შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedმე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით ალილოზე... ჩამოვიმხეთ ქალის კოლგოტები..." - ძალიან...

მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით ალილოზე… ჩამოვიმხეთ ქალის კოლგოტები…” – ძალიან სასაცილო ამბავი

ეს სახალისო ამბავი სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“შობაზე სულ ერთი ისტორია მახსენდება, რომელიც ყველაზე ძალიან ჩამრჩა გონებაში. ბავშვები ვართ, ბნელი 90-იანებია. ახლა რომ სტიქაროსნები, მომღერლები, პრეზიდენტები და კოლმეურნეობის თავმჯდომარეები დადიან ალილოზე მეტრიანი ჯვრებით და ქოროებით, ისე არ ხდება.

ხანდახან ბავშვები ჩაიმღერებდნენ უკუნ სიბნელეში და ისიც ძალიან იშვიათად. ხოლო თუ ბოხი ხმა ერია, არც უნდა გასულიყავი…

მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, წავსულიყავით ალილოზე. წინა წელს ჩვენთან იყვნენ და ჩვენც გვინდა ახლა ტკბილეული შევმატოთ ოჯახს.

სახლში ერთი კი წავიკნავლე, ალილო როდის არის-თქო და რა ალილო, სირცხვილია, სად უნდა წახვიდე, ხალხს უნდა აფიქრებინო კამფეტებზე დადისო…არადა მაგას ვაპირებ ზუსტად და გავიტრუნე. კიდევ რომ ვახსენო,მიმიხვდებიან ჩანაფიქრს და ვერ მოვახერხებ გაპარვას, უფრო მკაცრად გამაკონტროლებენ.

ვეუბნები ამ ჩემს მეგობარს, სიმღერა ხომ ასეა: 25-სა დეკემბერსა, ალილო… ე.ი. 25-ია-თქო, იმანაც ჰო, ლოგიკურია, აბა, რაო, დამიდასტურა, და ვემზადებით მთელი კვირა, როდის დადგება 25.

სხვებმა იარონ 7-ში, ჩვენ ნამდვილ ალილოზე უნდა წავიდეთ.

მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი,სიხარული მივუტანოთ ხალხს.

ვიშოვეთ ცემენტის უზარმაზარი ტომარა, ეს ყველაზე დიდი იყო, რაც მოვიპოვეთ და მზადა ვართ.

სირცხვილიაო, რომ მითხრეს, ამიტომ ცოტა გული მეთანაღრება და ოჯახის ღირსების სადარაჯოზე მდგარმა, გადავწყვიტეთ სახეები დაგვეფარა. ისიც უფრთხილდებოდა რეპუტაციას.გვინდოდა კანფეტებიც მიგვეღო და თან ვერ ვეცნეთ ვერავის.

ამისთვის…… მოვიპარე სახლიდან ქალის კოლგოტები. ახალი ჰქონდა დედაჩემს გადანახული, ძლივს იშოვა ალბათ სადმე და არ შევარგე.

25-ში შევხვდით ქუჩის თავში, ჩამოვიმხეთ ეს კოლგოტები თავზე და წავედით.

შემოგვტენეს ამ ჩემი მეგობრის პატარა ძმა. ძალიან არ გვინდოდა, მაგრამ გარეთ ყოფნის აუცილებელი პირობა იყო, ეს თან გვყოლოდა და დავმორჩილდით ბედს.

მას წინდასავით მოვუჭერით, კალგოტის რაღაცა ნაჭერი, დავახურეთ და მეზობელ კორპუსს მივადექით.

ვაბრაგუნებთ, კარებს არავინ გვიღებს. თან გვრცხვენია. თან მივილტვით. ვაა, პირველი სართული არ აღებს, მეორე არ აღებს, მოვიწყინეთ. სად არის ეს ხალხი წასული ვერ ვხვდებით.

არადა, წარმოიდგინეთ, 90-იანი წლებია, შუქი არ არის, მხედრიონი დათარეშობს, ყოველ ღამით ვიღაცას აყაჩაღებენ და ვიღაც შუაღამით კარზე გიბრახუნებს და გაიხედავ – სამი უცნაური, მახინჯი არსება დგას, თავზე ჩამოცმული კალგოტებით. ხელში დიდი ტომრით.

თან კართან ხმას რომ გავიგებთ, ასანთს ვანთებთ. რომ გამოიხედავენ, კარგად შეგვათვალიერონ და ვერ ვხვდებით, რატომ არ უნდა გაუხარდეთ ჩვენი დანახვა.

ბოლოს მეოთხე თუ მეხუთე სართულზე კიდევ ერთ კარზე რომ დავაბრახუნეთ, ატყდა ჩოჩქოლი.

გამიშვი ამათ მ….. კარგის ტ … ს, ვინ უნდა შემაშინოს, – ყვირის კაცი.

არ დამღუპოოო, არ გახვიდე! – ქალის კივილი, ბავშვები ბღავიან, ვიღაცა მოთქვამს. ჩვენ გულგახეთქილები, უნდა მოვკურცხლოთ და იგლიჯება კარი და გამორბის კაცი, ხელში თოფით, უკან დედა, მამა, ცოლი, ბავშვები, კატა შეიარაღებულები ბოთლებით, კომბლებით, ცოცხით და ჩვენ ამ დროს განწირული ხმით, გულგახეთქილები ვიწყებთ ღრიალს:

25-სა დეკემბერსა, ალილოოოოოო… სიტყვებიც დაგვავიწყდა შიშისგან. ჩავიხვიეთ: ალილოოო… ალილოოო… ვკივივართ და ერთს ვოცნებობთ, არ ჩაგვაკლას ამ კაცმა.

კარებში ამ ოჯახის წევრების დაზაფრული, დაშოკილი სახეები მოჩანს, ხელში ლამის ფიწლები უჭირავთ მოღერებული.

სასწაული სურათია.

კინაღამ ჰეროდესავით დაგვაკლეს ქრისტეს დაბადებას.

ბოლოს მიხვდნენ, რაც ხდებოდა, ატყდა სიცილი.

ჩულქი რატო გახურავსო, ხატია?

მეთქი არ ვარ ხატია. სხვა ბავშვები ვართ… ოჯახი რომ არ უნდა შევარცხვინო, ეგ მახსოვს.

იმ ხალხს ისე გაუხარდა, მხედრიონი და ყაჩაღები რომ არ ვიყავით,2 კილო ხილი და სნიკერსი გვაჩუქეს.

სნიკერსი იმ დროს ასე სახლში თავისუფლად ჰქონოდა ვიღაცას და მერე სხვისთვის გაემეტებინა, ძალიან ფანტასტიკის სფერო იყო და სნიკერსი რომ დავინახეთ, რა გაგვაჩერებდა.

სანამ არ გაგვიღებდნენ, სად წავიდოდით… ფრთები გამოგვესხა.

მე არც ხმა მაქვს და არც სინდისი, მაგრამ თავს არ ვზოგავ, ვმღერი ბოლო ხმაზე. მელიზმებს ვაკეთებ ზედმეტი მონდომებისგან.

რაც მთავარია, ეს კოლგოტები არ მოგვიხდია.

ამ ხმაურზე სხვა სართულებმაც გამოიხედეს. ატყდა სიცილი. ყველამ დაგვპატიჟა, გავავსეთ ეს ცემენტის ტომარა ტკბილეულით და უბედნიერესები ვიყავი, ვიდრე ვიღაცამ ბებიაჩემს არ დაურეკა: რა საყვარელია, როგორ გაგვამხიარულა და რა კარგი რამე გააკეთესო.

ნახევარ წუთში მოირბინა ბებიამ და წამაპორწიალეს სახლში. ნახევარი ღამე მტუქსავდნენ, არასდროს მეჩხუბებოდა და მიკვირდა რა დავაშავე, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერ მოვიწყენდი. მეორე დღეს ველოდი. განძი მელოდებოდა.

დილით შევხვდით და ნადავლი გავიყავით. უდიდესი ქონება იმ დროისთვის: 10 მანეთი, ხილი და კანფეტები შეგვხვდა თითოს… სულ თანაბრად. სნიკერსი კი ერთი იყო და სახაზავის მეშვეობით გავჭერით სამად…

ახლა ელის უყვარს ძალიან ალილო და ელოდება, მეგობრებთან ერთად როდის წავა ხოლმე და მე სულ ეგ ამბავი მახსენდება.

სულ მინდა გავყვე.

ჩულქების გარეშე…”

ავტორი: Cheshire Cat

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი