შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებისაუკუნის ძარცვა: შეყვარებული იტალიელი და ლუვრიდან გატაცებული „მონა ლიზა“

საუკუნის ძარცვა: შეყვარებული იტალიელი და ლუვრიდან გატაცებული „მონა ლიზა“

მართალია, დღეს „ლიზა დელ ჯოკონდოს პორტრეტი“ მსოფლიოს უმსხვილესი მუზეუმის – პარიზის ლუვრის უძვირფასესი ექსპონატი და მთავარი სიმბოლოა, მაგრამ გასული საუკუნის დასაწყისში სპეციალისტების მიერ დაწუნებული „ჯოკონდა“ ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ ნამუშევრად ითვლებოდა, რომელსაც მხოლოდ პროფესიონალები და ხელოვნების ნამდვილი დამფასებლები იცნობდნენ. სავარაუდოდ, დელ ჯოკონდო სამუდამოდ უცნობ ფლორენციელ ქალბატონად, ფერწერული ტილო კი, და ვინჩის რიგით ნამუშევრად დარჩებოდა, რომ არა 1911 წლის უცნაური ისტორია, რომელიც ჯერ გრანდიოზულ სკანდალად, მერე კი, საუკუნის ძარცვად მოინათლა.

ლიზა გერარდინი

ლიზა (ლუიზა) გერარდინი 1479 წლის 15 ივნისს დაიბადა ფლორენციაში, რომელიც ადრეული აღორძინების ეპოქაში ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს და უმდიდრეს ქალაქად ითვლებოდა, გერარდინის გვარი კი, უძველეს არისტოკრატულ დინასტიას მიეკუთნებოდა, რომელმაც სწორედ მე-15 საუკუნის ბოლოს დაკარგა გავლენა და ძალაუფლება. ლიზას მამა – ანტონიო-მარია დი ნოლდო გერარდინი ექვს ფერმას ფლობდა, სადაც ხორბალი მოჰყავდა, ღვინის და ზეითუნის ზეთის წარმოებაზე მუშაობდა. ოჯახი წლების მანძილზე ცხოვრობდა ფლორენციაში, სანტა-ტრინიტას ცნობილ ტაძართან ახლოს, თუმცა მოგვიანებით, სწორედ ფინანსურმა პრობლემებმა აიძულა რესპექტაბელური კვარტლის დატოვება და შედარებით მოკრძალებულ – ოლტრარნოს გარეუბანში, ნაქირავებ სახლში გადაბარგება.

ლიზა საკმაოდ ადრე – 15 წლის ასაკში გათხოვდა და ქსოვილით მოვაჭრის ფრანჩესკო დი ბართოლომეო დი ძანობი დელ ჯოკონდოს მესამე ცოლი გახდა. პატარძლის მზითევმა სან-სილვესტროს ფერმა და სულ რაღაც 170 ფლორინი შეადგინა, რამაც ერთის მხრივ, გერარდინის ოჯახის ფინანსური პრობლემები, მეორეს მხრივ, ახლად დაქორწინებულების სიყვარულით შეუღლება დაადასტურა, თუმცა გულწრფელი გრძნობების მიუხედავად, მეუღლეებმა მაინც ნახეს ურთიერთსარგებელი, რადგან შეძლებულ მოვაჭრეზე გათხოვებით ლიზამ მატერიალური მდგომარეობა, ფრანჩესკომ კი, სოციალური სტატუსი გაიუმჯობესა უძველეს არისტოკრატულ დინასტიასთან დანათესავებით.

ლიზა, რომელმაც გათხოვების შემდეგ მეუღლის გვარი მიიღო და დელ ჯოკონდო გახდა, ექვსი შვილი აღზარდა და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა მეუღლეს, რომელმაც სწორედ უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად დაუკვეთა და ვინჩის მისი პორტრეტი. აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი დღემდე არაა დათარიღებული, რადგან ნახატზე მუშაობა და ვინჩიმ სავარაუდოდ 1503 წელს დაიწყო, მთელი 16 წელი გააგრძელა და საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო დასრულება.

