2008 წლის ომში გმირულად დაღუპული 37 წლის პოლკოვნიკის დავით ელიზბარაშვილის, შვილი, ვალერი ელიზბარაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებმაც მისივე თქმით, „ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით მამამისის სადღეგრძელოს დალევა და მისი გმირობის ქება-დიდება წესად იქცია”.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ეს კაცი მამაჩემია, პოლკოვნიკი დავით ელიზბარაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაცემული ქართველი გმირი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის მფლობელი (I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის) მისთვის სამშობლოსათვის ომი უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის მერხიდან დაიწყო და ბრძოლის ველზე გმირულად დაცემით დასრულდა.
მამაჩემი გმირი არ გამხდარა, ის ყოველთვის გმირი იყო. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იცხოვრა, როგორც გმირმა და დარწმუნებული ვარ, რა პროფესიაც არ უნდა აერჩია, იქნებოდა ის ადამიანი, ის გმირი, ვისაც ჩვენ ვიცნობდით. მისთვის „საქართველო უპირველეს ყოვლისა” იყო არა ფრაზა, არამედ ცხოვრების წესი.
ახლა კი მინდა მოგმართოთ იმ ადამიანებს, ვინც ბრტყელ- ბრტყელი სიტყვებით მამაჩემის სადღეგრძელოს დალევა და მისი გმირობის ქება-დიდება წესად იქციეთ, ხოლო სასმისის დაცლა გმირობა გგონიათ, აი ბრძოლის ველი, აი თქვენი სამშობლო, ახლა გაქვთ შანსი პატივი მიაგოთ ათასწლეულების მანძილზე დაღვრილ გმირთა სისხლს!
მამაჩემის სიკვდილი უაზრო არ ყოფილა! ათასწლეულების მანძილზე ქართველი ერის ბრძოლა უაზრო არ ყოფილა! ამის უფლებას არავის მივცემ და იმ იდეისთვის, რასაც საქართველო ჰქვია, მზად ვარ ყველაფერი დავთმო.
ამის მერე, სანამ სასმისს შეავსებთ და მამაჩემს ან ნებისმიერ გმირს ჩემი თანდასწრებით ახსენებთ, მზად იყავით ჩემს კითხვაზე საპასუხოდ, მე აუცილებლად გკითხავთ, სად იყავით მაშინ, როცა სამშობლოს ასე უჭირდა?
და გახსოვდეთ, ვერ მომატყუებთ, გეფიცებით ყველაფერს, რაც წმინდა გამაჩნია, პასუხს მოვთხოვ თითოეულ ფარისეველს, ვინც გაბედავს და ჩემი თანდასწრებით სამშობლოს და ჩვენს გმირებს ახსენებს. ყველა რუსთმომყვარე, რუსთმომწონე და რუსთმოსურნე ჩემი პირადი მოსისხლე მტრები იყავით, ხართ და იქნებით!”
მასალის გამოყენების პირობები