განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სკოლებში ე.წ. ეროვნული შეფასება დაინერგოს:
“ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ სკოლებში აუცილებელია, შემოვიღოთ, დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, იმისთვის, რომ თავად მასწავლებელმა იცოდეს, თუ რა შედეგებზე გადის. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის და თავად სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია, ეს მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროსთვის, სისტემისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, აღნიშნული პროცესი უკვე აქტიურად დავიწყეთ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მე-6 და მე-9 კლასში გვინდა, პირველ ეტაპზე, ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები შემოვიღოთ, რომლებიც სისტემას ნათელ სურათს მისცემს, თუ როგორ ვითარდება, რა დახვეწა და რა გაუმჯობესება სჭირდება.
მე-12 კლასში კი ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი შეფასება, რასაც ბავშვის სკოლიდან, ზოგადი განათლებიდან, უმაღლეს განათლებაში თუ პროფესიულ განათლებაში ტრანზაქციას ვეძახით. ესეც ბუნებრივია, მოაზრებული ცვლილება იქნება და საზოგადოებას სრულიად ახალ, საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის პროცესს შევთავაზებთ.
თუმცა, აქვე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მე-6-მე-9 კლასების პილოტირება 2025 წლიდან დაიწყება. 2026 წელს მე-12 კლასის პილოტირება დაიწყება. სრულად ეს სისტემა 2027 წლიდან ამოქმედდება”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.მშობელთა მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი მე-12 კლასში დაგეგმილ ცვლილებას მოჰყვა. ბევრმა მათგანმა მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა სამომავლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმებასა და უნივერსიტეტში პირდაპირ მე-12 კლასის გამოცდით ჩაბარებას დაუკავშირა.
ამიტომაც, შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ.
როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, ცვლილებები რამდენიმე წლის შემდეგაა დაგეგმილი და ამ ეტაპისთვის, იმაზე მეტი, რაც მინისტრმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას თქვა, უცნობია და არც კონკრეტული დეტალებია დაზუსტებული.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აცხადებს, მე-12 კლასში ე.წ. განმსაზღვრელი შეფასების დანერგვა და ამ ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა საერთაშორისო პრაქტიკაა. თუმცა, მინისტრმა გუშინვე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აქტიურად მუშაობენ იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის უმაღლეს განათლებაში ტრანზაქცია.
მასალის გამოყენების პირობები