დელ ჯოკონდოს საფლავი

2015 წელს იტალიელი მეცნიერების ჯგუფმა სილვანო ვინჩეტის ხელმძღვანელობით ფლორენციაში, წმინდა ურსულას მონასტერში მიაკვლია დელ ჯოკონდოს საგვარეულო აკლდამას. მართალია, 1808 წელს მონასტრის სამრეკლოში ნაპოლეონ ბონაპარტემ თამბაქოს ფაბრიკა მოაწყო, მაგრამ საგვარეულო სამარხი 12 ნეშტით, მაინც დაზიანების გარეშე შენარჩუნდა. მეცნიერების მტკიცებით, რომელთაც ნახშირბადის იზოტოპების გამოყენებით ჩაატარეს მოძიებული ძვლების ანალიზი, ერთ-ერთი ჩონჩხის ნაწილები სწორედ დელ ჯოკონდოს ეკუთვნოდა, რაც საეკლესიო წიგნში გაკეთებულმა ჩანაწერმაც დაადასტურა, რომლის თანახმად 1542 წლის ივლისში „ფლორენციელი აბრეშუმით მოვაჭრის პატივცემული მეუღლე“ მართლაც მონასტერში, საგვარეულო აკლდამაში დაიკრძალა.

„მონა ლიზას“ გატაცება

„მონა ლიზას“ გატაცების ამბავი 1911 წლის 22 აგვისტოს გახმაურდა, როცა მხატვარ-რესტავრატორი ლუი ბერუ პორტრეტის ასლის გაკეთების სურვილით ეწვია ლუვრს, თუმცა ფლორენციელი ქალბატონის ნაცვლად, მხოლოდ ოთხი რკინის კავი დახვდა ცარიელ კედელზე. აფორიაქებულმა ბერუმ დანაკარგის შესახებ ლუვრის დირექტორს, მუსიე თეოფილე ომოლს აცნობა, რომელმაც ვერაფრით დაიჯერა, რომ შენობიდან, სადაც ასობით ადამიანი მუშაობდა, ასე მარტივად შეიძლებოდა ძვირფასი ექსპონატის დაკარგვა. მეტიც, რამდენიმე დღით ადრე, ომოლომ თავად განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „მონა ლიზას“ გატაცება ისევე შეუძლებელი იყო, როგორც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარების მოპარვა“.

მართალია, ლუვრის მომსახურე პერსონალი დიდხანს შფოთავდა და დაბნეული დარბოდა აქეთ-იქით, მაგრამ გაუჩინარებულ „მონა ლიზას“ მაინც ვერავინ მიაგნო. მუზეუმის დაზაფრული თანამშრომლების დამშვიდება ჟანდარმერიის პრეფექტმა ლუი ლე პენმა სცადა, თუმცა სანუგეშო ვერც მან თქვა ვერაფერი და საბოლოოდ სასოწარკვეთილმა აღიარა, რომ „წარმოდგენა არ ჰქონდა რა ბედი ეწია „ჯოკონდას“, რადგან მძარცველებმა არც კვალი დატოვეს, არც ხელჩასაჭიდი სამხილი“.

ალფონს ბერტილიონი

„ჯოკონდას“ გატაცების გამოძიება საფრანგეთის საუკეთესო მაძებარმა, ცნობილმა კრიმინალისტმა ალფონს ბერტილიონიმ ითავა, რომელმაც მართალია, მუზეუმის კიბეზე ნახატის ცარიელ ჩარჩოს და დამცავ მინას მიაგნო საღებავის კვალით და თითის ანაბეჭდებით, მაგრამ არც უფიქრია მისი შედარება ლუვრის 257 თანამშრომლის ანაბეჭდთან, რადგან ანთროპომეტრიული (ადამიანის მთელი სხეულის და მისი ცალკეული ნაწილების გაზომვისა და აღწერის) მეთოდის გამომგონებელი არასდროს სწყალობდა დაქტილოსკოპიას (პიროვნების იდენტიფიკაციის მეთოდს, რომელიც თითის ბალიშებზე კანის მოხაზულობის მორფოლოგიურ თავისებურებებს სწავლობს).

ბერტილიონიმ მხოლოდ ეჭვმიტანილთა ძირითადი მახასიათებლები – სიმაღლე, თავის გარშემოწერილობა, კიდურების სიგრძე გაზომა და საკუთარ კარტოთეკაში არსებულ ჩანაწერებს შეადარა, თუმცა წამოწყება ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა, რადგან მონაცემთა დამუშავებას, რომელიც 100 ათასამდე კრიმინალს აერთიანებდა, რამდენიმე თვე დასჭირდებოდა და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამართლებდა, თუ „ჯოკონდას“ გამტაცებელი ბერტილიონის „შავ სიაში“ ირიცხებოდა.

სკანდალი პრესაში

„მონა ლიზას“ გაუჩინარებამ მთელი საფრანგეთი შეძრა, პრესამ მუზეუმის ხელმძღვანელობას შეუტია და ჯერ უსუსურობაში დაადანაშაულა, მერე გადადგომა აიძულა, „ლუვრის მეგობართა საზოგადოებამ“ კი, სოლიდური ჯილდო – 20 ათასი ფრანკი დააწესა მისთვის, „ვინც ფლორენციელი ქალბატონის თავშესაფარს” მოიძიებდა. არ ჩამორჩა „ლუვრის მეგობრებს“ არც ცნობილი ჟურნალი L’Illustration, რომელმაც „ეროვნული ტრაგედია“ უწოდა „ჯოკონდას“ გატაცებას, ჯილდო კი, გააორმაგა და 40 ათასი ფრანკი შეჰპირდა მას, ვინც ერთ თვეში დააბრუნებდა „დაკარგულ ლიზას“, თუმცა არც ჟურნალის გულუხვმა შეთავაზებამ, არც სოლიდური თანხის მიღების სურვილით გააქტიურებული ფრანგების მონდომებამ არ გაამართლა.

გაუჩინარებულმა “მონა ლიზამ” მთელი ევროპული პრესა დაიპყრო და სენსაციად ქცეულმა 1912 წლის „ტიტანიკის“ კატასტროფაც უკან ჩამოიტოვა. ჟანდარმერიამ მცირე ზომის რეპროდუქციები დაბეჭდა პარიზის ქუჩებში გასავრცელებლად, კაბარეს მოცეკვავეებმა კი, „ჯოკონდას“ ნიღბის მორგებით სცადეს მისი „მხარდაჭერა“, არნახული პოპულარობა მოიპოვა „ფლორენციელ ქალბატონზე“ და მის იდუმალ ღიმილზე შექმნილმა სახუმარო სიმღერებმა, ლუვრმა კი, იმ ათასობით ცნობისმოყვარეს უმასპინძლა, ვინც ერთ დროს “ჯოკონდას“ კუთვნილი ადგილის, ახლა კი, ცარიელი კედლის საკუთარი თვალით ნახვა მოინდომა.

მონდომების მიუხედავად, უძლური აღმოჩნდა საფრანგეთის მთავრობაც, რითაც კიდევ უფრო შეაგულიანა პრესა, რომელიც არც მანამდე ერიდებოდა საკუთარი ვერსიების გამოთქმას. ჟურნალისტებმა ჯერ ამერიკელ მილიარდერს ჯონ მორგანს დააბრალეს „ჯოკონდას“ გატაცება, მერე გერმანიის კაიზერზე ვილჰელმ მეორესა და მის სპეცსამსახურზე მიიტანეს ეჭვი, რომელმაც თითქოს და ვინჩის ნამუშევრის მოპარვით სცადა მსოფლიოსთვის საფრანგეთის სისუსტის დამტკიცება. რა თქმა უნდა, თავხედურმა განცხადებამ შედეგი ვერ გამოიღო და მხოლოდ გერმანელი ჟურნალისტები აღაშფოთა, რომელთაც იაფფასიანი ტრიუკი უწოდეს ფრანგი კოლეგების უსაფუძვლო ბრალდებას და ომის პროვოცირებაში დაადანაშაულეს.

