კვირა, ოქტომბერი 27, 2024
spot_img
მთავარირჩევებირა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ახლა ქვეყანაში და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს

რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ახლა ქვეყანაში და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს

ბოლო პერიოდში მშობლები აღნიშნავენ, რომ გრიპი და სხვა სეზონური ინფექციები განსაკუთრებით გააქტიურებულია. ბავშვებს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და სხვადასხვა საყურადღებო სიმპტომი 10 დღის განმავლობაშიც კი გრძელდება. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორს მაია ჩხაიძეს ვკითხეთ, რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ახლა, რა ნიშნებით ვლინდება და რა შემთხვევაში უნდა გამოიჩინონ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება:

– ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომართვიანობა, დაახლოებით, ერთნაირია და დღე-ღამის განმავლობაში კლინიკის გადაუდებელ განყოფილებას 45-50 ბავშვი მომართავს. ამბულატორიაში უფრო მეტია. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა მათგანი გრიპითა და რესპირატორული ინფექციით არ შემოდის. ამ ეტაპზე, ავადობის მხრივ, რესპირატორული ვირუსების გავრცელების მაჩვენებელი მომატებულია. პაციენტთა, დაახლოებით, 25% გრიპის ვირუსი აქვს, რომელიც A ტიპის გრიპითაა განპირობებული. რესპირატორული ვირუსების კლინიკური ნიშნები, თითქმის, ერთნაირია. განსაკუთრებით გრიპის დროს ძლიერი ინტოქსიკაციაა გამოხატული, სისუსტე, ადინამია და შეუპოვარი ცხელება, რომლის მართვაც მშობლებს სახლის პირობებში უჭირთ ხოლმე. გარდა ამისა, არის რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, ე.წ. ბრონქიოლიტი, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებში განსაკუთრებით საყურადღებოა. მას უფრო ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია სჭირდება იმიტომ, რომ პატარებს ამოხველების პროცესი აქვთ გაძნელებული.

გრიპის შემთხვევაში, ტესტი კეთდება და როგორც კი დადასტურდება, შეგვიძლია, ანტივირუსული საშუალება მივცეთ და რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც იწყება გრიპით, მაგრამ პნევმონიით რთულდება. ასეთი პაციენტებიც გვყავს. გარდა ამისა, გავრცელებულია სხვა ვირუსებიც. კორონავირუსის შემთხვევები ბევრი აღარ არის, ამ ეტაპზე 2 პაციენტი გვყავს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმე არ არის. არის ადენოვირუსი, რომლისთვისაც, სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, ცხელების, ხველისა და ცხვირიდან გამონადენის გარდა, კონიუნქტივიტია დამახასიათებელი. ადენოვირუსს შესაძლოა, 6-7 დღე მაღალი ცხელება ახასიათებდეს. თუკი მაღალი ცხელება და სხვადასხვა სიმპტომი 10 დღე გრძელდება, ეს უკვე განსაკუთრებით საყურადღებოა. როდესაც ცხელების ეპიზოდები 6 დღეს გადააჭარბებს, სხვადასხვა კვლევა უნდა ჩატარდეს, მათ შორის, სისხლის საერთო ანალიზი, თუ საჭიროა, რენტგენი, რადგანაც შესაძლოა, შემთხვევა გრიპით, რესპირატორული ინფექციით დაიწყოს და ბაქტერიულით გართულდეს.

ჩემი მთავარი რჩევა მშობლებისთვის არის ის, რომ აუცილებელია პრევენციული ღონისძიებები დავიცვათ. გრიპის ვაქცინის გაკეთება ჯერ კიდევ არ არის გვიან. ვაქცინა ყვლასთვის ხელმისაწვდომია. რადგანაც გრიპის პიკი მომდევნო პერიოდებში იქნება და შემთხვევები იმატებს, ვაქცინაციის ჩატარება საუკეთესო პრევენციაა. 6 თვის ასაკის ზემოთ ვაქცინაცია ყველას შეუძლია. ვისაც სახლში ჩვილი, 6 თვემდე ასაკის ბავშვი ჰყავს, მშობლებმა და გარშემომყოფებმა – ყველამ უნდა ჩაიტაროს აცრა. როდესაც ბავშვს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს, არ გავუშვათ სკოლასა და ბაღში. დავიცვათ ჰიგიენური პირობები. თუ ბავშვს მაღალი ცხელება აქვს და ცხელების ფონზე ვერ იღებს სითხეს, ელექტროლიტებს და მართვა ბინაზე ვერ ხდება, განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ კლინიკას. თუ ცხელება 6-7 დღეზე მეტხანს გრძელდება, ექიმს მიმართეთ, ჩაიტარეთ შესაბამისი კვლევები, რომ ბაქტერიული ინფექცია არ გამოგვეპაროს, თუნდაც, ოტიტი, ბრონქიტი, პნევმონია და ასე შემდეგ.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი