კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, რომ ახალი ტექნოლოგიები თავდაპირველად შიშსა და სკეპტიციზმს იწვევდა — ელექტროენერგია, კომპიუტერი, ინტერნეტი. ხელოვნური ინტელექტიც ამ გზას გაჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას დღესაც სიფრთხილით ეკიდება, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა თავად ტექნოლოგიას, არამედ მის გამოყენების წესს.
ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა დააქვეითოს მოსწავლეთა მოტივაცია — მოზარდები ხშირად მზა პასუხებს ამჯობინებენ დამოუკიდებელ პრობლემის გადაჭრას. შედეგად ქვეითდება ანალიტიკური და კვლევითი უნარები, რაც წიგნიერების განვითარებაზე უარყოფითად აისახება. თუმცა სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იქცეს შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი კომპეტენციებისა და სწავლისადმი ინტერესის გაღვივების მძლავრ ინსტრუმენტად. ამდენად, მთავარი გამოწვევა მისი გააზრებული და პასუხისმგებლობიანი ინტეგრირებაა.
განვითარებულ ქვეყნებში ხელოვნური ინტელექტი უკვე ფართოდ გამოიყენება სასკოლო და საუნივერსიტეტო სივრცეში. სინგაპური ინდივიდუალური სწავლებისა და მასწავლებელთა მხარდაჭერისთვის იყენებს AI-ს, ხოლო ჩინეთი მის საფუძველზე ახორციელებს პერსონალიზებულ სწავლებას, საშინაო დავალებების ავტომატურ ანალიზს და მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგს. ესტონეთი, ციფრული განვითარების მხრივ ერთ-ერთი წინამძღოლი ქვეყანა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასწავლებელთა შესაბამის მომზადებას. აშშ-ში შემუშავებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კონკრეტული წესები, რომელთა მიხედვით ტექნოლოგია სასწავლო პროცესის დამხმარე ინსტრუმენტად განიხილება და არა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების შემცვლელად. სამხრეთი კორეა კი AI-ზე დაფუძნებულ ციფრულ სახელმძღვანელოებსა და სასწავლო პლატფორმებს ავითარებს ეტაპობრივი დანერგვის მიზნით.
ექსპერტთა პროგნოზით, მომდევნო 5-10 წელში ხელოვნური ინტელექტი განვითარებად ქვეყნებშიც ფართოდ დაინერგება, ხოლო სრული გლობალური ინტეგრაცია სავარაუდოდ 10-20 წელიწადში მოხდება — ამისთვის საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მასწავლებელთა გადამზადება და მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება. განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს, რომ სასწავლო პროცესში AI-ს წარმატებული გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მიზანმიმართული, სისტემური და პასუხისმგებლობიანი მიდგომის პირობებში.
წყარო: · მოამზადა SheniGanatleba.ge-მ
იხილეთ ასევე: SheniEkimi.ge · SheniAmbebi.ge · განათლების რუკა

