შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„განადგურებული ვარ! თუ ჩემი შვილის რაიმე სახის ბრალეულობა დადასტურდა, კანონის წინაშე აუცილებლად...

„განადგურებული ვარ! თუ ჩემი შვილის რაიმე სახის ბრალეულობა დადასტურდა, კანონის წინაშე აუცილებლად მკაცრად პასუხს აგებს!“ – აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის, თამარ გუდავას 20 წლის შვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინეს. ფაქტს აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ „უხერხულობის თავიდან ასაცილებლად“ თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით განცხადება დაწერა.

„ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე!“ – წერს მაღალჩინოსანი facebook-ზე.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირის მიმართ ბრალის წაყენებაზე განცხადება პროკურატურამ გუშინ, 5 მარტს გაავრცელა.

გამოძიების ვერსიით, პირველ მარტს, ორმა პირმა პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანა და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ გასაღების მიზნით განათავსა.

„მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიების ცნობითვე, ორივე პირმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) გათვალისწინებული დანაშაული.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  შანტაჟი დედისგან, სექსუალური ძალადობა და წონის პრობლემა - მარია კალასის ცხოვრების უცნობი დეტალები
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი