ბრუნო ვეფხვაძემ „რომაული გაზაფხული” ორი წლის წინ თბილისში დახატა და როგორც თავად აღნიშნა, მაშინ არც კი უფიქრია, რომ მის ნამუშევარს მთვარეზე გაუშვებდნენ.
„ყოველ გაზაფხულზე აყვავებულ ხეებს როცა ვუყურებდი, ყოველთვის მინდოდა ამ სილამაზის ტილოზე აღბეჭდვა და დავხატე ეს აყვავებული ნუშის ტოტები… სურათი სახელად „რომაული გაზაფხული“, საერთოდ არ არის კავშირში იტალიასთან. ლარნაკში მოთავსებულია თბილისის გარეუბანში შეგროვებული ყვავილები”, – განაცხადა ვეფხვაძე.
მისი თქმით, ნახატს მთვარისკენ გზა გაუხსნა ამერიკული საერთაშორისო სახელოვნებო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ხელოვნების აღორძინების ცენტრის” მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებამ.
„ხელოვნების აღორძინების ცენტრი” ყოველ წელს ატარებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ კონკურსს რეალისტური სახვითი ხელოვნების დარგში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები მონაწილეობენ.