ყოველ კვირას, როდესაც „იმედის კვირა“ მთავრდება, მაყურებელმა იცის, რომ ეკრანზე განსაკუთრებული სიუჟეტი გამოჩნდება.
პოლიტიკური თემებით დატვირთული ეთერის შემდეგ სწორედ ეს რამდენიმე წუთი ხდება ერთგვარი ამოსუნთქვა, ემოცია და შთაგონება. ამ ისტორიების უკან კი ჟურნალისტი ელენე ცინცაძე დგას.
ელენე ამბობს, რომ ჟურნალისტობა ბავშვობიდან მისი ოცნება იყო. აინტერესებდა განსხვავებული ადამიანები, უჩვეულო ისტორიები და მათი საკუთარი ხედვით მოყოლა. კამერა და მიკროფონი მისთვის უცხო არასოდეს ყოფილა, ამიტომ პროფესიის არჩევაც მარტივი აღმოჩნდა.
„როცა „იმედის კვირაში“ მოვხვდი, მივხვდი, რომ ჩემი ადგილი აქ არის. ყოველ კვირას მაქვს შესაძლებლობა მაყურებელს ახალი ადამიანები და ახალი ისტორიები გავაცნო. როცა სიუჟეტს შედეგი მოაქვს და ადამიანების ცხოვრება იცვლება, ვხვდები, რომ მიზანს მივაღწიე,“ – ამბობს ჟურნალისტი.
მის კარიერაში არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ყოფილა, თუმცა განსაკუთრებული ადგილი კომპოზიტორ გია ყანჩელთან მუშაობას უჭირავს. გადამღებმა ჯგუფმა მასთან თითქმის ორი კვირა გაატარა.

არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ინტერვიუც. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ინტერვიუსთვის ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
„ინტერვიუს დასაწყისში ვუთხარი, ისეთი ამბები მომიყევი, რომ ყველაზე საინტერესო სიუჟეტი გამოვიდეს-მეთქი. მან კი მიპასუხა – შენ დამისვი საინტერესო კითხვები და გულწრფელად გიპასუხებო. როცა ეთერის შემდეგ ყველა მისი ციტატებით ლაპარაკობდა, მივხვდი, რომ ინტერვიუ შედგა.“

მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი ეკრანზე მხოლოდ რამდენიმე წუთიან სიუჟეტს ხედავს, მის უკან დიდი შრომა, მოგზაურობა, უძილო ღამეები და უამრავი ემოცია დგას. ელენე ამბობს, რომ ხშირად გადაღებებისთვის გათენებამდე იღვიძებენ, საათობით გადაადგილდებიან და ზოგჯერ ჭამაც კი ავიწყდებათ, რათა მაყურებლამდე ყველაზე საინტერესო ისტორია მიიტანონ.
ამჟამად ჟურნალისტი დიდ ბრიტანეთში გადაღებულ ორ ახალ სიუჟეტზე მუშაობს. ერთ-ერთი უინსტონ ჩერჩილის ისტორიასა და ბლენჰეიმის სასახლეს შეეხება, მეორე კი National Geographic Traveller-ის გასტრონომიულ ფესტივალს, სადაც საქართველომ დიდი წარმატება მოიპოვა.
ელენე ცინცაძე უკვე წლებია ამტკიცებს, რომ ჟურნალისტიკა მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის შესაძლებლობა, იპოვო ადამიანები, რომელთა ისტორიებიც აუცილებლად უნდა მოჰყვე, და მაყურებელს შეახსენო, რომ ყველაზე დიდი ამბები ხშირად სწორედ ადამიანებში იმალება.



