XVIII- XIX საუკუნეების ტფილისი, რომელიც არა მხოლოდ ამიერკავკასიის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ითვლებოდა, ყოველთვის სიჭრელითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. კოლორიტულ ქალაქში, სადაც ევროპული და აზიური არქიტექტურა, დასავლური და აღმოსავლური ტრადიციები, ადგილობრივების გულუხვი მასპინძლობა და უცხოელი სტუმრების აღფრთოვანება ენაცვლებოდა ერთმანეთს, ნებისმიერი ეროვნების, რწმენისა და სოციალური ფენის წარმომადგენელი კომფორტულად და შინაურულად გრძნობდა თავს, რადგან უსაზღვროდ ხელგაშლილ და მადლიან ქალაქს ყველა საკუთარ სახლად მიიჩნევდა.
ტფილისური სტილი და მოდა
ტფილისელებს, რომელთაც ძალიან უყვარდათ პეწითა და მოხდენილად ჩაცმა, ყოველთვის ინდივიდუალური სტილი ჰქონდათ, რომლის სახასიათო თავისებურებებს პირველ რიგში, ქალაქის მრავალეთნიკური ფონი განსაზღვრავდა. თბილისელთა ტრადიციული სამოსის ტრანსფორმაცია XIX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო ქალაქის ყოფითი კულტურის ევროპეიზაციით, 80-იან წლებში კი, როცა ევროპულმა სტილმა მთელი ქალაქი “დაიპყრო”, ტფილისში რამდენიმე სამკერვალო და ევროპული საქონლის მაღაზია გაიხსნა, რომელთაც პრესაში გამოქვეყნებული განცხადებები უწევდნენ რეკლამას.
რა თქმა უნდა, უამრავი მუშტარი ჰყავდა მეიდანზე, “აზიური” ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სახელოსნოს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით მაინც მოდისტი, ვინმე პავლე გამყრელიძე სარგებლობდა, რომელმაც 1875 წელს გახსნა საკუთარი სამკერვალო მაღაზია და სწრაფად შეიძინა მუდმივი კლიენტები ქალაქის ელიტური საზოგადოებიდან. მართალია, ტფილისში რამდენიმე საწარმო მუშაობდა, მაგრამ ქსოვილი მაინც უცხოეთიდან – აბრეშუმი, ატლასი და ფარჩა სპარსეთიდან და ინდოეთიდან, ჩითი და ხავერდი კი, რუსეთიდან შემოჰქონდათ. დიდი მოთხოვნა იყო დაღესტნურ ნაბადზე, ფაფახსა და ლეკურ მაუდზე, რომლითაც მეტწილად მამაკაცის ზედა სამოსი იკერებოდა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში თბილისელები უპირატესობას კაშკაშა ფერებს, განსაკუთრებით წითელს, ყვითელსა და ჟოლოსფერს, მწვანეს, ცისფერს და იისფერს ანიჭებდნენ, მწუხარების დროს კი, შავით იმოსებოდნენ.
ტფილისელების ჩაცმულობით აღფრთოვანდა ბრიტანელი მოგზაური რიჩარდ უილბრაჰამიც: “მოხდენილ ტანსაცმელში გამოწყობილებმა ქართველებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ულამაზესი ერია მსოფლიოში. მამაკაცებს ტანზე მომდგარი ტუნიკა, მოკლემკლავიანი პერანგი და ფართო, აბრეშუმის აღმოსავლური შარვალი აცვიათ, აწკეპილი შავი ჩექმები კი, მუხლამდე სწვდებათ. წელზე მდიდრულად მოვარაყებული ხანჯლები და ქამარში გაყრილი დამბაჩები ამშვენებთ, თავზე კი, ცხვრის ტყავის დაბალი ქუდები ახურავთ. ტფილისელი ქალბატონები თავსაბურავს და კოჭებამდე გრძელმკლავიან პერანგებს ატარებენ, კოჭამდე სწვდებათ შარვალიც, რომელსაც შეიდიშს უწოდებენ. პერანგი და შეიდიში ტილოს, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილისგან იკერება”, – წერდა უილბრაჰამი, რომელმაც 1837 წელს იმოგზაურა საქართველოში.
* ქალის სამოსი –
XIX საუკუნის პირველ ნახევარში ელიტის წარმომადგენელი ქალბატონები მეტწილად ახალუხს – წელში გამოყვანილ, კალთებიან და წინ ჩახსნილ, დაბალსაყელოიან ან გულამოღებულ, გრძელსახელოიან და ვიწრომაჯიან სამოსს ატარებდნენ, რომელიც უცხოეთიდან შემოტანილი ფერადი აბრეშუმისა და თხელი მაუდისგან, ხავერდისა და სხვა ძვირფასი ქსოვილისგან იკერებოდა. დიდად ფასობდა სიასამურის ბეწვით გაწყობილი ქათიბი და ტოლომა – მხრებზე მორგებული, ყელთან ერთი სამაგრით შეკრული, უსახელო გრძელი ან მოკლე წამოსასხამი, რომელსაც მეტწილად ასაკოვანი ქალები ირგებდნენ ზამთარში.
ტფილისელი ქალი წარმოუდგენელი იყო ჩიხტიკოპის ანუ თავსაბურავის გარეშე, რომელიც თავზე დასადებ, თხემისკენ დაქანებულ მუყაოს ან ხის ბრტყელ რკალზე გადაკრულ სხვადასხვა ფერის ფარჩის ან ხავერდის, მოქარგულ ან შუბლის ქინძისთავით დამშვენებულ შუბლსაკრავს ანუ ლეჩაქს წარმოადგენდა. არისტოკრატი ქალბატონების ჩიხტა უფრო მაღალი, შუბლსაკრავი კი, მაქმანით იყო მორთული, მაშინ, როცა ღარიბი ქალები შედარებით დაბალ ჩიხტას, ქვრივები და მოხუცები კი, უმაქმანო ლეჩაქს ატარებდნენ. შუბლსაკრავის ერთი ბოლო აუცილებლად მკერდზე ჰქონდათ ჩამოშვებული, მეორეს კი, კისერზე იხვევდნენ.
თბილისელი ქალბატონები, რომლებიც ფეხსაცმელს აუცილებლად ნაქსოვ წინდაზე იცვამდნენ, მეტწილად ქუსლიან და ნახევრად ღია, ნალით დაჭედილ ქოშებს ან ფეხის წასაყოფ ფლოსტებს ატარებდნენ, რომელიც ფეხის წინა ნაწილს ფარავდა. უხვად იყენებდნენ მანდილოსნები კოსმეტიკასაც – ლოყებზე ფერუმარილს ისვამდნენ, თმას და წარბებს კი, შავად იღებავდნენ.
* მამაკაცის სამოსი –
მამაკაცის კოსტიუმი პერანგის, შარვლის, ახალუხისა და ჩოხისგან შედგებოდა. ახალუხი მოკლე, საყელოდამდგარი და გულდახურული შიდა სამოსელი იყო გულისპირზე ჯიბით. ზამთარში ტფილისელი მამაკაცები დასარჩულებულ ან დალიანდაგებულ ახალუხს იცვამდნენ, ზევიდან კი, შალის ჩოხას ირგებდნენ, რომლის სიგრძე მუხლის ქვევით ჩადიოდა. წელსქვევით ჩახსნილ ჩოხას ჩაჭრილი ზურგი და მკერდის ზოლზე მიკერებული სამასრეები, ნაკეცები, გახსნილი სახელოები და ამოჭრილი გული ჰქონდა, ღილკილოებით ან დუგმებით შეკრული ახალუხის გამოსაჩენად. წელზე ვერცხლის ქამარს იკეთებდნენ, რომელზეც ხანჯალს კიდებდნენ.
თავად-აზნაურების და შეძლებული მამაკაცების “გარდერობის” აუცილებელ ატრიბუტად ქულაჯა – წელში გადაჭრილი და ნაოჭასხმული სამოსი ითვლებოდა სწორი, გრძელი, ზოგჯერ იდაყვებამდე დაშვებული სახელოებით, რომელიც ძვირფასი, მეტწილად ლურჯი ან შინდისფერი ხავერდისგან იკერებოდა. ზამთარში თავად-აზნაურები ბეწვსარჩულიან ქულაჯას იცვამდნენ, გასაფორმებლად კი, ოქრომკედს ან სირმა-ქსოვილის ზონრებს, ფერად აბრეშუმს, ტყავის ნაჭრებს, ყაითანს (ფერადი ძაფისაგან დაწნულ ბრტყელ ზონარს) იყენებდნენ და დაკერებული ღილკილოებით იკრავდნენ გულისპირთან.
მაღალი წოდების მამაკაცთა ჭვინტიანი (წაწვეტებული და ცხვირაწეული) ფეხსაცმელი რბილი ტყავისგან იკერებოდა, ისე როგორც წაღები ანუ ჩექმები. პოპულარობით სარგებლობდა ქალამანიც ანუ დაუმუშავებელი ტყავის თასმებიანი თვითნაკეთი ფეხსაცმელიც წვივზე შემოსილი პაჭიჭებით.
გასტრონომიული დედაქალაქი: რას მიირთმევდნენ ტფილისელები
დედაქალაქის მკვიდრთა რაციონს ერთი მხრივ, მოსახლეობის ეთნიკურ-რელიგიური სიჭრელე, მეორე მხრივ, ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობა განსაზღვრავდა. ტფილისელ გლეხობას საკუთარი ბაღები, ბოსტნები, ვენახები ჰქონდა და დამოუკიდებლად ირჩენდა თავს, ვაჭრები და ხელოსნები კი, ბაზრებსა და სავაჭრო დუქნებში იძენდნენ პროდუქტს.
XIX საუკუნის ტფილისელებს, ვისთვისაც უმთავრესი მარცვლეული კულტურები იყო, განსაკუთრებით პური უყვარდათ. თონეში გამომცხვარი ლავაში ქალაქელებისთვის პურიც იყო და საკვების გასახვევიც, ხელსახოციც და თეფშიც. მართალია, ქალაქში ფეტვის ფუნთუშები და ე.წ. “ფრანგული” ღვეზელიც ცხვებოდა, მაგრამ განსაკუთრებული “ავტორიტეტით” მაინც ქადა და ნაზუქი სარგებლობდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ტფილისელებმა მაკარონს და ბრინჯს გაუსინჯეს გემო, რომლისგანაც ტკბილ ფლავსაც ამზადებდნენ შაქრითა და რძით და შილა-ფლავსაც ცხვრის ხორცითა და ხახვით.
საარქივო მონაცემებით 1860-იან წლებში ტფილისელები ყოველწლიურად 150 ათას ფუთამდე ძროხისა და ცხვრის ხორცს მიირთმევდნენ, რომელსაც ბაზარში ყიდულობდნენ ხბოს, ღორის და თხის, ქათმის, ინდაურისა და ბატის ხორცთან ერთად, კერძებიდან კი, მეტწილად ხაშს, ჩიხირთმას, ბოზბაშს, ყაურმას და ტოლმას ამზადებდნენ. მწვადი ყველა ტფილისელს ერთნაირად უყვარდა, ძეხვი კი, რომელიც გერმანელმა კოლონიზატორებმა შემოიტანეს, დედაქალაქელებმა XIX საუკუნის 20-იან წლებში დააგემოვნეს პირველად.
რძის პროდუქტებიდან განსაკუთრებული პოპულარობით ყველი სარგებლობდა, რომელიც მწვანილთან ერთად ნებისმიერი ქალაქური ტრაპეზის აუცილებელი შემადგენელი იყო. უპირატესობას ტფილისელები თუშურ ყველს ანიჭებდნენ, თუმცა, ევროპული სახეობების დაგემოვნების შემდეგ ნესვსა და საზამთროსაც პურსა და ყველს ატანდნენ. მაწვნით ქალაქელები ახლო სოფლებიდან მარაგდებოდნენ, კერძებს კი, ჯერ მზესუმზირის ზეთით, მერე ერბოთი ამზადებდნენ.
კარტოფილი მეტწილად გერმანელებისა და მალაკნების პროდუქტად ითვლებოდა, თუმცა დიდი მოთხოვნილება იყო ლობიოსა და თევზზე, რომლითაც ბაზრებს ადგილობრივი მეთევზეები ამარაგებდნენ, ვაჭრები კი, ამარილებდნენ ან კვამლში გამოჰყავდათ. კარგად იცნობდნენ ტფილისელი გურმანები ისეთ ძვირადღირებულ პროდუქტსაც, როგორიც ხიზილალა იყო. მასობრივად მიირთმევდნენ ქალაქელები თხილს, ნუშს და ქიშმიშს, ნიგოზს კი, სხვადასხვა კერძისა და გოზინაყის მოსამზადებლად იყენებდნენ.
XIX საუკუნის ტფილისურ ყავახანებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით მეტეხის ციხესთან გახსნილი კაფე სარგებლობდა, რომელიც ყავასთან ერთად აღმოსავლური კერძებითა და ნუგბარით უმასპინძლდებოდა სტუმრებს. ყავახანა მეტწილად აშუღთა თავშეყრის ადგილად ითვლებოდა, სადაც ყოველ საღამოს დისკუსია და კამათი, შაირობა და პოეტთა პაექრობა იმართებოდა. ქალაქის პრივილეგირებული ფენა ყავას სახლში მიირთმევდა, მეტიც XIX საუკუნის მზითვის წიგნში სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად ვერცხლისა და სპილენძის ყავის მოსამზადებელი ჭურჭელიც იყო მოხსენიებული. არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ჩაიც, რომელსაც აბანოებში სვამდნენ მუდმივად მოთუხთუხე სამოვრიდან. ალკოჰოლური სასმელებიდან ღვინო და არაყი ფლობდნენ უპირატესობას. ღვინო ყველა წვეულების, ლხინისა და ოჯახური სადილის აუცილებელი შემადგენელი იყო, არაყს კი, ტფილისელები მხოლოდ დილით, უზმოზე სვამდნენ მადის მოსაგვრელად.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი: კონკა, ელექტროტრამვაი, “მუხრანის ხიდის ბორანი”
XIX საუკუნის მიწურულს, ქალაქის მესვეურთა გადაწყვეტილებით გადაადგილების უკვე არსებულ საშუალებებს პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი – კონკა შეემატა. ცხენის წევაზე მომუშავე ტრამვაის ხაზმა, რომელიც ბელგიურმა ფირმამ “ელექტრონულმა საზოგადოება ჰელიოსმა” აამოქმედა 1883 წლის 10 მარტს, ვორონცოვის მოედანი დააკავშირა რკინიგზის სადგურთან მიხეილის ქუჩის გავლით. ერთ ხაზზე მოძრავი უსაფრთხო და მარტივი კონსტრუქციის კონკა – ღია ვაგონს წარმოადგენდა, რომელიც მგზავრების მოთხოვნითა და კონდუქტორის ზარის რეკვით ჩერდებოდა.
1904 წელს, სამარშრუტო ხაზის გაგრძელების შემდეგ, კონკა მიხეილის ხიდის გავლით ერევნის (თავისუფლების) მოედნამდე ადიოდა, გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტს, ვერის (ელბაქიძის) დაღმართს გაივლიდა და კირხესთან უერთდებოდა მიხეილის (დავით აღმაშენებლის) გამზირს. ტფილისის მოსახლეობისთვის კონკა გადაადგილების მოხერხებული და მეტად ხელმისაწვდომი საშუალება იყო, რადგან მგზავრობის საფასური, მარშრუტის გათვალისწინებით მხოლოდ 3-5 კაპიკს შეადგენდა.
კონკამ XX საუკუნის დასაწყისამდე იმუშავა, 1910 წელს კი, როცა ცხენებშებმულმა ტრამვაიმ ვეღარ შეძლო მასიურად გაზრდილი მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ქალაქის მმართველობას ახალი და ბევრად თანამედროვე ელექტროტრამვაის ამოქმედება გადააწყვეტინა. პროექტს ისევ ბელგიური “ჰელიოსი” ჩაუდგა სათავეში, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო კონკის 11-კილომეტრიანი ხაზის ელექტროწევაზე გადაყვანის და ტრამვაის ხაზების 10 კილომეტრით დაგრძელების ვალდებულება.
1904 წლის 25 დეკემბერს ტფილისში პირველი ელექტროტრამვაი ამუშავდა, მგზავრობის საფასური კი, რომელმაც 5-15 კაპიკი შეადგინა, ისევ მარშრუტმა განსაზღვრა. ტრამვაის ვატმანი მართავდა, ჟანდარმი კი, წესრიგს იცავდა და მგზავრების “სინდისიერებას” ამოწმებდა. ბელგიური ფირმა თითქმის 10 წელი მეურვეობდა ახალ სატრანსპორტო საშუალებას, 1915 წელს კი, ტფილისის თვითმმართველობას მიჰყიდა. 1918 წელს ტფილისში ტრამვაის 11 რეგულარული მარშრუტი მუშაობდა, განსაკუთრებული აქტუალობა ტრანსპორტმა კი, საბჭოთა რეჟიმის პერიოდში შეიძინა, როცა მშენებარე გარეუბნები ქალაქის ცენტრს დაუკავშირა და ერთი-ორად გაუმარტივა მგზავრებს გადაადგილება.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირს ბაგირზე მოძრავი ბრტყელძირა ნავი ანუ ბორანი აკავშირებდა, რომელსაც ხშირად “მუხრანის ხიდის ბორანსაც” ეძახდნენ მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მუხრანბატონის სახლთან ახლოს ავანანთ ხევზე გადებული “მუხრანის ხიდის” წყალობით.
მართალია, ბორანი მეტად მოსახერხებელი სატრანსპორტო საშუალება იყო, რადგან 2 ათასამდე მგზავრი გადაჰყავდა ყოველდღიურად ტვირთთან და შინაურ პირუტყვთან ერთად, მისი მოგება კი, ყოველ წელს 6 ათას მანეთს აღწევდა, მაგრამ 1911 წელს, როცა ინჟინრის, ევგენი პატონის პროექტით აგებულმა, ლითონის კონსტრუქციებისგან შეკრულმა ახალმა “მუხრანის ხიდმა” ძველი შეცვალა და პირველ შედუღებულ ხიდად იქცა ამიერკავკასიაში, ბორანმაც შეწყვიტა მუშაობა.
ტფილისური ბაზრები და “ჩარჩივაჭრები”
ვაჭრობა ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა ტფილისის ცხოვრებაში. 1880-იან წლებში ქალაქში რამდენიმე მსხვილი ბაზარი იყო, რომლებიც ადრიან დილას იწყებდნენ მუშაობას და გვიან ღამემდე აგრძელებდნენ. ხშირად ბაზრებს სავაჭრო რიგებსაც უწოდებდნენ იმ პროდუქტის დასახელებით, რომლითაც ვაჭრობდნენ. სწორედ ასე გაჩნდა ბამბის და რკინის რიგები, დღევანდელ შარდენის ქუჩას კი, ოდესღაც ბნელი რიგი ერქვა, რადგან წვიმის დროს პროდუქტის დასაცავად გადახურული ვიწრო ქუჩა ერთიანად ბნელდებოდა.
1880 წელს თბილისის მთავარ “სავაჭრო ცენტრად” თათრის მოედანზე გაშლილი ბაზარი ითვლებოდა, სადაც ყოველდღე 20 ათასამდე ადამიანი გროვდებოდა, რადგან არა მხოლოდ სავაჭრო, არამედ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილიც იყო, სადაც ბევრი ახალი ამბის გასაგებად მიდიოდა. “მოედანზე, ძირითადად, სურსათ-სანოვაგიანი სავაჭროები იყო განლაგებული. ჩრდილო-დასავლეთი მხარე ალაფხანას ეკავა, მოპირდაპირე მხარე კი – მეხაშეების რიგსა და სამეფო დუქნებს. ამ რიგების უკან “ბერძენხანა”, ანუ ბერძნების უბანი იყო ბერძნული ეკლესიით, სამხრეთ-დასავლეთიდან მოედანზე ციხის დიდი საყდარი გამოდიოდა, რომლის წინ მენაბდეებისა და მექუდეების დუქნები იყო ჩამწკრივებული. ამ მხარეს მოედანს ლილახანა (სამღებროს ქუჩა) ერწყმოდა, იქვე ვაჭრობდნენ ბაყლები, მეთევზეები და ყასბები, რომელთაც მოედნის უშუალო სიახლოვეს, მტკვრის ნაპირზე ჰქონდათ მოწყობილი სასაკლაო”.
მოედანზე ვაჭრობის მეტად საინტერესო წესი აღწერა იოსებ გრიშაშვილმაც: “თათრის მოედნის შუაგულში ყაფანი – დიდი სასწორი იყო გამართული, საიდანაც საქონელი მცხოვრებლებსა და ვაჭრებს ურიგდებოდა. როცა ყაფანზე ბაირაღი იყო ამართული, მაშინ სოფლიდან მოსული საქონელი ქალაქის მცხოვრებლებს უნდა ეყიდათ, სრულ 12 საათზე ბაირაღის დაშვება კი, იმას ნიშნავდა, რომ ვაჭართა და სოფლელთა აღებმიცემობა იწყებოდა”.
“სალდათის” ანუ “რუსის ბაზარში”, რომელიც მტკვრის მარჯვენა ნაპირზე იყო გაშლილი, სამუშაო დღეებში მხოლოდ პროდუქტი იყიდებოდა, უქმეებზე კი ე.წ. „იარმარკა“ ეწყობოდა და სწორედ ამიტომ შეიძინა ბაზარმა „იარმურკას“ სახელი. პირველი “იარმარკა” ტფილისში 1828 წლის შემოდგომაზე გაიხსნა დღევანდელი თავისუფლების მოედანზე, სადაც სავაჭრო რიგები ქალაქის გამგეობიდან სასულიერო სემინარიამდე გაიჭიმა. “იარმარკაზე” ადგილობრივი გარნიზონის ჯარისკაცები იკრიბებოდნენ, რომლებიც ძველმანებით – ფარაჯებით, ჩექმებით და თეთრეულით, ავეჯით, საოჯახო ნივთებითა და საყოფაცხოვრებო წვრილმანებით ვაჭრობდნენ, თუმცა, “სალდათის ბაზარი” მხოლოდ კვირადღეს იმართებოდა, როცა დადგენილი ბაჟის ნაცვლად მოვაჭრეები მინიმალურ გადასახადს უხდიდნენ ქალაქს.
საკუთარი ბაზარი ჰქონდათ მალაკნებსაც – XVIII საუკუნის რუსეთში შექმნილი ქრისტიანულ- ეთნოგრაფიული მოძრაობის მიმდევრებს, რომლებიც XIX საუკუნის 30-იანი წლებში ტფილისში ჩამოსახლების შემდეგ ჯერ რიყეზე სახლდებოდნენ, მერე ახალი კუკიის ტერიტორიაზე გადაბარგდნენ და სასაფლაოსთან ერთად საკუთარი ბაზრის მოწყობის უფლებაც მიიღეს. მალაკნები მეტწილად ხილით და ბოსტნეულით, თევზით და რძის ნაწარმით ვაჭრობდნენ, მით უფრო, რომ გავრცელებული ვერსიის თანახმად, სწორედ რძის სიყვარულით შეიძინეს სახელი, რომელსაც მარხვის დროსაც სიამოვნებით მიირთმევდნენ.
დიდუბის საკოლმეურნეო ბაზარმა კი, რომელიც საბჭოთა პერიოდში თბილისის ყველაზე დიდ სავაჭრო ობიექტად ითვლებოდა, 1920-იან წლებში შეიძინა “დეზერტირის ბაზრის” სახელი, რადგან სწორედ იქ ყიდდნენ დეზერტირი ჯარისკაცები საკუთარ იარაღსა და აღკაზმულობას. სხვათა შორის, 1912 წელს, ბაზრის ტერიტორიაზე (დღეს მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე) პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი მოეწყო თბილისის სპორტული საზოგადოების “სოკოლისა” და ბაქოს “ბრიტანულ კლუბის” გუნდებს შორის.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბაზრებში ე.წ. “ჩარჩივაჭრები” მომრავლდნენ, რომლებიც ადრიან დილას, ქალაქის შესასვლელთან ხვდებოდნენ გლეხებს, იაფად ყიდულობდნენ მათგან პროდუქტს, მერე კი, ბევრად ძვირად ასაღებდნენ. მართალია, ვაჭრობის წესისა და ფასის გაკონტროლების მიზნით ქალაქის გამგეობამ გარკვეული ნიხრი დააწესა და ბაზრის ზედამხედველი დანიშნა, მაგრამ “ჩარჩივაჭრების” “მორჯულება” მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა.
ღვინის აღმართი
ღვინითა და არყით მოვაჭრეთა რიგებს ძველ ტფილისში სირაჯხანა ანუ “მეღვინეთა სახლი” (სპარსულად “სირაჯ” – მეღვინე, “ხანა” – სახლის ნიშნავდა) ერქვა და მტკვრის ნაპირებზე იყო ჩამწკრივებული. პატარა სირაჯხანა ყოფილი შუაბაზრის, დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩის რეკონსტრუქციისას გაქრა, დიდი სირაჯხანა კი, მეტეხის ხიდთან იწყებოდა, გრძელ აღმართს გასდევდა და ავლაბრის გალავნის ქვევით კლდის ძირს მიუყვებოდა. მოგვიანებით, სასმელით მოვაჭრეთა ქუჩას “ღვინის აღმართი” ეწოდა და ალკოჰოლის მთავარ ბაზრად იქცა.
სირაჯები ანუ “ბითუმათ ღვინოების გამყიდავები” არა მხოლოდ ყიდულობდნენ ღვინოს, მერე კი, წვრილად ასაღებდნენ, არამედ მეღვინის, მიკიტნის, მევახშისა და შუამავალ-კომისიონერის ფუნქციასაც ასრულებდნენ. სირაჯხანაში ყოველთვის გაცხოველებული ვაჭრობა იყო გაჩაღებული და სასმელთან ერთად “დიდი ფულიც ტრიალებდა”. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ოცნებობდა ტფილისელი კინტო “ორთაჭალის ბაღზე, სირაჯხანის ღვინით სავსე რუმბებზე, “კუპრია” მეზურნე ბიჭსა და ტკბილად აბზუილებულ დუდუკზე”. XX საუკუნის პირველ ნახევარში სირაჯების საქმიანობამ აქტუალურობა დაკარგა და მალე საერთოდ გაქრა, თუმცა ღვინის აღმართმა სახელთან ერთად ძველი ტფილისის ყველაზე ცოცხალი და ხმაურიანი ქუჩის კოლორიტი მაინც შეინარჩუნა.
ტფილისური დუქნები
დარდიმანდ ტფილისელებს, რომელთაც ყოველთვის გულიანი მოლხენა იცოდნენ, არჩევანიც დიდი ჰქონდათ, რადგან დუქნის პატრონები არა მხოლოდ გონებამახვილური სახელებითა (“ტილიპუჭურას”, “ბაბაჭუას”, “ქოსების დუქანი” და სხვა) და ორიგინალურად გაფორმებული აბრებით, არამედ ბარაქიანი პურ-მარილითაც ცდილობდნენ მუშტრის მიზიდვას. მართალია, XIX საუკუნის დასაწყისში თბილისში მხოლოდ 200 დუქანი იყო, მაგრამ საუკუნის ბოლოს მათი რაოდენობა 500-მდე გაიზარდა. დუქნებს მეტწილად არისტოკრატი ფეოდალები და სამეფო გვარის წარმომადგენლები ფლობდნენ, რომლებიც ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს მრავალფეროვანი კერძებითა და საუკეთესო ღვინით მასპინძლობაში.
დუქნებს ხშირად სტუმრობდნენ პოეტები, მგოსნები და აშუღები. ლხინი ნაშუადღევს იწყებოდა და გვიან ღამემდე გრძელდებოდა. მოქეიფეები პირველ რიგში, მოუბარ და ენაკვიმატ თამადას ირჩევდნენ, რომელიც სუფრას უძღვებოდა, მერე კი, გემრიელი კერძებით, გრძელი სადღეგრძელოებითა და რიხიანი სიმღერებით ილხენდნენ, რადგან ქართული სუფრა არა მხოლოდ თავშექცევის, არამედ გაცნობისა და დამეგობრების საუკეთესო საშუალებაც იყო. XX საუკუნის დასაწყისში ტფილისური დუქნები ევროპულ სასტუმროებში გახსნილმა სასადილოებმა – ე.წ. ტრაქტირებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც უცხოელ სტუმრებთან ერთად მოდას აყოლილ ტფილისელებსაც უხვად უმასპინძლდებოდნენ ქართული და ევროპული კერძებით.
XIX საუკუნის კოლორიტული ტფილისის უნიკალურ თავისებურებად მტკვარზე გამართული ლხინი იქცა, რომელიც უცხოელ სტუმრებს აღაფრთოვანებდა, ქართველ პოეტებს კი, ლექსების წერას შთააგონებდა. მოქეიფეებს მდინარეზე გადებულ ტივზე აჰქონდათ მაყალი, იქვე კლავდნენ ბატკანს და გათენებამდე ილხენდნენ. ღამით, მცურავ ტივზე მოწყობილი ქეიფი მართლაც ჯადოსნური სანახაობა იყო, მით უფრო, რომ მთვარის შუქით განათლებული, წყალზე არეკლილი მოქეიფეების გრძელი ჩრდილები უცნაურ, მისტიკურ პერსონაჟებს ემსგავსებოდნენ.
ტფილისური ქარვასლები
მართალია, ტფილისში ყოველთვის უხვად შემოდიოდა უცხოური საქონელი, მაგრამ ქალაქელები მაინც ქარვასლაში “დაბანაკებულ” ადგილობრივ ხელოსნებს ანიჭებდნენ უპირატესობას, მით უფრო, რომ XVIII- XIX საუკუნეებში სწორედ ტფილისი ითვლებოდა ხელოსნური მრეწველობის ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრად ამიერკავკასიაში.
ქარვასლა – მასიურ სავაჭრო-სახელოსნო სახლს ერქვა, სადაც ადგილობრივებთან ერთად ჩამოსული ვაჭარ-ხელოსნებიც საქმიანობდნენ. უცხოელებისთვის ქარვასლა ერთგვარი ბაზარიც იყო და დროებით საცხოვრებელსაც, რადგან შენობის ზედა სართულებზე სასტუმრო, ქვედაზე კი, დუქნები და სახელოსნოები, შიდა ეზოში ცხენებისა და აქლემების სადგომი, სარდაფში კი, მასიური სათავსო-საკუჭნაოები იყო მოწყობილი.
ტფილისის ცნობილ ქარვასლებს შორის, უძველესი – როსტომ მეფის მიერ 1650 წელს გახსნილი ქარვასლა იყო, რომელიც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას განადგურდა. თუმცა, 1818 წელს სწორედ მის ნანგრევებზე აშენდა “არწრუნის ქარვასლა”, რომლის სამსართულიანმა შენობამ 33 სასტუმრო ოთახი, 25 დუქანი და რამდენიმე საწყობი გააერთიანა. უძველესი ქარვასლების რიცხვს მიეკუთვნებოდა “თეკლეს ქარვასლაც” – ეკლექტური შენობა, ევროპულ-მავრიტანული ფასადებითა და კლასიცისტურ-ისლამური ელემენტებით, რომელიც 1795 წელს სპარსელების მიერ დანგრეული “მეფის ფუნდუკის” ადგილას აშენდა და ერეკლე მეფის ასულის თეკლე ბატონიშვილის საკუთრება გახდა.
“სავაჭრო-სასტუმროებს” შორის განსაკუთრებული პოპულარობით “თამამშევის ქარვასლა” სარგებლობდა, რადგან 1840-იან წლებში, იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის მიერ დაპროექტებულმა ნაგებობამ სახელოსნოებთან ერთად თეატრიც დაიტია, სადაც 1874 წელს ვინჩენცო ბელინის ოპერა “ნორმა” დაიდგა. თუმცა, ტფილისური ელიტის თავშეყრის ადგილი ჯერ ხანძარს ემსხვერპლა, აღდგენის შემდეგ კი, უკვე საბჭოთა პერიოდში ერევნის მოედნის გაფართოებას შეეწირა.
ტფილისის სასტუმროები: “ლონდონი” და “ორიენტი”
ისტორიული მონაცემებით, პირველი სასტუმრო ტფილისში, 1818 წელს გახსნა ნაპოლეონის არმიის ყოფილმა ჯარისკაცმა, ვინმე ჟან-პოლმა, რომლის არც გვარი შემოინახა არქივმა, არც საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი. თუმცა, დაზუსტებითაა ცნობილია, რომ სწორედ მას ეკუთვნოდა XIX საუკუნის 20-იან წლებში მეტად პოპულარული “ფრანცუზის სასტუმრო”.
ევროპული ტიპის სასტუმროების ბუმი, რომელთა მფლობელები დედაქალაქში მცხოვრები უცხოელები იყვნენ, XIX საუკუნის ბოლოს დაემთხვა. მართალია, რესპექტაბელური “გრანდ-ოტელი”, “მადერი”, “ვეტცელი”, “კავკაზი” და “მაჟესტიკი” სტუმრებს კომფორტულ გარემოს, კეთილმოწყობილ ნომრებსა და საუკეთესო მომსახურებას სთავაზობდნენ, მაგრამ დანარჩენებს ფონზე მაინც “ლონდონი” და “ორიენტი” გამოირჩეოდნენ.
მცირე, თუმცა მეტად კომფორტული “ლონდონი” გერმანელი არქიტექტორის ოტო იაკობ სიმონსონის პროექტით აშენდა 1890-იან წლებში და ერთ-ერთი პირველი შენობა გახდა, რომელიც ჯერ ელექტროგანათებით, 1913 წელს კი, ავტოსადგომით აღიჭურვა. სასტუმროს გერმანელი რიხტერები მართავდნენ, სტუმრებს შორის კი, პეტრე ჩაიკოვსკი, კნუტ ჰამსუნი და ტერენტი გრანელი ირიცხებოდნენ. ამბობენ, თითქოს “ლონდონს” ქალაქში საუკეთესო რესტორანი ჰქონდა, სადაც ილია ჭავჭავაძეც ხშირად სადილობა. პირველი მსოფლიო ომის დროს სასტუმროს შენობა ლაზარეთს გადაეცა, ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ კი, მილიციის სამმართველო განთავსდა სარდაფში საკნებით. მოგვიანებით შენობაში მშრომელთა კულტურის ცენტრი მოეწყო, 1960-იან წლებში კი, საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა.
1890-იან წლებში აშენდა გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე 80-ნომრიანი სასტუმრო “ორიენტიც”, რომლის პირველ სართულზე რესტორანი, ზინგერის საკერავი მანქანების, გრამოფონებისა და წიგნის მაღაზიები მოეწყო. 1900 წელს, “ორიენტმა”, რომელიც უცხოელ სტუმრებს თარჯიმნებითა და მეეტლეებით ემსახურებოდა, ირანის შაჰი აღაფრთოვანა მასპინძლობითა და საუკეთესო სერვისით. მართალია, საბჭოთა ეპოქაში სასტუმრომ სტატუსი შეინარჩუნა, მაგრამ სახელი შეიცვალა და “ინტურისტი” გახდა, თუმცა, ცნობილი სტუმრების სიმცირეს არც მაშინ უჩიოდა. სწორედ “ორიენტში” დაბინავდნენ საქართველოში მოგზაურობისას ჯონ სტაინბეკი და რობერტ კაპა, ბორის პასტერნაკი, მიხეილ ბულგაკოვი და სერგეი ესენინი. სასტუმროში გარდაიცვალა აფხაზი ბოლშევიკი ნესტორ ლაკობაც, რომელიც გავრცელებული ვერსიის თანახმად ლავრენტი ბერიამ მოწამლა.
XX საუკუნის დასაწყისში “ორიენტი” მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცა, რადგან 1918 წელს სწორედ აქ დაიდო ბინა ჟურნალის ARS-ის გამომცემლობამ და ხელოვანთა კლუბმა “არტისტერიუმმა“, 1928 წელს კი, “ორიენტმა” პარიზიდან ახალდაბრუნებული დავით კაკაბაძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა.
დარეჯანის სასახლე (საჩინო)
საზაფხულო რეზიდენცია ერეკლე მეფის მეუღლისთვის, დარეჯან დედოფლისთვის 1776 წელს აშენდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ღვინის აღმართის ბოლოში, დღევანდელი ურბნისის ქუჩაზე, რამდენიმე წლის შემდეგ კი, ქვის გალავნით შემოსაზღვრული სასახლის ტერიტორიაზე თავად დედოფალმა ააგო წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის კარის ეკლესია. სასახლე, რომელსაც ხშირად “საჩინოსაც” უწოდებენ, რადგან კარგად ჩანდა ძველი ტფილისის ყველა უბნიდან, ძველი ციხესიმაგრის ნანგრევებზე აშენდა, კედლები, კოშკები და ბურჯები რიყის ქვისა და ქართული აგურის შერეული წყობით ამოივსო, კოშკის ზედა ნაწილი კი მომრგვალებული, ხისრიკულებიანი აივნით დამშვენდა.
დარეჯან დედოფლის სანქტ-პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, ეკლესია სასახლის კომპლექსთან ერთად ეგზარქოსმა თეოფილაქტემ შეიძინა და სასულიერო პირთა შვილებისთვის სემინარია, სამრევლო სკოლები გახსნა. მართალია, მოგვიანებით ტაძარი მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტრად იკურთხა, მაგრამ გასაბჭოების შემდეგ სასახლის მსგავსად, ისიც გადაკეთდა. 1970-იან წლებში კომპლექსში 26 კომისრის რაიონული მუზეუმი მოეწყო, 1980-იან წლებში კი, რესტავრაცია ჩაუტარდა, გვიანდელი მინაშენებისგან გაიწმინდა და ძველი იერსახის დაბრუნების შემდეგ ერთი მსახიობის თეატრს უმასპინძლა, რომელიც 1980-იანი წლების ბოლომდე მართავდა წარმოდგენებს. 1991 წელს ეკლესია საპატრიარქოს გადაეცა და ფერისცვალების დედათა მონასტრად იკურთხა.
ოპერის თეატრი
ტფილისის ოპერის თეატრი 1844 წელს დაარსდა ქალაქის მთავარმართებელის, დიპლომატ მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით, რომელმაც მანეჟის შენობაში მოაწყო სცენა. პირველი სპექტაკლი ახალ თეატრში 1845 წელს დაიდგა, რასაც ერთი წლის შემდეგ სიმფონიური მუსიკის სადებიუტო შესრულება, 1852 წელს კი, პირველი საბალეტო წარმოდგენა მოჰყვა. მართალია, ოპერის თეატრი სამი ათწლეული მასპინძლობდა „ოპერომანიით“ შეპყრობილ ტფილისურ პუბლიკას, მაგრამ ერთიანად განადგურდა 1874 წლის 11 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის დროს. დაიწვა დეკორაციები, კოსტიუმები, რეკვიზიტი და უმდიდრესი სანოტო ბიბლიოთეკა, გრიგოლ გაგარინის ფრესკები და საფრანგეთიდან საგანგებოდ ჩამოტანილი ბროლის ჭაღი. მონდომების მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა შენობის აღდგენა, ამიტომ ტფილისელთა თხოვნით, ქალაქის მესვეურებმა ახალი თეატრის მშენებლობა გადაწყვიტეს და არქიტექტორთა კონკურსი გამოაცხადეს, რომელშიც ვიქტორ შრეტერის პროექტმა გაიმარჯვა.
1200 მაყურებელზე გათვლილი “სახაზინო თეატრის” მშენებლობა, რომლის “პროტოტიპად” რიხარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი იქცა, 1880 წელს დაიწყო გოლოვინის პროსპექტზე და მთელი 16 წელი გაგრძელდა, 1896 წლის 3 ნოემბერს კი, მიხეილ გლინკას ოპერით “ივან სუსანინით” გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ მავრიტანულ სტილში ნაგები თეატრი, რომლის ფასადი და ინტერიერი უჩვეულო ორნამენტებით გაფორმდა, ერთ-ერთი პირველი აღიჭურვა იმ პერიოდისთვის ინოვაციური ელექტრონული განათებითა და ორთქლის გათბობის სისტემით.
კირხე და ტფილისელი გერმანელები
XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე პირველის ბრძანებით საქართველოში გერმანელები ჩამოასახლეს, რომელთაც სხვა რეგიონების მსგავსად ტფილისსა და მის შემოგარენშიც დააარსეს საკუთარი დასახლებები. ეკონომიკური დარგების განვითარების სანაცვლოდ შრომისმოყვარე გერმანელები ერთის მხრივ, სამხედრო სამსახურისა და გადასახადებისგან განთავისუფლდნენ, მეორეს მხრივ, საკუთარი სათემო, სასკოლო მმართველობისა და ლუთერანული სამრევლოების შექმნის უფლება მიიღეს.
1893 წლის 19 სექტემბერს ნოიტიფლისის დასახლებაში, მიხეილისა და კირკის ქუჩის კუთხეში, გერმანული თემის დაფინანსებით წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესიის – კირხეს მშენებლობა დაიწყო, რომლის პროექტი ოტო სიმონსონმა შეიმუშავა, მშენებლობის ხელმძღვანელობა კი, ლეოპოლდ ბილფელდმა ითავა. მოგვიანებით, ეკლესიასთან ზოგადსაგანმანათლებლო გერმანული გიმნაზიაც გაიხსნა, რომელმაც დისციპლინითა და სწავლების ახლებური მეთოდის წყალობით დაიმსახურა ტფილისური არისტოკრატიის მოწონება. თუმცა, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კომუნისტურმა რეჟიმმა გერმანელები მტრებად შერაცხა და უმეტესობა ქვეყნიდან გაასახლა, დახურა ეკლესიაც, რომელიც 1940-იან წლების ბოლოს, მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ გერმანელ ტყვეებს დაანგრევინა.
ხელოვნების მუზეუმი და უპოვართა სახლი
დღევანდელი ხელოვნების მუზეუმის შენობა, რომელიც თითქმის ორ საუკუნეს ითვლის, 1835-1838 წლებში აშენდა ცნობილი მეცენატის იაკობ ზუბალაშვილის ინიციატივითა და შვეიცარიელი არქიტექტორის ჯუზეპე ბერნარდოცის პროექტით. თავიდან შენობაში სასტუმრო მოეწყო, 1840 წელს კი, სასულიერო სემინარია გაიხსნა, თუმცა 1912 წელს სემინარიის ვაკეში, არქიტექტორ ალექსანდრე როგოისკის მიერ აშენებულ შენობაში გადასვლის შემდეგ მისი ადგილი ახალმა სასტუმრომ “ცარსკიე ნომერამ” დაიკავა, რომელსაც 1921 წელს, ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ “პალასი” ეწოდა.
დღეს “ზუბალაშვილების სახლად” წოდებულ შენობაში, რომელიც საქართველოში ევროპული არქიტექტურის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად ითვლება და ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმია. 1952 წელს გახსნილმა მუზეუმმა ქართულთან ერთად მსოფლიო ხელოვნების შედევრებსაც მოუყარა თავი. სწორედ მუზეუმშია დაცული შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხატების უნიკალურ ნიმუშები, დასავლეთევროპული კულტურის იშვიათი ექსპონატები და ხელნაწერი, რარიტეტული წიგნების კოლექცია.
1903 წელს 7 სექტემბერს თბილისში, სასამართლოს ქუჩაზე, ღატაკთა თავშესაფარი, ე.წ. “უპოვართა სახლი” გაიხსნა. მართალია, თავშესაფრის მოწყობის იდეა ნიკოლოზ ზუბალაშვილს ეკუთვნოდა, მაგრამ თავად მეცენატი, რომელმაც სწორედ ღარიბ ქრისტიანთა თავშესაფრის დასაარსებლად უანდერძა ტფილისის გამგეობას ქონების ნაწილი, საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებას ვეღარ მოესწრო, რადგან 1898 წელს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მეცენატის ანდერძი უპოვართა სახლს 60-მდე ღატაკის, აუცილებლად სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა – მართლმადიდებელთა, კათოლიკეთა, ლუთერთა და გრიგორიანელთა დაბინავებას ავალდებულებდა.
თავშესაფრის სამსართულიანი შენობა ბრწყინვალედ აღიჭურვა იმ პერიოდში უახლესი სამედიცინო, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ძვირფასი ავეჯით, ბინადრები კი, სრულად იქნენ უზრუნველყოფილი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით, სამოსითა და ოთხჯერადი კვებით. პირველ სართულზე ექიმის კაბინეტი, აფთიაქი და სამზარეულო, აბაზანები, სამრეცხაო და სადალაქო, მეორე და მესამე სართულებზე კი, ოთახები განლაგდა. საოცრად მყუდრო გარემო შეიქმნა შენობის ტერასულ, საუცხოოდ გამწვანებულ და მოპირკეთებულ ეზოშიც, რომელიც თავშესაფრის ბინადართა დასვენების საყვარელ ადგილად იქცა.
ალექსანდრეს ბაღი
1865 წელს, მეფისნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკის ინიციატივით, “ალექსანდრეს პლაცის” ტერიტორიაზე ევროპული ყაიდის ბაღი გაშენდა, რომელსაც სახელი შეუნარჩუნდა და “ალექსანდრეს ბაღი” ეწოდა. გერმანელი არქიტექტორის, ქაშვეთის ეკლესიის ახალი გალავნის პროექტის ავტორის ოტო სიმონსონიანის გადაწყვეტილებით, დამრეცი რელიეფის, ორ დონეზე გაშლილი ტერასებიანი ბაღი დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაიყო, მისი მოვლა და პატრონობა კი, ცნობილ ბოტანიკოსსა და ლანდშაფტის დიზაინერს ჰაინრიხ კარლ შარერს დაევალა. საბჭოთა პერიოდში ბაღს, რომლის ტერიტორიაზე მოწყობილი კაფე-რესტორანი, საგამოფენო და სავაჭრო პავილიონები ყოველთვის აქტიურად მასპინძლობდნენ სტუმრებს, კომუნარების სახელი ეწოდა, 1981 წელს, ქვემო ნაწილს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, 1991 წელს კი, 9 აპრილის ბაღის სახელი შეიძინა.
სარაჯიშვილის პავილიონი სამრეწველო გამოფენაზე
1888 წელს ქართველმა მეწარმემ დავით სარაჯიშვილმა კონიაკის ქარხანა დააარსა ტფილისში, რომელიც უახლესი ტექნოლოგიით აღიჭურვა და ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით შეუდგა უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლური სასმელს – კონიაკის, ლიქიორისა და არყის წარმოებას. ამასთანავე, სარაჯიშვილმა, რომელიც რამდენიმე ქარხანასა და საწყობს ფლობდა საქართველოსა და ევროპის ქალაქებში, 50-მდე დასახელების ალკოჰოლური სასმელის ექსპორტი უზრუნველყო ევროპისა და აზიის ბაზრებზე.
1901 წელს ტფილისში გამართულ სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო გამოფენაზე უკვე სახელმოხვეჭილმა მეწარმემ საკუთარი კონიაკის ქარხნის პავილიონი წარუდგინა საზოგადოებას, რომელიც 40-მდე სხვა პავილიონისგან შთამბეჭდავი მასშტაბითა და ორიგინალური გაფორმებით გამოირჩეოდა. “სიმშვენიერით, გარეგანის მორთულობითა და სილამაზით ყველას ბატონ სარაჯიშვილის პავილიონი სჯობია. იგი წარმოადგენს მაღალ კლდეს, რომლის თავიდგანაც ამაყად გადმოიყურება ჯიხვი. კლდის თავიდან წყალი გადმოჩანჩქარებს და ჩადის პატარა ტბაში, სადაც ჩინური იხვები დასცურავენ. საუცხოვო სანახავია სარაჯიშვილის პავილიონი განსაკუთრებით საღამოთი, როდესაც მთელი პავილიონი და დეკორაციები ელექტრონითაა განათებული”, – წერდა გაზეთი “ივერია”. აღსანიშნავია, რომ პავილიონის პროექტი, რომელმაც თითქოს გააცოცხლა ბრენდის ლოგოტიპი, სარაჯიშვილმა თავად შექმნა არქიტექტორ სვიმონ კლდიაშვილთან ერთად, დეკორატიულ რელიეფებზე კი, მოქანდაკემ იაკობ ნიკოლაძემ იმუშავა.
კავკასიის უმსხვილესმა სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო გამოფენამ, რომელსაც 1901 წლის სექტემბრის თვეში უმასპინძლა ტფილისის მთავარმა საგამოფენო დარბაზმა, კავკასიაში გავრცელებულ აგრარულ დარგებთან ერთად ადგილობრივი ფაბრიკა-ქარხნების ნაწარმი და სახვითი ხელოვნების ნიმუშებიც წარუდგინა სტუმრებს. სარაჯიშვილის პავილიონის მსგავსად მოწონება დაიმსახურა ბაქოს ნავთობის მწარმოებელთა მდიდრულმა პავილიონმაც ჭაბურღილის მოდელითა და მიწის სათხრელი მანქანებით, რომელმაც დეტალურად გააცნო დამთვალიერებელს ნავთობის მოპოვების პროცესი. მართალია, “კავკასიურ გამოფენას” ორ თვეში 160 ათასზე მეტი მნახველი ეწვია და უცხოელი სტუმრების მაღალი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ კომერციულად მაინც ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მოგების ნაცვლად მხოლოდ 25 ათასი მანეთით იზარალა.
ფუნიკულიორი და მუშთაიდის ბაღი
1900-იან წლებში მთაწმინდის პლატოს განაშენიანების გეგმა შემუშავდა, თუმცა შეუძლებელი აღმოჩნდა სატრანსპორტო კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ე.წ. “ზედა ტფილისის” ქალაქის ცენტრთან დაკავშირება. პრობლემის მოგვარება ბელგიელმა ინჟინერმა ალფონს რობიმ ითავა, რომლის ინიციატივით, ახალი უბანი ძველ ქალაქს სამთო ტრამვაით – ფუნიკულიორით დაუკავშირდა.
ფუნიკულიორის შენება 1903 წლის სექტემბრის თვეში დაიწყო უცხოელი ინჟინრების მონაწილეობით. დიდი წვლილი შეიტანა მშენებლობაში ნიკო ნიკოლაძემაც, რომლის წყალობით უმოკლეს დროში შესრულდა რკინა-ბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის. ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა საზეიმოდ, რასაც ნიკო ფიროსმანმა ფერწერული ტილო მიუძღვნა, ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ კი, რომელიც 45 წლის მანძილზე მეურვეობდა ფუნიკულიორს, სოლიდური თანხა დააწესა იმ ენთუზიასტებისთვის, ვინც პირველი გაბედავდა “ცაში გამოკიდული” ვაგონით მგზავრობას.
მუშთაიდის ბაღი XIX საუკუნის პირველ ნახევარში გააშენა ირანელმა დიდგვაროვანმა მირ-ფეთე-აღა სეიდ თავრიზელიმა, აზერბაიჯანში ირანელი შიიტების რელიგიურმა ლიდერმა – მუჯთაჰიდმა. მოგვიანებით, სეიდ თავრიზელიმა რუსეთის იმპერიის სამსახურში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება და ძალიან გაანაწყენა შაჰი, რომელმაც მუჯთაჰიდს სამშობლოში დაბრუნება აუკრძალა და ისიც ქართველი მეუღლის წყალობით დასახლდა ტფილისში. წარჩინებული სამსახურისთვის მუჯთაჰიდმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიიღო საჩუქრად მიწის ნაკვეთი, სადაც ბაღი გააშენა და მუშთაიდი უწოდა, მის მოსარწყავად კი, 12-კილომეტრიანი არხი გაიყვანა მტკვრიდან.
1845 წელს შაჰის მიერ შეწყალებული მუჯთაჰიდი სამშობლოში დაბრუნდა, ბაღმა კი რამდენიმე პატრონი გამოიცვალა და მნიშვნელოვნად გაფართოებული, თავისი პავილიონებით, რესტორნებითა და საზაფხულო თეატრით ქალაქელების თავშექცევის საყვარელ ადგილად იქცა. 1935 წელს მუშთაიდის ბაღში მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა გაიხსნა სამი სადგურით, თითქმის 2-კილომეტრიანი ლიანდაგითა და მასზე მოძრავი მინიატიურული ორთქლმავლით, რომელსაც ოთხი ვაგონი ჰქონდა ჩაბმული.
მუშთაიდის ბაღში მოწყობილ უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებას, გამოფენასა თუ სანახაობას შორის, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ფრანგი აერონავტის ჟან ბედეს შოუ აღმოჩნდა, რომელმაც 1882 წელს, პირველად ამიერკავკასიაში, სწორედ მუშთაიდის ბაღიდან გაუშვა საჰაერო ბუშტი, ნიკო ფიროსმანმა კი, მუშთაიდის თეატრის სცენაზე ნახა ფრანგი “აქტრისა მარგარიტა”, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა.
კინტოები და ყარაჩოხელები
კინტოების კასტა შუა საუკუნეების სპარსეთში ჩამოყალიბდა ორ კატეგორიად. ნაწილი დიდგვაროვანთა კარზე მსახურობდა ე.წ. “ხელის ბიჭად”, წყალს ეზიდებოდა და თამბაქოს ჰყიდდა, ნაწილი კი, ვაჭრობითა და “აფერისტობით” ირჩენდა თავს. “კინტომ რომ არ მოიტყუოს, ალბათ, მოკვდება. მაგათ ტყუილი და აფერისტობა ისე აქვთ გვამში გამჯდარი, რომ ხშირად ერთმანეთსაც ატყუებენ და არც უკვირთ”, – წერდა სპარსელი ისტორიკოსი, რომელიც კინტოებს სომხებად მიიჩნევდა, თუმცა უძველეს სპარსეთში, სადაც ყველა ჯიშისა და ჯურის ადამიანი ცხოვრობდა, კინტო არა იმდენად ეთნიკურ, რამდენადაც სოციალურ ჯგუფს მიეკუთნებოდა, რომელიც დეგრადირებულ ადამიანებს, მათ შორის გადაჯიშებულ და დასაჭურისებულ ქართველებსაც აერთიანებდა.
ტფილისში კინტოები სპარსეთის ბატონობის პერიოდში ჩამოასახლა როსტომ ხანმა ქართველების ზნეობრივი გახრწნის მიზნით, რათა ირანს ქვეყნის ინტეგრირება გამარტივებოდა. ჩვეული, სტერეოტიპული სახე კინტომ მე-19 საუკუნეში შეიძინა, როცა ირანი რუსეთმა შეცვალა, ახალ ცხოვრებას მორგებული კინტო კი, ვაჭარიც გახდა, აფერისტიც და ხელზე მოსამსახურეც. “კავკასიაში ბევრი ირანული ყოფის ხალხია, ტფილისში ყველგან გადააწყდებით ირანელი კინტოებივით გამოწყობილ ნახევარკაცებს, რომლებიც ხალხს ატყუებენ”, – წერდა ირანელი გენერალი მეჯოდ-ოს-სალტანე “ქალაქ თბილისის აღწერაში”. “რაც თურქებმა ვერ ქნეს იმას კინტოები გვიშვრებიან! ქალაქელებს რყვნას ასწავლიან ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ”, – ამბობდა დავით ორბელიანი, იაკობ გოგებაშვილმა კი, გაზეთ “კვალში” აღნიშნა: “დღეს ტფილისში იმდენი სასირცხვო ხალხი ცხოვრობს, სათვალავი, რო აერევა კაცსა. ქალაქში კინტო-მატრაბაზები ყველას ყვლიფავენ და შავზე თეთრს იმტკიცებიან”.
მართალია, თავისებური ჩაცმა-დახურვით გამორჩეული კინტოს, რომელიც XX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩა ტფილისს, ბევრი ყარაჩოხელთან აიგივებს, მაგრამ სინამდვილეში, განსხვავებული სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს ბევრი არაფერი აქვთ საერთო. გულმართალი და პატიოსანი ყარაჩოხელები (თურქულად “შავჩოხიანები”) რიგითი ქალაქელები, მუშები და ხელოსნები იყვნენ, რომელთაც სინდისის საკუთარი კოდექსი ჰქონდათ და პრაქტიკულად კანონგარეშე, მხოლოდ უსტაბაშის მიერ დადგენილი წესებით ცხოვრობდნენ. უსამართლობისა და ძალმომრეობის მოძულე, სუსტთა და ჩაგრულთა ქომაგი, ქალაქსა და მეგობრებზე მზრუნველი ყარაჩოხელები ყოველთვის გაურბოდნენ ჩხუბსა და აყალმაყალს, პირიქით, შრომაც დარბაისლური იცოდნენ და მოლხენაც. ტფილისი წარმოუდგენელი იყო ყარაჩოხელების ლხინისა და დროსტარების გარეშე, რადგან ყოველთვის ხელგაშლილად ხარჯავდნენ საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს. ტფილისში ლეგენდაც კი არსებობდა ყარაჩოხელ ალექსაზე, რომელმაც 100 თუმანი იპოვა ორთაჭალის ბაღში, თუმცა გადანახვის ნაცვლად, მდიდრული სუფრა გაშალა და მთელი კვირა იქეიფა მეგობრებთან ერთად.
წარმოსადეგი, ბრგე და მხარბეჭიანი ყარაჩოხელის სიტყვა თამამი და მართალი იყო, მაშინ როცა მშიშარა და მატყუარა კინტო გაცვეთილი, შაბლონური ფრაზებით ლაპარაკობდა და პირფერობა უყვარდა. “გაქსუებულ კინტოს ვაჟკაცური არაფერი ჰქონდა, პირიქით, თავისი დამტვრეული მიხვრა-მოხვრითა და ოკრო-ბოკრო სიარულით, ხშირად ცუღლუტი და ლაზღანდარა კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა”.
მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა კინტოსა და ყარაჩოხლის ჩაცმულობაც. ყარაჩოხელი გრძელკალთებიან, შავ შალის ჩოხას ატარებდა უღილკილებოდ, რათა კარგად გამოჩენილიყო სარტყელის ფოჩი ახალუხის ნაოჭქვეშ. გულამოჭრილ წითელ აბრეუმის პერანგზე შავი ატლასის ან ყარამანდული წვრილნაოჭიანი ახალუხი ეცვა, განიერი შარვალის სათავეში კი, რომელიც შალისაგან იკერებოდა, აბრეშუმის ფოჩიანი ხონჯარი ჰქონდა გაყრილი, საშინაოდ ქოშებს, საგარეოდ კი, ერთადლიან პუჭპუჭებიან წაღებს ატარებდა. თავზე “გალიბანდის”, ე. წ. “წიწაკა” ქუდი ეხურა, სამკაულად კი, ვერცხლის გობაკებიანი ქამარი ეკეთა ბაღდადით, ვერცხლის ჩიბუხითა და ჩიბუხის ქისით.
კინტოს წინწკლებიანი, მაღალსაყელოიანი ჩითის პერანგი ეცვა მარცხენა გვერდზე შესაკრავით. საყელოზე ოთხი ღილაკი ეკერა, მაგრამ საკინძე ყოველთვის გაღეღილი ჰქონდა. უბრალო ქსოვილის მოკლე, ნაოჭიან ახალუხს ატარებდა, წვრილ ფეხებს კი, წინდებში ჩატანებული უბეგანიერი უმოსავდა. მონაოჭებული, შავი სატინის შარვალი, იმდენად განიერი იყო, რომ ტოტებს ხშირად ფოთლებივით შრიალი გაჰქონდა. თავზე ქეჩის ბრტყელი ქუდი ეხურა, ფეხზე კი, უქუსლო ჩუსტი, ზოგჯერ ყელდაკეცილი “დაწყობილი ჩექმა” ეცვა. გულზე ძეწკვიანი საათი, წელზე აბრეშუმის წითელი სარტყელი ან ვერცხლის აბზინდიანი, ვიწრო ქამარი ეკეთა აბრეშუმის ან ჩითის ხელსახოცით. აღსანიშნავია, რომ კინტოს სამოსი, ისე როგორც მისი ცეკვა მხოლოდ სპარსულია და არაფერი აქვს საერთო ქართულ კულტურასთან. მეტიც, ძველ სპარსეთში “კინტოური” ქალების ცეკვა იყო, მამაკაცები კი, მხოლოდ XIX საუკუნეში აცეკვდნენ.
“ტფილისური პროფესიები”: დერციკები, დაბაღები და თულუხჩები, მენახშირეები, მეთევზეები და მრეცხავები
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ტფილისში წვრილ ვაჭარ-ხელოსანთა კორპორაციები მომრავლდა, რომელთაც ერთი ხელობისა და პროფესიის ხელოსნები გააერთიანეს. თავიდან ამგვარ გაერთიანებებს არაბული “ანსაფი” ეწოდა, მოგვიანებით კი, “ამქრის” სახელი შეიძინა, რაც სპარსულად თანამოსაქმეობას ნიშნავდა და თავისი წესდება, უსტაბაში, სალარო, დროშა და ხელობის დამცველი წმინდანი ჰყავდა.
ამქრებს შორის ყველაზე მასიური გაერთიანება “დერციკებს” ანუ თერძებს ჰქონდათ, რომლებიც ქართულ სამოსს, მეტწილად ჩოხა-ახალუხს, ქულაჯას, ხონჯრიან განიერ შარვლებს კერავდნენ და დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდნენ, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში, როცა ევროპეიზაციის ფონზე ტფილისელების გემოვნებასთან ერთად მათი “გარდერობიც” შეიცვალა, ქართველი “დერციკები” ევროპული ყაიდის მოდისტებმა ჩაანაცვლეს.
სხვა ხელოსნების მსგავსად, ამქარში იყვნენ გაერთიანებული დაბაღებიც, რომელთაც წავკისისწყლის ქვედა დინებაზე, მტკვრის შესართავთან, მეტწილად აბანოების უბანში ჰქონდათ სახელოსნოები ანუ დაბახანები. ტყავს დაბღები გოგირდის წყაროებში ამუშავებდნენ და სწორედ ამიტომ ითვლებოდა ტფილისი ამიერკავკასიის მედაბღეობის ცენტრად.
დაბაღანა სამ ნაწილად – ტყავის პირველადი დამუშავების, ბეწვის გაცლის და დათრიმვლის განყოფილებად იყოფოდა. საქონლის ტყავს დაბაღები კირნარევ წყალთან ერთად დაფქულ თრმილსაც აყრიდნენ, თაღრში ალბობდნენ და ფეხებით ჭყლეტდნენ, ერთი ღამით ტოვებდნენ, დილით კი, ისევ ამუშავებდნენ, დემურით ასუფთავებდნენ და გასაწურად კეტებზე კიდებდნენ. მერე ისევ წყალს ასხამდნენ და ერთი დღე-ღამე ხეებზე გაფენილს აშრობდნენ. დილას ჯაგრისით წმენდდნენ და ბრტყელპირა ჩაქუჩით უსწორებდნენ ნაპირებს. მოგვიანებით, ტყავის დამუშავების მეთოდის გასაუმჯობესებლად დაბაღებმა ეთილის გამოყენება დაიწყეს, რომელიც ნესტისგან აშრობდა და გამძლეობას მატებდა ტყავს.
სასმელი წყლით XIX საუკუნის ტფილისი მეტწილად მდინარე მტკვრიდან მარაგდებოდა. მიუდგომელი, დახრამული ადგილების გამო, ჩუღურეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან წყალსაქაჩი დაიდგა, ეკლესიასა და წყალსაქაჩს შორის კი, ვიწრო ჩასასვლელი ბილიკი გაკეთდა წყლის მზიდავებისთვის ანუ თულუხჩებისთვის, რომლებიც მხრებზე მოკიდებული ან სახედარზე აკიდებული თულუხებით დაატარებდნენ წყალს. თულუხი ხარის ან კამეჩის ტყავისგან მზადდებოდა და დაახლოებით 16 ლიტრამდე წყალს იტევდა, ფართო პირიდან ივსებოდა, ჩამოსასხმელად კი, ვიწრო ყელი, ე.წ. სახელო გამოიყენებოდა.
წყლის ფასს მანძილი განსაზღვრავდა მტკვრის ნაპირიდან და საშუალოდ 1-3 კაპიკს შეადგენდა, თუმცა, გაყიდული წყლის საფასურს თულუხჩი კვირის ბოლოს აგროვებდა მუშტრებისგან, როცა მის საანგარიშო ჯოხზე 20 ნაჭდევი გროვდებოდა. მართალია, ტფილისში 240-მდე თულუხჩი საქმიანობდა, მაგრამ 1887 წელს, როცა ქალაქის განვითარებასა და მოსახლეობის მატებასთან ერთად, წყალზეც გაიზარდა მოთხოვნილება, ქალაქის მმართველობამ რამდენიმე წყალსაქაჩი აამოქმედა. რა თქმა უნდა, ტფილისში საგრძნობლად გაუმჯობესდა წყალმომარაგება, თუმცა ეტაპობრივად გაქრა მეთულუხჩეების პროფესია.
გათბობის ძირითად საშუალებას ძველ ტფილისში ხის ნახშირი წარმოადგენდა. მენახშირეები ტფილისთან ახლოს, ტყეებში საგანგებოდ გამართულ ორმოებში წვავდნენ შეშას, ვარგისი ნახშირი კი, სახედრებით ჩამოჰქონდათ ქალაქში. თავიდან ნახშირი შეშის მოედანზე (დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩაზე) იყიდებოდა, XIX საუკუნის მეორე ნახევარში კი, ვაჭრობამ თათრის მოედანზე გადაინაცვლა.
ტფილისელები ოდითგანვე მტკვარზე თევზაობდნენ, სადაც სხვადასხვა სახეობის თევზი – მურწა, ხრამული, ქაშაყი და კაპარჭინა (ლეშა) ბინადრობდა. ყველაზე მოსახერხებელი ბადით თევზაობა იყო, თუმცა მეთევზეები ხშირად ანკესს, ფაცერს, ჩანგალსა და გოდორსაც იყენებდნენ, თევზს კი, ბაზარში აბარებდნენ, სადაც ვაჭრები როგორც ცოცხალ, ისე დამარილებულ თევზს ყიდდნენ.
XIX საუკუნის “ტფილისურ პროფესიათა” შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მრეცხავის საქმიანობა იყო. სოფლად დიასახლისები მდინარესთან, წყაროსთან ან ტბასთან რეცხავდნენ სარეცხს, ქალაქის მოსახლეობა კი, ვისაც არც წყალი ჰქონდა, არც შესაბამისი პირობები, მომქანცველი საქმიანობისგან თავის დასაღწევად, სამრეცხაოში აბარებდა საკუთარ სამოსსა და თეთრეულს.