დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად გაიხსნა ახალი ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი შემქმნელის, მირიან შველიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცეპტუალური ხასიათის რეტროსპექტივა, სახელწოდებით „მირო“, წარმოაჩენს მხატვრის შემოქმედების სამ მთავარ მიმართულებას: დაზგურ ფერწერას, კედლის მხატვრობასა და სცენოგრაფიას.
პოსტმოდერნისტმა მხატვარმა მირიან შველიძემ 1960-იანი წლების სხვა ქართველ სცენოგრაფებთან ერთად ე. წ. მხატვრის თეატრი შექმნა, რომელშიც სპექტაკლების მხატვრობამ დრამატული მოქმედების თანაბარი მნიშვნელობა შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ მირიან შველიძის შემოქმედება რეჟისორ რობერტ სტურუას საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
მირიან შველიძე სიცოცხლის ბოლომდე რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი მხატვარი იყო. მან შექმნა სცენოგრაფია რობერტ სტურუას ისეთი საეტაპო დადგმებისთვის, როგორიც არის: „დარისპანის გასაჭირი“, „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“, „კაცია-ადამიანი?!“ და სხვ. რუსთაველის თეატრის გარდა, იგი თანამშრომლობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის, გორის გიორგი ერისთავის სახელობის, ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრებისა და თავისუფალი თეატრის რეჟისორებთან. აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს თავისუფალ თეატრში ხელოვანის მუდმივმოქმედი მუზეუმი გაიხსნა.
მირიან შველიძის გამოფენა ეროვნული გალერეის პროექტია და ის პირველად ეწყობა თბილისის საგამოფენო სივრცეში. მანამდე გამოფენებს რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და წინანდლის სამუზეუმო კომპლექსმა უმასპინძლა.
გამოფენის კურატორია მაია ჩიკვაიძე.
ეროვნულ გალერეაში ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებელს 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები