მილიონერებს ბევრი უცნაური თვისება ახასიათებთ და ეს არავის უკვირს, თუმცა ამერიკელმა ტერი კანმა გაოგნებული დატოვა არა მხოლოდ ახლობლები, არამედ მთელი ქვეყანა. უფრო სწორად, მისი მილიონერობის ისტორის მხოლოდ სიკვდილის შემდეგ დაიწყო. ადამიანმა, რომელსაც საკუთარი თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის არასოდეს არაფერი ემეტებოდა, 13 მილიონი ქველმოქმედებას მოახმარა.
დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ტერენს (ტერი) კანის უკანასკნელი ანდერძი შესრულდა. მთელი მისი ქონება, 13 მილიონ დოლარზე მეტი, საქველმოქმედო არაკომერციულ ორგანიზაციებს გაუნაწილდათ. კანმა ეს სამყარო 2021 წელს დატოვა, თუმცა მისი ანდერძის აღსრულების პროცესი მხოლოდ ახლა დასრულდა. მისი უკანასკნელი სურვილის შესრულებას ზედამხედველობას ადვოკატი დუეინ აიზეკი უწევდა. ის ერთ-ერთი იყო კანის ძალიან მცირერიცხოვანი მეგობრებიდან, რომელმაც კანის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო, რომ მისი მარტოხელა და ღარიბი მეგობარი სინამდვილეში მილიონერი იყო. თუმცა სრულ თანხაზე წარმოდგენა არც მას ჰქონია.
დუეინ აიზეკი
ტერენს კანი შეერთებული შტატების ყველაზე იდუმალი მულტიმილიონერი გახლდათ, რომლის შესახებ არავის არაფერი სმენია. ის ჩუმად სწირავდა მსხვილ თანხებს სხვადასხვა არაკომერციულ ორგანიზაციებს. რეკავდა, კითხულობდა, რა სჭირდებოდათ ამა თუ იმ ორგანიზაციაში და შემდეგ საჭირო თანხით აფინანსებდა. უმეტესობას მისი შემოთავაზება ბოროტი ხუმრობა ან თაღლითობა ეგონა და უარს ეუბნებოდნენ შეთავაზებული დახმარების მიღებაზე. ხოლო ვინც ენდო, მართლაც მიიღო მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება.
ვინ იყო ტერენს კანი
კანი ვიეტნამის ომის ვეტერანი იყო, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეხმარებოდა ხალხს.
მას ინდიანაპოლისში თითქმის არ იცნობდნენ. ის იქ 1976 წელს გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ აშშ-ს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტში მსახურობდა, ეხმარებოდა საქველმოქმედო ორგანიზაციებს. აიზეკმა კანი 1990-იანი წლების შუა პერიოდში გაიცნო, როდესაც ისინი სამედიცინო არაკომერციულ ორგანიზაციაში The Health Foundation of Greater Indianapolis-ში ერთად მუშაობდნენ.
ადვოკატი მეგობარს ახასითებს როგორც ჯიუტსა და ამაყს, რომელსაც კომუნიკაცია უჭირდა და ძალიან მარტოსული იყო.
კანი 1943 წელს არიზონაში დაიბადა. მამამისი იმავე ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტში ექიმად მუშაობდა. კან უმცროსმა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი ფსიქოლოგიისა და მმართველობის სპეციალობით დაამთავრა. შემდეგ კი ვიეტნამის ომში სამი წლის განმავლობაში იბრძოდა. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ვეტერანთა საქმეთა ოფისებში მუშაობდა ნიუ ორლეანსა და ნეშვილში. შემდეგ ინდიანაში გადავიდა.
როგორ ირკვევა, კანმა მილიონები ინვესტიციებითა და უკიდურესი ხელმომჭირნეობით გამოიმუშავა.
მას არასოდეს ჰყოლია ცოლი ან შვილები. 2003 წელს დედისგან მემკვიდრეობით გარკვეული ქონება მიიღო და როგორც აიზეკმა თქვა, მილიონერი სწორედ ამ თანხის „გონივრულ ინვესტიციებში“ დაბანდების წყალობით გახდა. მან ეს ქონება მრავალჯერ გაზარდა.
ცხოვრება სიღარიბეში
კანი ავადმყოფურად ხელმომჭირნე იყო. მაგალითად, არასოდეს ჰქონია მობილური ტელეფონი, რადგან ფიქრობდა, რომ ძვირი ღირდა. თუ დარეკვა სჭირდებოდა, გამვლელებს სთხოვდა დახმარებას.
იდუმალი მილიონერი პატარა სახლში ცხოვრობდა, სადაც 1976 წელს გადავიდა, ჰყავდა ძველისძველი მანქანა. ანდერძში მიუთითა, რომ სახლი გაეყიდათ და ფული ქველმოქმედებაში დაეხარჯათ. გარდა ამისა, მან აკრძალა ნებისმიერი მემორიალური ღონისძიების გამართვა და მის შესახებ ნეკროლოგის გამოქვეყნებაც კი.
მილიონერს, ქველმოქმედების გარდა, კიდევ ერთი გატაცება ჰქონდა: უყვარდა სპორტი და ინდიანაპოლისის ბეისბოლის, ფეხბურთის და კალათბურთის გუნდების ყველა მატჩზე ყიდულობდა ბილეთებს. თუ რაიმე მიზეზით მატჩებზე დასწრებას ვერ ახერხებდა, ბილეთებს ყიდდა და თანხას ქველმოქმედებისთვის ინახავდა.
მისმა ერთადერთმა მეგობარმა იცოდა, რომ კანის მშობლები ნაცისტური გერმანიიდან შეერთებულ შტატებში 1930-იან წლებში გაიქცნენ და რომ მას და ჰყავდა ჩიკაგოში, რომელსაც ვაჟი და ქალიშვილი ჰყავდა. კანი არასოდეს დაკავშირებია არც დას, არც მის შვილებს. კაცს, რომელიც სრულიად უცხო ადამიანებს მილიონებს ახმარდა, არასოდეს მოუკითხავს ოჯახის წევრები. ამის მიზეზი ყველასთვის უცნობი დარჩა. სრულად
მასალის გამოყენების პირობები