ალტე უნივერსიტეტმა და იურიდიულმა ფირმა “Gelbakhiani Legal Services”-მა (GLS) პარტნიორობა დადეს, რომლის მიზანია სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების კარიერული განვითარებისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა.
შეთანხმების თანახმად, GLS სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მოსწავლე სამი სტუდენტის სწავლის ერთი სასწავლო წლის საფასურს სრულად დაფარავს. სტუდენტების შერჩევა განხორციელდება აკადემიური მოსწრებისა და მიღწევების საფუძველზე — შერჩევის პროცესს ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლა განახორციელებს.
“Gelbakhiani Legal Services” არის იურიდიული ფირმა, რომელიც კორპორაციულ და ინდივიდუალურ კლიენტებს სთავაზობს სრულყოფილ იურიდიულ და ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას. ფირმა სპეციალიზებულია რთულ ადგილობრივ და საერთაშორისო გარიგებებზე, სასამართლო დავებზე, ხელშეკრულებების მომზადებასა და საგადასახადო-საბაჟო საკითხებზე.
ალტე უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ახალ პარტნიორთან ერთად განაგრძობს სტუდენტებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ეკოსისტემის განვითარებას, სადაც ხარისხიანი განათლება გლობალური კარიერული წარმატების შესაძლებლობად გარდაიქმნება. აღნიშნული პარტნიორობა უნივერსიტეტის მიერ კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც სტუდენტებს პრაქტიკულ პროფესიულ გარემოსთან დაახლოების შესაძლებლობას აძლევს.
წყარო: · მოამზადა SheniGanatleba.ge-მ
იხილეთ ასევე: SheniEkimi.ge · SheniAmbebi.ge · განათლების რუკა

