ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
1982 წელს ზესტაფონიდან რამდენიმე კილომეტრში ჩასაფრებულმა მილიციის სპეციალურმა ჯგუფმა პისტოლეტებიდან და ავტომატებიდან შავი ფერის „ვოლგას“ უწყვეტი ცეცხლი გაუხსნა. ისროდა, დაახლოებით, ოცი ძალოვანი. სამიზნე კი ავტომობილის საბარგული იყო. სროლა, დაახლოებით, 2 წუთს გრძელდებოდა. ხოლო, როდესაც შეწყდა და საბარგული ახადეს, იქ დაცხრილული ახალგაზრდა მამაკაცი აღმოაჩინეს, ორი ცალი „პარაბელიუმის“ სისტემის პისტოლეტით ხელში, საიდანაც ერთი ტყვიის გასროლაც კი ვერ მოესწრო. გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ დაცხრილულს 100-ზე მეტი ტყვია ჰქონდა მორტყმული. მოკლული ახალგაზრდა ცნობილი მოლდაველი ბოროტმოქმედი „ტოლიკ კიშინოვვსკი“ აღმოჩნდა. სპეცოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა და მასში რამდენიმე მაღალჩინოსანი პირადად მონაწილეობდა. როდესაც „ვოლგა“ შემთხვევის ადგილს მიუახლოვდა, მძღოლმა მანქანა გააჩერა (ვითომ ძრავა ჩაუქრა), გადმოვიდა და ბუჩქებისკენ უკანმოუხედავად გაიქცა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სროლა. მძღოლმა წინასწარ იცოდა, მოსალოდნელი სპეცოპერაციის შესახებ და აღნიშნულ ადგილზე „ვოლგა“ წინასწარი შეთანხმებით გააჩერა. ამ მძღოლს, რომელიც „შავი სამყაროს“ წევრი იყო, ასეთი ქმედება ორმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა დაავალა. კრიმინალურ ავტორიტეტებს კი ასეთი რამ მილიციის მაღალჩინოსნებმა დაავალეს. „ტოლიკ კიშინოვსკი“ ძებნაში იმყოფებოდა. ის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ქურდი და მძარცველი იყო („ნალიოტჩიკი“). სხვადასხვა დროს გაძარცული ჰყავდა მწერალ ალექსეი ტოლსტოის ქვრივი და გაქურდული ჰქონდა ცნობილი მომთვინიერებლის, ირინა ბუგრიმოვას ბინა. ორივე სახლიდან მას ბრილიანტების სამკაულების უნიკალური კოლექცია ჰქონდა წაღებული. საბჭოეთში უფრო მძიმე დანაშაულებებიც ხდებოდა. ცნობილ ბოროტმოქმედებსაც უსაფრთდებოდნენ, მაგრამ ასეთი სისასტიკით არავის კლავდნენ. აშკარა იყო, რომ „კიშინოვსკის“ მკვლელობა „ზემოდან“ იყო შეკვეთილი და კვალის დაფარვას ემსახურებოდა. მაგრამ იმ პერიოდში რა იყო ეს „კვალი“, მხოლოდ ერთეულებმა თუ იცოდნენ. ამგვარად, ეს ვერაგული სპეცოპერაცია ქართველმა ძალოვნებმა „ვირტუოზული სისასტიკით“ შეასრულეს.
თითქმის სრული სიმართლე
„კიშინოვსკის“ მკვლელობამ უბრალო ხალხში არაერთი ჭორი გამოიწვია. ზოგიერთ მათგანს თავად მილიცია ავრცელებდა, ასევე, „ზემოდან“ შეკვეთით. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე საპყრობილეებში კი რამდენიმე სერიოზული „ქურდული გარჩევაც“ კი მოხდა. ციმბირის ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის ზონაში ქართველი ავტორიტეტი ჩაასახლეს. ადგილობრივმა ზონის მაყურებელმა მას პრეტენზია წაუყენა იმ „ბესპრეძელის“ (განუკითხაობის) გამო, რასაც „კიშინოვსკის“ ვერაგული მკვლელობა მოჰყვა. ქართველ ავტორიტეტს ადანაშაულებდნენ მისი კოლეგების კავშირში მილიციასთან და ერთ-ერთის სახელიც კი დაუსახელეს, რომელიც „კიშინოვსკის“ მკვლელობაში იყო გარეული. „ბრალდებული“ ქართველი აცხადებდა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა და ამით ცდილობდა თავის გამართლებას, თუმცა ის ამ სიტყვებზე წამოიკიდეს და განუცხადეს – სწორედ ესაა „ბესპრეძელი“, როდესაც მოვალე ხარ, ქურდული ვითარება აკონტროლო და ამას ვერ ან არ ახორციელებ. ამიტომ, გვირგვინის ტარების უფლება არ გაქვსო. ეს საქმე კი იმით დასრულდა, რომ გვირგვინის ჩამორთმევა ვერ მოასწრეს, რადგან ქართველი ციხეში გადაიყვანეს, ერთადგილიან საკანში მოათავსეს, რომ არავინ შეხებოდა და მხოლოდ 4 წლის შემდეგ გამოუშვეს იქიდან, როდესაც „სროკი“ დაუმთავრდა. სავარაუდოდ, ავტორიტეტს მილიციის ქართველი მაღალჩინოსნები დაეხმარნენ.
„კიშინოვსკის“ ვერაგული მკვლელობის ისტორიის მნიშვნელოვანი დეტალები უკვე ოცდამეერთე საუკუნეში გახდა ცნობილი, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო. როგორც გაირკვა, ვირტუოზ მოლდაველ ქურდსა და „ნალიოტჩიკს“ ბრილიანტების მოპოვების შეკვეთა მიღებული ჰქონდა ვინმე „ციგანისგან“, რომელიც ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილის, გალინას ერთ-ერთი საყვარელი იყო და სწორედ გალინასგან მიიღო „ციგანმა“ ეს შეკვეთა. გალია თავად ფლობდა ბრილიანტების უნიკალურ კოლექციას. გიჟდებოდა ძვირფას თვლებზე და მათ ხელში ჩასაგდებად კრიმინალსაც კი არ თაკილობდა. სწორედ ასეთი უნიკალური სამკაულები იყო ტოლსტოის ქვრივისა და ბუგრიმოვას კოლექციებში. სამკაულები კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდათ, თუმცა „სამეფო ლილია“ და „ჩინური ვარდი“ სამუდამოდ გაქრა. ამ საქმის გამომძიებელი ანტონ ბობროვი (ის 2000 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა) ამტკიცებდა, რომ ისინი გალინას ჰქონდა გადამალული და შემდგომ სხვა უნიკალურ კოლექციებთან ერთად, შვეიცარიის ერთ-ერთი ბანკის სეიფში შეინახაო. ბობროვის ლოგიკით, „კიშინოვსკის“ ვერაგული მკვლელობის შეკვეთა სწორედ გალიასგან მომდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჯაჭვს საქართველოს მმართველ მაღალჩინოსნებთან მივყავართ, რომლებიც მზად იყვნენ ძლევამოსილი გენმდივნის ქალიშვილის ყველა ბრძანება შეესრულებინათ. წყარო