ ადგილზე იყო. რაჭა ჩემი დედულეთია და ჯერ კიდევ ბაბუაჩემის ოჯახს რაჭველები “დასავლეთში გასასვლელ ჭიშკარს” ეძახდნენ. ასეთ ოჯახსა და გარემოცვაში გაზრდილი ოჯახურ ტრადიციებს ვერ დავარღვევდი და სტუმარმასპინძლობა ჩემთვის დღემდე ძალზე ფასეულია.
– შრომა მშობლებმა შეგაყვარეს?
– არა, ეს უფრო თანდაყოლილ მოთხოვნილებას ჰგავდა. მაინტერესებდა სოფლის საქმეები. შრომისმოყვარე და თან, ძალიან ინტერესიანი ვიყავი. მიხარია და მადლობა უფალს, რომ დედაეკლესიის წიაღში ვარ და როცა ვლოცულობ, ყოველთვის შევთხოვ უფალს, შრომის საშუალება და რაც შეიძლება მეტი სიკეთის კეთების უნარი მომცეს. მაშინ ვარ ბედნიერი, თუ ვინმეს რაიმეში დავეხმარები. როცა ამის საშუალება მეძლევა, ის დღე ჩემთვის უბედნიერესია, რადგან სიკეთისა და სიყვარულის გარდა, ადამიანს სხვა რა შეუძლია?.. სრულად
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები