ვფიქრობ, ადვილი არ იქნება ისეთი ოჯახის მოძებნა, სადაც ოჯახის წევრებს არასოდეს უკამათიათ და ხმააწეული ტონით არ დალაპარაკებიან ერთმანეთს. ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება ბუნებრივია, თუმცა არცთუ იშვიათად ხდება, რომ ერთმანეთთან ჩხუბის, კამათის დროს გვავიწყდება ბავშვი და არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება მივაყენოთ მას. მშობლები, როგორც წესი, ცდილობენ დაიცვან შვილი გარეგანი უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედებისაგან, ღელავენ ტელევიზორის, კომპიუტერის უარყოფით გავლენაზე ბავშვის ფსიქიკაზე, მის ჯანმრთელობაზე და ცდილობენ დააწესონ გარკვეული შეზღუდვები მის მოხმარებაზე. თუმცა, არ ერიდებიან ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევას ხმააწეული ტონით, ჩხუბით ბავშვის თანდასწრებით, რაც არანაკლები ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ადამიანებს შორის ჩხუბი, კამათი ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში საგანგაშო არაფერი უნდა იყოს. მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დაახლოებით ორი წლის ასაკიდან ბავშვები ყურადღებით აკვირდებიან საკუთარი მშობლების ქცევას და კარგად ამჩნევენ დაძაბულობის ზრდას მათ შორის მაშინაც კი, როცა მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვებს არაფერი ესმით და ვერაფერს ხედავენ, რადგანაც ისინი თავის ოთახში იმყოფებიან. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბავშვები მწვავედ განიცდიან ფარულ კონფლიქტებსაც კი მშობლებს შორის, ისეთ კონფლიქტებს, რომლებიც არ ვლინდება აშკარა ჩხუბით და ერთმანეთის დადანაშაულებით. დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელებული ასეთი კონფლიქტებიც ნერგავს გაუცხოებას ოჯახში და სიცივეს ურთიერთობებში. ხშირმა კონფლიქტებმა, რომლებიც კონსტრუქციულად ვერ წყდება და პირიქით, ხმამაღალ საუბარსა და სკანდალებში გადადის, შეიძლება ბავშვის ფსიქიკა ეტაპობრივად გაანადგუროს.
ოჯახური კონფლიქტების შედეგები ბავშვის ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობისთვის:
- არცერთ ბავშვს არ შეუძლია ნორმალურად აღიქვას ის ფაქტი, რომ მისი მშობლები ერთმანეთს ხმააწეული ტონით ელაპარაკებიან, შეურაცხყოფას აყენებენ და მით უმეტეს ფიზიკურად ძალადობენ. ამ დროს ბავშვს ეუფლება ისეთი გრძნობები, როგორიცაა: შიში, გაუგებრობა, წყენა. რაც უფრო ხშირად მეორდება სკანდალები, მით უფრო ძლიერდება უარყოფითი ემოციები და ცოტა ხანში შეიძლება ისეთ დონესაც კი მიაღწიოს, რომ გადაიზარდოს სიძულვილში ახლობლების, გარშემომყოფების და საკუთარი თავის მიმართ. ამავე დროს, ასეთ გარემოში ბავშვი შეიძლება გაიზარდოს ემოციურად გაუწონასწორებელ ადამიანად ისტერიული თვისებებით, განუვითარდეს ნევროზი. მომავალში ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში ასეთ ბავშვებს, დიდი ალბათობით ექნებათ საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შფოთვა, შიში;
- კონფლიქტურ ოჯახურ გარემოში მყოფ ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს დანაშაულის გრძნობა მომხდარის გამო. ბავშვებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულან სრულფასოვან პიროვნებებად, დამახასიათებელია საკუთარი მშობლების ქცევის გამო დანაშაულის საკუთარ თავზე აღება. ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ მათი და არა ვინმე სხვის ბრალია, რომ მამა დედას უყვირის. იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის დანაშაულის გრძნობა მაქსიმუმს აღწევს, მას შეიძლება განუვითარდეს დეპრესია. ამ მდგომარეობაში მყოფი მოზარდები თვითმკვლელობამდეც კი შეიძლება მივიდნენ;
- არის შემთხვევები, როცა კონფლიქტურ გარემოში ბავშვს უჩნდება სიძულვილის გრძნობა ერთ-ერთი მშობლის მიმართ. ყველაზე ხშირად ეს გრძნობა ჩნდება მამასთან მიმართებაში, რადგან ბავშვები დედასთან უფრო მეტად არიან მიჯაჭვული. სიძულვილის გრძნობა აღმოცენდება იმის გამო, რომ ბავშვი ამ მშობელში ხედავს საფრთხეს, მისი თანდასწრებით ის განიცდის მხოლოდ ნეგატიურ ემოციებს, ეშინია, რომ დედას ტკივილს მიაყენებენ და ის იტირებს, ინერვიულებს. ამასთან, ბავშვს უყალიბდება უნდობლობა სამყაროს მიმართ; ეს კი მომავალში გაართულებს მის სოციალიზაციას, ურთიერთობებს გარშემომყოფებთან. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ასეთი ბავშვი შეიძლება გახდეს აგრესიული და გაბოროტებული;
- მოზარდს უყალიბდება მტრული დამოკიდებულებები საპირისპირო სქესის ადამიანების მიმართ. ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელთან შეჯახებასაც რისკავენ მშობლები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი აგრესიის კონტროლი, დაკავშირებულია იმასთან, რომ შეიძლება ბავშვს სიძულვილი საპირისპირო სქესის ყველა ადამიანის მიმართ გაუჩნდეს. ამის გამო, შესაძლოა გოგონამ მომავალში არასოდეს იფიქროს საკუთარი ოჯახის შექმნაზე, ბიჭი კი, დიდი ალბათობით, თავისი ქცევით დაიწყებს შურისძიებას ყველა ქალზე ამ სამყაროში;
- მშობლებს შორის კონფლიქტები შეიძლება გახდეს ოჯახში ქცევის არასწორი მოდელის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ბავშვში. მის მეხსიერებაში დროთა განმავლობაში ფიქსირდება ოჯახური ურთიერთობების ნიმუში, რომელსაც ის ყოველდღიურად ხედავს. ურთიერთობა ხმააწეული ტონით, ფიზიკური აგრესიით კონფლიქტების მოგვარება მისთვის თანდათან ოჯახური ცხოვრების ნორმად იქცევა. მომავალში გოგონა, რომელიც ბავშვობაში სისტემატურად ხედავდა, თუ როგორ ესხმოდა თავს მამა დედას, დიდი ალბათობით გაიზრდება „მსხვერპლად“ და ჩათვლის, რომ ვალდებულია აიტანოს ტირანი ქმარი. ბიჭი პირიქით, შეიძლება გახდეს დიქტატორი მეუღლე. სწორედ ამგვარად ყალიბდება მეუღლეთა ქცევის სცენარი მომავალ ოჯახში;
- ოჯახური კონფლიქტები, როგორც წესი, ბავშვისთვის სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმების მიზეზი შეიძლება გახდეს. ერთ-ერთი ყველაზე საშიში, სახიფათო და ამასთან ყველაზე გავრცელებული მოვლენა, რომელსაც მეუღლეებს შორის სისტემატური უთანხმოება და შეურიგებლობა იწვევს, ტრავმების განვითარებაა. ასეთ ოჯახში ბავშვი ყველანაირად ცდილობს დაიცვას თავი ყველა მისთვის ხელმისაწვდომი ხერხით: აგრესიული ქცევა, ჩაკეტილობა საკუთარ თავში, პრობლემისგან გაქცევა. ასეთ ბავშვებს აწუხებთ შფოთვა, რომელიც ხელს უშლის მათ მშვიდად ცხოვრებაში. ზრდასრულ ასაკში მათ აქვთ ინტრაპერსონალური კონფლიქტები, პრობლემები საკუთარ თავთან და დაქვეითებული თვითშეფასება;
- კონფლიქტურ ოჯახებში მყოფ ბავშვებში შეიძლება დაფიქსირდეს შენელებული განვითარება. ასეთ ოჯახებში არცთუ იშვიათად ბავშვები უფრო ნელა ვითარდებიან, ვიდრე მათი თანატოლები. ეს შეიძლება გამოვლინდეს ცუდად სწავლით, უყურადღებობით, გადაჭარბებული აქტივობით, თანატოლებთან პრობლემებით. ასეთ ბავშვს შეიძლება არ ესმოდეს, თუ სწორად როგორ დაამყაროს ურთიერთობა სხვა ბავშვებთან, რადგან ის მხოლოდ იმას ხედავს, თუ როგორ უყვირიან დედა და მამა ერთმანეთს;
იზრდება სტრესის ფონზე ფსიქოსომატური დაავადებების აღმოცენების რისკი. ბავშვი, რომელიც მუდმივად შფოთვის გამომწვევ გარემოში იმყოფება, ხშირად განიცდის ნეგატიურ ემოციებს, ავადმყოფობს ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე მისი თანატოლები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სტრესი ასუსტებს იმუნურ სისტემას. უბრალო ვირუსული დაავადებების გარდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბევრად უფრო სერიოზული დაავადებებიც, რაც დიდი ალბათობით დააზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას.
რეკომენდაციები – როგორ მოვაგვაროთ დაძაბული ოჯახური ურთიერთობები ჩხუბის გარეშე:
- მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ სრულიად შესაძლებელია ურთიერთობების გარკვევა და პრობლემის გადაჭრა ჩხუბის და ხმააწეული ტონით საუბრის გარეშე. საკუთარი პოზიციის, თვალსაზრისის დასაცავად და ჩვენი მოსაზრებების დასაფიქსირებლად სულაც არ არის საჭირო მთელი ხმით ყვირილი. მშვიდი, გაწონასწორებული მეტყველება გაცილებით უკეთესად აღიქმება თანამოსაუბრის მიერ, ვიდრე ყვირილი. მშვიდად წარმოთქმული არგუმენტები გაცილებით უფრო დამაჯერებლად ჟღერს, ვიდრე ჩხუბით, უხეშად ნათქვამი;
- მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა იყოს კონფლიქტის მიზეზი, არ ღირს, როგორც არ უნდა გვსურდეს ეს, შეურაცხყოფა მივაყენოთ ადამიანს და გამოვიყენოთ მისი თავმოყვარეობის და ღირსების შემლახავი ეპითეტები;
- ნუ დავიგროვებთ წყენას გულში. ადრე თუ გვიან ის „ამოხეთქავს“ და გრანდიოზული სკანდალი ურთიერთობაში უკვე გარდაუვალი იქნება, მას თავიდან ვეღარ ავიცილებთ. აუცილებელია ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა მისი აღმოცენების საწყის ეტაპზევე. ეს საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ნორმალური მიკროკლიმატი ოჯახში. თუ ჩვენ გვექნება პრეტენზიები ოჯახის წევრის მიმართ, უკეთესი იქნება მისი განხილვა მაშინ, როცა ჩვენი მოწინააღმდეგე კარგ გუნება-განწყობაზე, მშვიდ მდგომარეობაშია. შევარჩიოთ დიალოგის კონსტრუქციული ფორმა – ვისაუბროთ ჩვენს გრძნობებზე, სურვილებზე, შევთავაზოთ ვარიანტები სიტუაციის შესაცვლელად, მოვისმინოთ მეორე ადამიანის თვალსაზრისი;
- საუბრისას აქტიურად გამოვიყენოთ „მე“ – შეტყობინება. ნაცვლად იმისა, რომ ვუთხრათ: „შენ დამნაშავე ხარ. შენ არ შეასრულე პირობა, შენ არ დამირეკე“, გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები შემდეგი სიტყვებით: „მე ძალიან ვნერვიულობ, ჩემთვის უსიამოვნოა, მე არ მესმის, ვღელავ, განვიცდი“;
- თუ ვხედავთ, რომ ჩვენთან კონფლიქტურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანი ძალიან განერვიულებულია და უჭირს მოსმენა, გადავდოთ ურთიერთობის გარკვევა ერთი საათით, ერთი დღით, შესაძლოა ერთი კვირითაც. როცა დავმშვიდდებით, დავწყნარდებით და მშვიდად განვიხილავთ სიტუაციას, სრულიად შესაძლებელია, რომ გასარკვევი აღარაფერი იქნება, პრობლემა თავისთავად გაქრება;
- თუ კამათი გარდაუვალია, შევეცადოთ ურთიერთობა გავარკვიოთ ბავშვის თანდასწრების გარეშე – გავიდეთ მეორე ოთახში, გადავიტანოთ საუბარი იმ დროისთვის, როცა ბავშვს ეძინება ან არ იქნება სახლში. ვიპოვოთ გზები იმისთვის, რომ დავიცვათ ბავშვი უფროსების საქმეების გარჩევისაგან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავრცელებული შეცდომა, რომელსაც უფროსები ვუშვებთ, კონფლიქტში ბავშვების ჩართვაა; ხშირად მშობლები შვილში მოკავშირის პოვნას ცდილობენ და მომართავენ მას მეუღლის წინააღმდეგ. ასეთი ქცევა სერიოზული ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. რაც არ უნდა ხდებოდეს მშობლებს შორის, ბავშვს მუდამ უნდა სჯეროდეს, რომ ის ორივე მშობელს უყვარს და ერთნაირად საჭიროა, როგორც დედისთვის, ისე მამისთვის;
- თუ ბავშვი უნებლიედ მშობლებს შორის კონფლიქტის მოწმე გახდა, მათ ჩხუბს შეესწრო, ძალიან მნიშვნელოვანია დაველაპარაკოთ მას, ვკითხოთ თუ რას გრძნობს. აუცილებელია ბავშვს ვუთხრათ, რომ ის უყვარს დედასაც და მამასაც და მომხდარი ჩხუბი არავითარ შემთხვევაში არ შეცვლის მშობლების სიყვარულს მის მიმართ.
ბუნებრივია მშობლები წუხან იმის გამო, რომ მათმა ჩხუბმა შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვზე. კამათი – ეს ნორმალურია და ბავშვები ძალიან კარგად რეაგირებენ, როცა მშობლები უხსნიან, თუ რა იყო უთანხმოების მიზეზი. რეალურად ბავშვებმა შეიძლება ძალიან კარგი გაკვეთილი მიიღონ, როცა მშობლები უსაფრთხოდ, უმტკივნეულოდ გადაწყვეტენ სიტყვიერ „შეტაკებას“. ამან შეიძლება ასწავლოს მათ უკეთ მართონ საკუთარი ემოციები და ურთიერთობები ოჯახის გარეთ. მხოლოდ იმის გაცნობიერება, რომ შვილები არ უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი მშობლების ცოდვებზე და შეცდომებზე, შეიძლება დაეხმაროს მათ იმ უარყოფითი შედეგებისაგან თავის დაცვაში, რაც მშობლების ჩხუბს მოაქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვი ყოველთვის ნეიტრალური მხარე უნდა იყოს ოჯახური კონფლიქტების დროს. გაუმართლებელია მისი იარაღად გამოყენება მეორე მხარის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამან შეიძლება სერიოზულად დაარღვიოს მოზარდის ფსიქიკა. ეს მაშინ, როცა ნებისმიერი მშობლის უპირველესი მიზანი შვილის ფსიქოფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა იყოს. წყარო
მასალის გამოყენების პირობები