სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგანათლებარობოტის დახმარებით ადამიანებში სმენითი ჰალუცინაციები გამოიწვიეს — უჩვეულო კვლევის შედეგები

რობოტის დახმარებით ადამიანებში სმენითი ჰალუცინაციები გამოიწვიეს — უჩვეულო კვლევის შედეგები

სმენითი და ვერბალური ჰალუცინაციების შესასწავლად შვეიცარიელმა მეცნიერებმა უჩვეულო მიდგომას მიმართეს. კვლევის ფარგლებში მათ რობოტი დაიხმარეს და ჰალუცინაციები გამოიწვიეს ადამიანებში, რომლებსაც ფსიქიკური დაავადებების ისტორია არ ჰქონიათ.

ექსპერიმენტული მეთოდოლოგიის შესახებ პავო ორეპიკმა, ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევარმა და ნაშრომის თანაავტორმა, ისაუბრა PsyPost-თან ინტერვიუში. კვლევა ჟურნალში Psychological Medicine გამოქვეყნდა.

არსებული ნაშრომების თანახმად, ვერბალური და სმენითი ჰალუცინაციები — ხმებისა თუ სიტყვების გაგონება მაშინ, როდესაც ისინი ობიექტურ სივრცეში არსებული არანაირი წყაროდან არ მოდის — იმის შედეგია, რომ ტვინი საკუთარ ფიქრებს თავისივე ქმნილებად არ მიიჩნევს და ისე ამუშავებს, როგორც გარე სტიმულს. მიუხედავად ამისა, ფსიქიატრია და ნევროლოგია ამ ფენომენს საფუძვლიანად მაინც ვერ ხსნის.

სმენითი ჰალუცინაციები ხშირად შიზოფრენიას უკავშირდება. მეორე მხრივ, ხმები ზოგჯერ სხვა ფსიქიკური პრობლემების მქონე ანდა სულაც ისეთ ადამიანებსაც კი ესმით, რომელთაც არანაირი დიაგნოზი არ აქვთ. მეცნიერებმა ამის ზუსტი მიზეზი ჯერაც არ იციან.

საკითხის შესასწავლად პავო ორეპიკმა და მისმა კოლეგებმა (ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლა) 48 ჯანმრთელი ადამიანი შეკრიბეს. ცდისპირები, ანუ კვლევის მონაწილეები, თავისუფლად ფლობდნენ ფრანგულ ენას; მათ არ იცოდნენ, რა იყო კვლევის მიზანი.

თავდაპირველად მკვლევრებმა ცდისპირთა ხმები ჩაიწერეს, რომლებშიც ისინი 9 ერთმარცვლიან სიტყვას ამბობდნენ. ამ სიტყვებს უარყოფითი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სმენით-ვერბალური ჰალუცინაციებისას ხშირად უხეში ან ცუდი სიტყვები ესმით ხოლმე. ჩაიწერეს ცდისპირთათვის უცნობი ადამიანების ხმებიც, რომლებიც ამავე სიტყვებს ამბობდნენ.

ამის შემდეგ თვალახვეული ცდისპირები რობოტული ერთეულის ორ ნაწილს შუა დასვეს. ერთი მონაწილეების წინ იყო; ცდისპირებს სთხოვდნენ, რომ მისთვის ხელი მიერტყათ. მეორე რობოტული ნაწილი მათ უკან იყო და პირველი დარტყმის საპასუხოდ მონაწილეებს ზურგზე ეხებოდა.

მკვლევრებმა პროცესი ისე დაგეგმეს, რომ ორივე შეხება ერთდროულად წარმართულიყო — მეორე რობოტი ზურგზე სწორედ მაშინ ეხებოდა ცდისპირს, როცა ცდისპირი მიარტყამდა პირველ რობოტს. იყო ხანმოკლე შეყოვნებებიც, ანუ რობოტი რამდენიმე წამის დაგვიანებით ეხებოდა ადამიანს.

კვლევის შემდეგ ეტაპზე მეცნიერებმა მონაწილეების სმენა, მათი სმენის ზღურბლები, შეამოწმეს. ცდისპირებს თავიანთივე ხმის ჩანაწერები მოასმენინეს, რომლებიც მხოლოდ მომენტებში ირთვებოდა “ვარდისფერი ხმაურის” ფონზე — თეთრ ხმაურზე დაბალი სიხშირის მქონე ხმის, რომელსაც მეტად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. იგივე გააკეთეს უცხო ადამიანების ჩანაწერებითა და ვარდისფერი ხმაურითაც.

ამის შემდეგ მკვლევრებმა მხოლოდ ვარდისფერი ხმაური მოასმენინეს მონაწილეებს, ადამიანების ხმის ჩანაწერების გარეშე. ამ ხმას ზოგჯერ რობოტის შეხებებთან ერთად რთავდნენ, ზოგჯერ კი — მათ შემდეგ.

მონაწილეებს სთხოვეს, რომ ვარდისფერ ხმაურში ხმების გაგონებისას ღილაკისთვის დაეჭირათ, მოგვიანებით კი ეს ხმა აღეწერათ. ამის მიხედვით მეცნიერებს იმის დადგენა უნდოდათ, ადამიანები საკუთარ ხმას გაიგონებდნენ თუ უცხო ადამიანებისას.

არარსებული ხმები მონაწილეებს ყველაზე ხშირად სინქრონული დარტყმების დროს ესმოდათ. ცდისპირებმა აღნიშნეს ისიც, რომ ხმაურში საკუთარი ხმები უფრო ხშირად ესმოდათ, ვიდრე უცხო ადამიანების.

ორეპიკის განცხადებით, ამასთან ერთად ისიც შენიშნეს, რომ დელუზიური აზროვნებისაკენ მეტად მიდრეკილ ადამიანებს ხმები უფრო ხშირად ესმოდათ.

“ეს იმ თეორიას ამყარებს, რომ ჰალუცინაციებისა და დელუზიების მსგავსი გამოცდილებები გენერალურ პოპულაციაშიც კი ფენომენოლოგიურ სპექტრზე არსებობს”, — აღნიშნა მკვლევარმა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰალუცინაციებისა და დელუზიების გამოცდილება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და არა მხოლოდ მათ, ვისაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ.

საბოლოო ჯამში, უჩვეულო ექსპერიმენტი ერთგვარი ნაზავია კლასიკური განპირობებისა და ჩვენი მიდრეკილების, რომ შემთხვევით რაღაცებში კანონზომიერებები ვეძიოთ. ასეა თუ ისე, დაზუსტებით ვერც რაიმე დასკვნას გავაკეთებთ, იმის გარდა, რომ ტვინი ძალიან კომპლექსური ბიოლოგიური მექანიზმია და საოცრად ბუნდოვანი კანონზომიერებების შემჩნევა თუ მათი სულაც მოგონება შეუძლია. წყარო

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი