საკრუიზო გემზე მუშაობას დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც. გარდა იმისა, რომ რთულია, ასევე გარკვეულ საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული, თუმცა მოგზაურობის მოყვარულთათვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა. სწორედ მოგზაურობის სიყვარულით აღმოჩნდა ლიკა გრიგალაშვილი კრუიზზე სამუშაოდ და როგორც თავად გვითხრა, შეძლო მისი ნომერ პირველი ოცნების ახდენა – ერთ წელში 21 ქვეყანა მოინახულა…
ლიკა გრიგალაშვილი: ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გემზე დავიწყებდი მუშაობას, არა იმიტომ, რომ წარმოუდგენელი იყო, უბრალოდ, ბავშვობაში ჩემი გატაცება არასდროს ყოფილა. ჯერ ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, შემდეგ კი – ტურიზმზე. ჩვენ გარშემო ჯერ კიდევ კოვიდი ტრიალებდა, როცა მეგობარმა მითხრა, რომ კრუიზზე წასვლას და იქ მუშაობას აპირებდა. ძალიან გამიკვირდა, რადგან მეგონა, გემზე დასაქმება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იყო შესაძლებელი. მეც გონებაში ჩამიჯდა კრუიზზე წასვლა, იმ დღიდანვე მიზნად დავისახე, გადავაგზავნე რეზიუმე და ჩემდა გასაკვირად, იმ დღესვე მივიღე პასუხი, რომ გასაუბრება ორ დღეში მექნებოდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან გასაუბრება ინგლისურ ენაზე მაიამიში იქნებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ძალიან კარგად ვიცი, ნერვიულობის დროს, დაბნეულობისგან სიტყვები მავიწყდება. გასაუბრებამ იდეალურად ჩაიარა, გამომიგზავნეს კონტრაქტი და შევუდექი საბუთების მოწესრიგებას, რაც ოთხ თვემდე გაიწელა, თუმცა არც ერთი წამით არ მიფიქრია გაჩერება და ბოლომდე ვიბრძოდი ამ სამსახურის მოსაპოვებლად.
– კრუიზის დირექტორის გუნდის წევრი ხართ. უფრო კონკრეტულად რა გევალებათ და რამდენად რთულია გემზე მუშაობა?
– კრუიზის დირექტორის გუნდს დაუღალავად მუშაობა გვიწევს, რადგან გვაქვს, ეგრეთ წოდებული, Emergency drill, Pax drill და ყოველ კვირეული drill-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენგანს გემზე აქვს ვალდებულებები. პირველ კონტრაქტზე გაგვატარეს ტრენინგები, რათა ვიცოდეთ, როგორ ვიმოქმედოთ საგანგაშო სიტუაციებში. მაგალითად, როგორ აღმოვუჩინოთ მგზავრებს პირველადი დახმარება, როგორ ჩავაქროთ ხანძარი, როგორ დავამშვიდოთ ჩვენი გუნდის წევრები და მგზავრები იმ შემთხვევაში, თუ გემს რაიმე დაემართება და ასე შემდეგ. სტუმრები რამდენიმე დღეში ერთხელ იცვლებიან, აუცილებელია, რომ თითოეულ მათგანს ავუხსნათ, რა უნდა მოიმოქმედონ საგანგაშო სიტუაციის დროს და როგორ მოირგონ საცურაო ჟილეტი. ჩვენს მოვალეობებში, ასევე, შედის, ენის შემსწავლელი პატარ-პატარა გაკვეთილები, თამაში ტრივია (ზოგადი განათლების შესახებ), გვაქვს ბინგო (ლატარია), სხვადასხვა აქტივობა, სპორტი და წვეულება.
– რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს გემზე ცხოვრებას?
– ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობ. ერთ დღეს საბერძნეთში იძინებ და მეორე დღეს ესპანეთში იღვიძებ. საოცარი შეგრძნებაა, როცა გარეთ გადიხარ და თუნდაც უკვე ნამყოფ პორტში, სრულიად ახალ ადგილებს პოულობ. საცხოვრებელში და საკვებში არ გიწევს თანხის გადახდა. იძენ უამრავ მეგობარს სხვადასხვა ქვეყნიდან, ეცნობი მათ კულტურას, ქვეყნებსა და ტრადიციებს. უარყოფითი ისაა, რომ კაიუტაში გვაქვს კონდიციონერი და არ გვაქვს ჟანგბადი. ღამღამობით ხშირად გავუღვიძებივარ უჰაერობას, თუ აუწევ სიმძლავრეს, რომ ისუნთქო, მაშინ ცივდები და უარესად ხდები. რამდენიმე დღე გადაბმულად რომ არ გახვიდე გარეთ, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს გამოკეტილი ხარ გალიაში და მარტივად გეწყება დეპრესია.
– მგზავრებს საქართველოს შესახებ თუ უამბობ?
– რა თქმა უნდა, ამერიკელებს, ძირითადად, შტატში ერევათ, ამიტომ სულ დაკონკრეტება მიწევს, რომ საქართველო ქვეყანაა. ევროპელების ნაწილს აქვს ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი რამ არ იციან. სულ ვსაუბრობ იმაზე, რომ ღვინო ქართველებმა გამოვიგონეთ, პირველი ევროპელების სამშობლო საქართველოშია, ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ენაა მსოფლიოში და ასე შემდეგ. ბევრი რუსეთთან გვაკავშირებს, რაზეც სრულყოფილ პასუხს ვუბრუნებ. ხანდახან მგონია, რომ ელჩის ვალდებულებაც მაქვს და ყველანაირ შანსს ვიყენებ იმისათვის, რომ საქართველოზე ვისაუბრო. ერთადერთი, ის მიკვირს, როგორ შეიძლება; იცოდე სად მდებარეობს: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველოზე გაგონილიც კი არ გქონდეს, თუმცა იმედი მაქვს, რომ მალე ყველა გაგვიცნობს.
– როდესაც ზღვაში ცურავთ, რა რეალური საფრთხე არსებობს და რისთვის ხართ მზად?
– ყველა სიტუაციისთვის თეორიულად და პრაქტიკულად ვართ მომზადებულები, სანამ ზღვაში გავცურავთ, წინასწარ მოწმდება ამინდი, თუ მცირედი საფრთხე მაინც არსებობს, გემი მიმართულებას იცვლის. მახსოვს, ისრაელის პორტები ომის გამო დაიხურა, უამინდობის დროს რამდენიმე პორტში არ შევსულვართ, საბერძნეთის ბოლო ხანძრების დროსაც ასე იყო. ასეთ შემთხვევებში, გემი სხვა პორტში მიდის ან მთლიანი დღის ზღვაში გატარება გვიწევს. კრუიზზე დამაგრებულია პატარა ნავები, ამ ნავებში იმაზე მეტი ადგილია, ვიდრე ადამიანების რაოდენობა. თუ ციდან გემზე ბომბი არ ჩამოაგდეს, დრო გვექნება, რომ გადავნაწილდეთ და გავცუროთ (იცინის). პატარ-პატარა საფრთხეები ყოფილა, დიდ საფრთხეს ჯერ არ გავმკლავებივარ და იმედია, არც მომიწევს.
– თავგადასავლებით სავსე სამსახური გაქვთ, რაიმე ისტორიას ხომ არ გაიხსენებდით…
– ორი კონტრაქტის განმავლობაში 21 ქვეყანა ვნახე, კიდევ ძალიან ბევრია სანახავი. თითოეულ ქვეყანასთან ულამაზესი მოგონებები მაკავშირებს. ყველას ვუსურვებ ოცნებებისა და მიზნების ასრულებას. ყველაზე კარგად მახსენდება, როცა მეორე კონტრაქტზე ჩემი მეგობარი შემხვდა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ კრუიზზე მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ძნელია, ყველა იმ სირთულის სიტყვებით გადმოცემა, რაც გამოვიარე. ეს გზა ნამდვილად არ იყო მარტივი. თუმცა, ახლა აქ ვარ, ვიხდენ ნომერ პირველ ოცნებას და ვმოგზაურობ.