ეჭვმიტანილი პიკასო და დაპატიმრებული აპოლინერი

თავი ვერ დააღწიეს ძარცვის ბრალდებას ვერც ცნობილმა პოეტმა გიიომ აპოლინერიმ და მხატვარმა პაბლო პიკასომ, როცა „მონა ლიზას“ გატაცებიდან რამდენიმე დღეში პრესაში ვინმე ჟერი პიერეს სკანდალური განცხადება დაიბეჭდა. საეჭვო ბელგიელმა, ვისთანაც აპოლინერი წლების მანძილზე ინაწილებდა ოთახს, გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ 1904 წელს მანაც მოიპარა ლუვრიდან საინტერესო ექსპონატები, თუმცა დიდი ნაწილი სწრაფადვე დაბრუნა უკან. აპოლინერიმ შიშით გაიხსენა ის ავბედითი დღე, როცა მეგობარ პიკასოსთან ერთად სწორედ პიერესგან შეიძინა მინიატურული იბერიული ფიგურები, მისი თამამი განცხადება – ექსპონატების „ლუვრის განძიდან“ გატაცების შესახებ კი, მხოლოდ ხუმრობად მიიჩნია.

მეგობრები, რომლებიც ხშირად იწონებდნენ თავს „პიერეს ნადავლით“, მეტიც, ამბობენ, თითქოს სწორედ უძველესი იბერიული სტატუეტების შთაგონებით შექმნა პიკასომ თავისი „ავინიონელი გოგონები“, სერიოზულად დააფრთხო საგაზეთო პუბლიკაციამ. პიკასომ სტატუეტების თავიდან მოშორება და სენაში გადაყრაც კი სცადა, თუმცა ვერაფრით შეელია ხელოვნების უძველეს ნიმუშებს და ანონიმურად გაგზავნა Le Figaro-ს რედაქციაში.

მართალია, ექსპონატები მუზეუმს დაუბრუნდა, მაგრამ ჟანდარმერიამ მაინც მიაკითხა აპოლინერის მონმარტრის ბინაში და როცა საეჭვოს ვერაფერს მიაგნო, მისი დაკავება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, მოსამართლე ჟერმან დრიუ დარწმუნებული იყო პოეტის უდანაშაულობაში, მაგრამ უმოქმედობას ისევ მისი დაპატიმრება ამჯობინა და ნაძარცვის შენახვის ბრალდებით გაამწესა „სანტეს“ ციხეში. ცნობილი პოეტის დაკავებამ უზარმაზარი აჟიოტაჟი გამოიწვია, რამაც დრიუს ჯერ მისი გათავისუფლება, მერე პიკასოს დაკითხვაზე დაბარება აიძულა, თუმცა მტკიცებულებების არ არსებობის გამო, მასაც სწრაფად დაემშვიდობა.

მოულოდნელი აღმოჩენა

დანაკარგის მოძიება მხოლოდ ორი წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, როცა ანონიმმა კოლექციონერმა „ჯოკონდას“ შეძენის შეთავაზებით მიმართა ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე ალფრედო ჯერის. მართალია, ფლორენციელმა მოვაჭრემ უცნაური შეთავაზება ხუმრობად მიიჩნია, მაგრამ უფიცის მუზეუმის დირექტორს ჯოვანი პოჯის მაინც სთხოვა უცნობ კოლექციონერთან შეხვედრაზე თანხლება, რომელიც ჯერ ლეონარდის გვარით გაეცნო, მერე დაკარგული შედევრი გადმოაბრძანა მოძველებული ჩემოდნიდან. აღფრთოვანებულ ჯერის ძალიან გაუჭირდა ემოციების დაფარვა, თუმცა ნამუშევრის შემოწმების და მყიდველის მოძიების მომიზეზებით, მაინც ითხოვა რამდენიმე დღე, ლეონარდისთან დამშვიდობების შემდეგ კი, ადგილობრივ კარაბინერებს მიმართა და საეჭვო კოლექციონერის შესახებ შეატყობინა.

შეყვარებული მძარცველი

და ვინჩის პორტრეტის მფლობელი – 30 წლის მოყვარული მხატვარი, ვინმე ვინჩენცო პერუჯა აღმოჩნდა, რომელიც სხვა ამბიციური მხატვრების მსგავსად რამდენიმე წლით ადრე გადაბარგდა მილანიდან პარიზში, თუმცა მოკრძალებული ნიჭის პატრონს ფერმწერის ნაცვლად მეშუშის ხელობის შესწავლა მოუწია, მერე კი, ლუვრში დაიწყო მუშაობა, სადაც მინის კარკასით იცავდა მუზეუმის ექსპონატებს ვანდალებისგან.

არავინ იცის, წინასწარ ჩაფიქრებული გეგმით მოეწყო პერუჯა მსოფლიოს უმსხვილეს მუზეუმში, თუ მხოლოდ „მონა ლიზასთან“ ურთიერთობამ, მისმა იდუმალმა ღიმილმა შთააგონა გატაცება, მაგრამ ჟანდარმერიის ვარაუდით, ხელმოცარულ მხატვარს მხოლოდ რამდენიმე თვე დასჭირდა მუზეუმის სქემის და დაცვის განლაგების, „ჯოკონდას“ ჩარჩოს კონსტრუქციის შესწავლისა და ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

ვირტუოზული ძარცვა

უნიფორმაში გამოწყობილი ვინჩენცო 21 აგვისტოს, დილის 7 საათზე გამოცხადდა მუზეუმში, რომელიც ორშაბათ დღეს ყოველთვის დახურული იყო მნახველებისთვის. პერუჯამ დაცვის უყურადღებობით ისარგებლა და მონა ლიზასთან მარტოდ  დარჩენილმა ჯერ პორტრეტი ჩამოხსნა კედლიდან, სათადარიგო კიბეზე კი ნახატი ამოიღო ჩარჩოდან, თეთრ ქსოვილში გაახვია და გასასვლელისკენ დაიძრა, სადაც დარაჯმა ღამის მორიგეობით მოქანცულ თანამშრომლად მიიჩნია და ზედმეტი შეკითხვების გარეშე გაუღო კარი. მართალია, მძარცველმა სწრაფად დატოვა მუზეუმის ეზო, მაგრამ საეჭვო ამანათით ადრიან დილას სირბილით ძალიან გააკვირვა ფარდულის მოვაჭრე ლუვრის მეზობლად, თუმცა, მისი ჩვენება ისეთივე უმნიშვნელო აღმოჩნდა ჟანდარმერიისთვის, როგორც თითის ანაბეჭდები „მონა ლიზას“ ჩარჩოზე.

სხვათა შორის, ლუვრის სხვა თანამშრომლების მსგავსად, ბერტილიონი პერუჯასაც ეწვია ჩხრეკით, თუმცა მორცხვმა და ზედმეტად მოკრძალებულმა ვინჩენცომ სწრაფად დაარწმუნა ჟანდარმები საკუთარ უდანაშაულობაში. საფრთხეს თავდაღწეული მძარცველი ფლორენციაში გაემგზავრა და სწორედ ლიზა გერარდინის მშობლიურ კვარტალში – ოლტრარნოს გარეუბანში იქირავა ოთახი, თავად „ჯოკონდა“ კი, კომფორტულად დააბინავა საწოლის ქვეშ, უზარმაზარ ყუთში. მართალია, თავიდან პერუჯა იშვიათად, მხოლოდ „გულითად საუბრებს“ მართავდა საოცნებო ქალთან, რომელმაც ბავშვობის მეგობარი გოგონა და პირველი სიყვარული გაახსენა, მაგრამ მოგვიანებით უცნაური ურთიერთობა ზედმეტად გახშირდა და შეპყრობილი თაყვანისმცემლის ბოდვას დაემსგავსა. მეტიც, „შეშლილი მძარცველი“ მანამდე ესაუბრებოდა „ჯოკონდას“, სანამ ნახატი არ განსხეულდა და ვინჩენცოს ცოლად მოყვანა არ სთხოვა. პერუჯა მიხვდა, რომ რეალობასთან ერთად, საღად აზროვნების უნარსაც კარგავდა და ილუზიების ტყვეობიდან გათავისუფლების სურვილით „მონა ლიზას“ გაყიდვა და სამხრეთ ამერიკაში გამგზავრება გადაწყვიტა.

პატრიოტი პერუჯა

რა თქმა უნდა, ხელოვანებთან ნაცნობობით პერუჯა ვერასდროს დაიკვეხნიდა, ამიტომ ფლორენციის ქუჩებს დაუყვა, პირველივე გალერეის მფლობელის ვინაობა დაადგინა და სწორედ ასე მოიძია ალფრედო ჯერი, რომელსაც მოგვიანებით წერილი მისწერა.

დაპატიმრებულ ვინჩენცოს არც უცდია დანაშაულის უარყოფა, მეტიც ამაყად განაცხადა, რომ და ვინჩის ნამუშევრის სამშობლოში დაბრუნება სურდა, რადგან ვერაფრით აპატია ნაპოლეონ ბონაპარტეს აპენინის ნახევარკუნძულის გაძარცვა. სამწუხაროდ, ვინჩენცო ცუდად იცნობდა ხელოვნების ისტორიას, რადგან ფრანგმა იმპერატორმა მართლაც ხელოვნების უამრავი ნიმუში უსახსოვრა ლუვრს დაპყრობილი იტალიიდან, თუმცა „მონა ლიზა“ არასდროს მიეკუთვნებოდა მათ რიცხვს. მეტიც, ნაპოლეონის დაბადებამდე 250 წლით ადრე ლეონარდო და ვინჩიმ თავად უსახსოვრა საკუთარი ნამუშევარი საფრანგეთის მონარქს ფრანსუა პირველს, რომლის კარზეც  სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება

მართალია, ფრანგებისთვის ნაკლებად სარწმუნო აღმოჩნდა პერუჯას პატრიოტული ზრახვები, მაგრამ იტალიური პრესის და მართლმსაჯულების კეთილგანწყობა ვინჩენცომ მაინც მოიპოვა. ჟურნალისტებმა „ჭეშმარიტი პატრიოტი“ უწოდა მძარცველს, რომელსაც მხოლოდ ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა სასამართლოს დანახარჯის ანაზღაურებით, თუმცა, პერუჯამ ვერც მისჯილი წელიწადი მოიხადა, რადგან პირველმა მსოფლიო ომმა მოუსწრო და ისიც ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა, ომიდან დაბრუნებულმა კი, ფარდული გახსნა მშობლიურ მილანში და საღებავებით ვაჭრობას შეუდგა.

ვინჩენცო პერუჯა 1925 წლის 8 ოქტომბერს, 44 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ დაბადების დღეზე, „მონა ლიზა“ კი, ისტორიულ სამშობლოში მოგზაურობის შემდეგ, 1914 წლის 4 იანვარს „სახალხო გმირის“ ტიტულით დაუბრუნდა კუთვნილ ადგილს ლუვრში. მოგვიანებით „ჯოკონდამ“ კიდევ რამდენიმე თავდასხმა მოიგერია და ჯერ მჟავით დასახიჩრებას, მერე წითელი საღებავით დათხუპნას გადაურჩა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი, ოკუპირებული პარიზის საიდუმლო საცავებში ემალებოდა ნაცისტებს, რადგან თავად ჰერმან გერინგმა გამოთქვა მისი დაუფლების სურვილი.

ავანტიურისტთა შეთქმულება

მართალია, ლეგენდარული ძარცვიდან 100 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ბევრს დღემდე არ სჯერა პერუჯას გულუბრყვილობის. არსებობს მოსაზრება, თითქოს ძარცვა არგენტინელმა ავანტიურისტმა, თვითმარქვია მარკიზმა ედუარდო დე ვალფიერნომ ჩაიფიქრა, რომელმაც მეგობარ რესტავრატორთან ივო შადრონესთან ერთად გაამრავლა „მონა ლიზა“ ექვს ასლად და სწორედ მათი შეტყუება სცადა მდიდარი კოლექციონერებისთვის, პერუჯა კი, მხოლოდ პუბლიკის თვალის ასახვევად გამოიყენა. მეტიც, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, და ვინჩის ნამუშევარი სინამდვილეში ინკოგნიტო ხელოვნების მოყვარულის მდიდარ კოლექციაში ინახება, ლუვრის მუზეუმს კი, მხოლოდ მისი ასლი ამშვენებს.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი