2024 წლის იმ აბიტურიენტებმა, ვინც მისაღებ გამოცდებზე ისტორიას აბარებს უნდა გაითვალისწინონ, რომ ისტორიის ტესტი აუცილებლად ისე იქნება შედგენილი, რომ აბიტურიენტის ფაქტობრივ ცოდნას შეამოწმებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ამშვიდებს, რომ არცერთი დავალება, რომელსაც ტესტში შეიტანენ, არ გასცდება საგამოცდო პროგრამას და იმ მასალას, რაც მათ სკოლაში გაიარეს.
“რა წიგნებითაც ისტორიის საგანს მოსწავლეები სკოლაში გადიან, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ წარმატებით დაძლიონ ისტორიის ტესტი”, – აღნიშნავენ NAEC-ში.
მეცადინეობისთვის კი, აბიტურიენტებს ურჩევენ, რომ გასული წლის ტესტებით იხელმძღვანელონ.
ისტორიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი, მანანა ჯავახიშვილი დეკემბერში გამართული პირველი ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში პირველად და დეტალურად ხსნის ისტორიის ტესტთან დაკავშირებით წელს არსებულ სხვაობებს. მათ შორის, განმარტავს, როგორ იქნება დასმული კითხვები, რა არის ამოღებული პროგრამიდან, რა ჩაემატა, როგორ იქნება ტესტში წარმოდგენილი კონკრეტული დავალებები და დეტალურად ხსნის იმასაც, თუ რა არის მთავარი, რასაც გამოცდების ცენტრი გამოსაცდელისგან მისი ცოდნის შემოწმებისთვის ითხოვს.
“ფაქტოლოგიური კითხვები (მაგალითად თარიღებზე), რომლებიც მხოლოდ მეხსიერებაზე არის ორიენტირებული, ტესტში არ იქნება. ეს ჩვენთვის არ არის მისაღები. ჩვენი დავალებების მთავარი არსი ის არის, რომ აბიტურიენტმა შეძლოს მიზეზშედეგობრივი კავშირების დაჭერა. უმეტესწილად, კითხვა ასე იქნება დასმული – რამ განაპირობა ესა თუ ის მოვლენა სხვა მიზეზებთან ერთად, იმიტომ, რომ ეს არ ნიშნავს, მხოლოდ ერთი მიზეზი იყო. ისტორიაში, როგორც წესი, და მით უმეტეს მნიშვნელოვანი მოვლენები, მხოლოდ ერთი მიზეზით არასოდეს არის განპირობებული. ამიტომ, კითხვები ძირითადად სწორედ ასეა დასმული, რომ გავიგოთ არა ის, რამდენად იცით ზუსტი თარიღი ამა თუ იმ მოვლენის, არამედ, რამ განაპირობა ამ მოვლენის წარმოქმნა და რა იყო მისი შედეგი. გვაინტერესებს ამ მოვლენის გაანალიზება, დაკავშირება და ჩასმა ისტორიულ კონტექსტში”, – უხსნის 2024 წლის აბიტურიენტებს საგნის ხელმძღვანელი.
პროგრამიდან ამოღებული და ჩამატებული საკითხები
მანანა ჯავახიშვილის ინფორმაციით, ისტორიის პროგრამიდან ამოღებულია პრეისტორია, პირველყოფილი საზოგადოება და ფინიკია, რაც სხვა, ახალი საკითხებით ჩანაცვლდა:
“პროგრამაში ცვლილებები არის და ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ ამას, ვახალისებთ, რადგან ისტორიის პროგრამა ძალიან ვრცელია. მაგრამ ჩვენ თუ რაღაცას ვამატებთ, უფრო მეტი ამოგვაქვს პროგრამიდან. მაგალითად, წელს ჩვენ ჩავამატეთ ძალიან პატარა 12 ქვეკითხვა და ამოვიღეთ 15 ქვეკითხვა, რომ შეგვემსუბუქებინა ტესტი. მაგალითად პრეისტორიული ეპოქა და საერთოდ, პირველყოფილი საზოგადოება ამოვიღეთ, ასევე ფინიკია ამოვიღეთ, მაგრამ ჩავამატეთ მაგალითად შუმერები და ხეთები“.
ამოღებული დავალებები
გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ ილუსტრაციების დავალება არის ამოღებული, თუმცა ტესტი ისევ იგივე უნარებს ამოწმებს, რა უნარებსაც წინა წლებში ამოწმებდა:
“ამ თვალსაზრისით ცვლილება არ მომხდარა. ილუსტრაციის დავალება, შეიძლება მომავალშიც იყოს ტესტში, შესაძლოა, წელსაც იყოს, მაგრამ ის უკვე დახურული (სავარაუდო პასუხებით) ხასიათის იქნება. შესაძლებელია, რომ შემოსახაზ კითხვებში ილუსტრაციაც იყოს.
აბიტურიენტების კითხვაზე – “ამოღებული ღია საკითხები რაოდენობრივად გაზრდილ დახურულ დავალებებში შევიდა თუ არა, მანანა ჯავახიშვილი განმარტავს: “ამოღებულია სამი დავალება, ეს არის: ქრონოლოგიური პრინციპით დალაგება, (ეს იყო ყველაზე რთული დავალება ტესტში, რომელიც საკმაოდ უჭირდათ ჩვენს აბიტურიენტებს და რამდენადაც ეს უნარი ისედაც მოწმდებოდა, ამოვიღეთ); ასევე, ჩვენ ამოვიღეთ დავალება, რომელიც იყო ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს შედარება-ანალიზი და მესამე, რაც ამოვიღეთ, ეს იყო ილუსტრაციის ანალიზი. ამ სამმა დავალებამ ამოწურა თავისი თავი და რასაც ეს დავალებები ამოწმებდნენ, ტესტით ისედაც მოწმდება”.
ისტორიული მოვლენის, პიროვნების ან დოკუმენტის ანალიზის დავალება და მასზე მუშაობის პრინციპი
რაც შეეხება ისტორიის ტესტის დავალებას, რომელიც ისტორიული მოვლენის, პიროვნების ან ისტორიული დოკუმენტის ანალიზსა და შეფასებას გულისხმობს, როგორც მანანა ჯავახიშვილმა განმარტა, ის ღია სახის არის, მაგრამ მას, რა თქმა უნდა, ახლავს შეკითხვები, რომლებიც “აბიტურიენტს თავად წაიყვანს იმ პასუხამდე, რაც ევალება” და როგორც გამოცდების ცენტრში მიაჩნიათ, პრინციპში, ეს კომფორტში იქნება იმ თვალსაზრისით, რომ აბიტურიენტი უბრალოდ პასუხს გასცემს დასმულ შეკითხვებს. სრულად
მასალის გამოყენების პირობები