ვერაფერი მერევა, რადგან ძალიან დიდი სიყვარულით მოვდივარ”, – უთხრა ერთხელ „სარკეს” მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ, რომელსაც ახლა უდიდესი განსაცდელი უდგას – მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული – ქმარი, მსახიობი ზაზა მიქაშავიძე, მოულოდნელად გამოეცალა ხელიდან. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი და რეჟისორი გასული წლის 31 მარტს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნინელი ჭანკვეტაძეს და ზაზა მიქაშავიძეს ბევრი ქარტეხილი შეეხო, მაგრამ მათი ერთობა ვერაფერმა დაარღვია. მათი სისუსტეც და სიძლიერეც თეატრი იყო და ქალიშვილი ანა, რომელიც 18-წლიანი ლოდინის შემდეგ გაუჩნდათ.
ორი შემოქმედის ცხოვრებაში ბევრი რამ დიდმა მაესტრომ, რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა განსაზღვრა, მათ შორის – მათი შეხვედრაც.
– ვიდრე შევხვდებოდი, ზაზას უკვე ვიცნობდი, – უყვებოდა ქალბატონი ნინელი ,,სარკეს”, – იგი ცნობილი მსახიობი იყო, მიშა თუმანიშვილის კურსდამთავრებული. ჩვენი ურთიერთობა ძალიან მოწიწებით და პატივისცემით დაიწყო. მესამე კურსზე ცოტნე ნაკაშიძემ მიმიწვია თავის სპექტაკლში სათამაშოდ. ეს გახლდათ ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულიაძძ და მე და ზაზამ ერთად ვითამაშეთ. მაშინ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს, უფრო სწორად, სპექტაკლმა დაგვაახლოვა. შემდეგ ინსტიტუტი დავამთავრე და ზაფხულის ერთ ძალიან ცხელი ივლისის დღეს ჯვარი დავიწერეთ და ხელიც მოვაწერეთ. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად.
სულ ვამბობ, რომ ცხოვრების ნებიერა ვარ. ბატონმა მიშამ ახალშექმნილ, ჩემთვის საოცნებო თეატრში წამიყვანა. მესამე კურსზე ზაზა მიქაშავიძესთან ერთად ვთამაშობდი…
– როცა ამქვეყნიდან წავიდა თქვენი უსაყვარლესი პედაგოგი, ბატონი მიშა, მცირე ხნის შემდეგ ქვეყანას მოევლინა თქვენი ქალიშვილი. ალბათ ამაშიც დაინახეთ უფლის ხელი.
– რა თქმა უნდა, ბეწვიც კი არ ჩამოგივარდება თავიდან მისი ნების გარეშე. თუმანიშვილის წასვლა ამქვეყნიდან ძალიან დიდი ტკივილი იყო, კინაღამ თეატრიდან წასვლა ვიფიქრე. მე ხომ მის გამო ვიყავი ამ საქმეში, თეატრი ჩემთვის იყო ბატონი მიშა. შემდეგაც არც ერთ სხვა რეჟისორთან არ მიმუშავია, გარდა მისი მოწაფეებისა. როცა გყავს მიშა, შეიძლება ბევრ რამეზე თქვა უარი. მაშინ ბევრ კინო თუ თეატრალურ როლზე მითქვამს უარი იმიტომ, რომ მას ვუცდიდი და არც ვნანობ. ეს მიღირდა, ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო.
ჩემი ოჯახის ტკივილი, ის, რომ მე და ზაზას 18 წელი შვილი არ გვყავდა, ბატონი მიშას სადარდებელიც იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ მოხდა სასწაული და ანიკაზე დავფეხმძიმდი. ყველა მეუბნებოდა, ბატონი მიშა იქიდან დაგეხმარა და მოგცა ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გინდოდაო…
– რამდენად შეცვალა შვილმა თქვენი ცხოვრება, რა თვისებები შეიძინეთ თქვენ და რა თვისებები შეიძინა ბატონმა ზაზამ შვილის დაბადების შემდეგ?
– ახლა გვიკვირს, რა გვიხაროდა ამის გარეშე. ხშირად სიცილით ვამბობ, ჩვენ ერთდროულად ბებია და ბაბუაც ვართ და დედაც და მამაც-მეთქი. ჩემმა მეგობრებმა ადრეულ ასაკში გააჩინეს შვილები, იმ ასაკში, როცა სულ გარეთ გეჩქარება კინოში ან კაფეში. ჩვენს ასაკში კი მთლიანად შევიგრძენით შვილის სიხარული.
რა თქმა უნდა, ახალი თვისებები გაგვიჩნდა, ასაკი მოგვემატა, ალბათ უფრო დავბრძენდით, ლმობიერები, მიმტევებლები გავხდით. ბევრი რამ, რაც ადრე ნერვებს გვიშლიდა, დღეს უმნიშვნელოდ გამოიყურება. ერთგვარ შიმშილს გრძნობ ბავშვისადმი, დიდი დრო გვაქვს დაკარგული. როცა ანა სახლიდან გავა, მოწყენილები ვართ… სულ ვცდილობ, ჩემს შვილს ასაკობრივად ძალიან არ დავცილდე. მინდა, ვიცოდე, რაზე ფიქრობს, რა სწყინს, რა მოსწონს, როგორ აზროვნებს.
პირად ცხოვრებაში გამიმართლა. სულ ვამბობ, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ. ბავშვობიდან განებივრებული ვარ. იმდენი სიყვარული მაქვს მიღებული ბებია-ბაბუისგან, მშობლებისგან, ახლობლებისგან… საყვარელ თეატრში მოვხვდი, მერე ზაზას შევხვდი.
მე და ზაზა 18 წელი ჩვენი ტკივილით მოვდიოდით. შვილი არ გვყავდა და ეს სერიოზული გამოცდაა ნებისმიერი ოჯახისთვის. ჩვენ ამ გამოცდას გავუძელით. ამ გამოცდის სწორად გავლის და ჩაბარების შედეგი იყო ანკას გაჩენა 18 წლის თავზე. ბევრი ოჯახი ინგრევა, როცა შვილი არ ჰყავთ. ალბათ ძნელი წარმოსადგენია ოჯახი, რომელსაც არ უნდა, შვილი ჰყავდეს. ჩვენ კი, იმის მაგივრად, რომ გავქცეულიყავით ერთმანეთისგან, ჩავეჭიდეთ ერთმანეთს და უფლის იმედად დავრჩით. ვიფიქრეთ, რომ, თუ ასე იყო საჭირო, ასე ვიქნებოდით. მერე კი ანკა გაჩნდა, რითაც ჩვენს ოჯახს უფრო მეტი სიყვარული შემოემატა. ეს დიდი ბედნიერებაა. შვილმა ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო შეადუღაბა.
მასალის გამოყენების პირობები