ზღვის ანგელოზები, თეთრი ვეშაპები, სელაპები, ალპური ღამე ის მოტივია, რის გამოც ყინულქვეშა დაივინგი პოპულარული ხდება. სპორტის ეს ექსტრემალური სახეობა განსაკუთრებულ ცოდნასა და ამტანობას მოითხოვს. ის ძლიერ განსხვავდება კლასიკური წყალქვეშა ყვინთვისგან. ამბობენ, ყინულოვან წყალში ბანაობა დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა. გარდა ამისა, ხილვადობის მიღწევა ცივ წყალში 300 მეტრის სიღრმეზეც შესაძლებელია. წარმოგიდგენთ ყინულქვეშა დაივინგისთვის მსოფლიოს 6 საუკეთესო ადგილს:
ვალნორდ სქაი რესორტი (არკალისი, ანდორა)
სეზონი: თებერვალი-მაისი.
სირთულის დონე: დამწყები და გამოცდილი მყვინთავებისთვის, რომლებსაც თხილამურებზე დგომის გამოცდილება აქვთ.
მოტივი: საუკეთესო გასართობია თხილამურებით სრიალის დაშვების შემდეგ.
ტრისტაინის ტბა ზღვის დონიდან 2305 მეტრზე მდებარეობს, დანიშნულების ადგილზე მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. დაივერები მთის მწვერვალიდან გზას ფეხით აგრძელებენ, სანამ ანდორის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილთან არ აღმოჩნდებიან.
თხილამურები და სნოუბორდები ჰიდროკოსტუმით იცვლება. ჯგუფი ყვინთვას იწყებს. დაშვება 25 მეტრზეა შესაძლებელი. შესანიშნავი წყალქვეშა ხილვადობა მრავალ სიურპრიზს და სასიამოვნო შთაბეჭდილებას გპირდებათ. იქვეა შედარებით მცირე სიღრმის ლა კანალეტას წყალსაცავი, სადაც ჩაშვება 12 მეტრ სიღრმეზეა შესაძლებელი.
თეთრი ზღვა (პოლარული წრე, რუსეთი)
სეზონი: თებერვალი-აპრილი.
სირთულის დონე: მხოლოდ გამოცდილი დაივერებისთვის.
მიზანი: თეთრი ვეშაპების ნახვა.
თეთრი ზღვა ევროპაში ერთადერთი ზღვაა, რომელიც ზამთარში ყინულით იფარება. ეს წყალქვეშა დაივინგისთვის საუკეთესო ადგილია, მიუხედავად მძიმე პირობებისა, ზამთარში აქ ტემპერატურა მინუს 40 გრადუსს აღწევს. ყინულის სისქე 1 მეტრი და 50 სანტიმეტრია.
სწორედ ამიტომ, წყალქვეშა რომანტიკის მაძიებლები უსაფრთხოების ნორმებში უნდა ერკვეოდნენ და ჩასაყვინთი ადგილის მომზადებაც უნდა შეეძლოთ.
ამ ადგილის სავიზიტო ბარათი საუკეთესო ხილვადობაა – 30-დან 50 მეტრამდე. წყალქვეშა სამყარო იმდენად მრავალფეროვანია, 1 კვირაც რომ ჩაყვინთოთ, ყველაფრის ნახვას მაინც ვერ მოასწრებთ. ყვინთვის ყველა შემთხვევას ინსტრუქტორები აკვირდებიან.
კუნძული შპიცბერგენი (ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანე, ნორვეგია)
სეზონი: მთელი წელი.
სირთულის დონე: მხოლოდ გამოცდილი დაივერებისთვის.
მიზანი: მსოფლიოში ყველაზე ლამაზი წყალქვეშა ყინულის ქანდაკებების ნახვა.
ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის წყლები მხოლოდ გამოცდილი დაივერებისთვის არის განკუთვნილი. მრავალი ადამიანი ამ სფეროს პროფესიონალი მხოლოდ შპიცბერგენის არქიპელაგის ფლორისა და ფაუნის ნახვის მიზნით ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ აქ ყვინთვა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, სპეციალისტები ყველაზე ხელსაყრელ პერიოდად ივნისს მიიჩნევენ. ამ დროს ხილვადობა იდეალურია. გარდა ამისა, ივნისში მზიანი დღეებია და საშუალება მოგეცემათ საკუთარი თვალით იხილოთ, როგორ აღწევენ მზის სხივები წყალქვეშ და როგორ ეცემიან ყინულოვან ქანდაკებებზე.
გარდა ქანდაკებებისა, აქ ზღვის ვარსკვლავების, ობობასმაგვარი კიბორჩხალების და ზღვის პეპლების – ლიმასინას ხილვა შეგეძლებათ. აქვე ზღვის კატებისა და გრენლანდიური ვეშაპების სიმღერასაც მოისმენთ.
1000 კუნძული (ონტარიო, კანადა)
სეზონი: თებერვალი-აპრილი.
სირთულის დონე: გამოცდილი დაივერებისთვის.
მიზანი: დაივინგის სრულყოფილად შეგრძნება.
დაივინგის კურსები, რომლებსაც კომპანია “არკტიკ კინგდომი” ახორციელებს, ყველაზე გამოცდილი დაივერის კვალიფიკაციას აამაღლებს. სწავლებაში მონაწილეობას ვერ მიიღებთ, თუკი ყინულქვეშა დაივინგის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი არ გექნებათ.
სწავლების მთავარი მიზანი ყინულქვეშა სკუბ დაივინგის ყველა ასპექტის შესწავლაა.
რამდენიმე დღეში მონაწილეებმა უკვე ზუსტად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ ექსტრემალურ სიტუაციაში. სწავლების დასრულების შემდეგ ორგანიზაცია სპეციალურ სერტიფიკატს გადმოგცემთ, რომ დამოუკიდებლად ყვინთვა შეძლოთ.
“არქტიკ კინგდომის” მიერ განხორციელებულ სწავლებაში ძალიან ბევრი წყალქვეშა გადაღების მოყვარული მონაწილეობს, რადგან ამის მთავარი მიზეზი ფენომენალური ხილვადობაა. ყვინთვის მაქსიმალური სიღრმე 35 მეტრია. სწავლების კურსი 4-დან 9 დღემდე გრძელდება. აქ ყვინთვა დღეში 4-5-ჯერ მოგიწევთ.
ტბა ტინი (ტინი, საფრანგეთი)
სეზონი: დეკემბერი-აპრილი.
სირთულის დონე: დამწყები დაივერებისთვის.
მიზანი: ზამთრის დაივინგის სწავლა და ღამით ყვინთვა.
ჟენევიდან 220 კილომეტრზე მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტი ტინი შესანიშნავი მარშრუტებით არის ცნობილი, მაგრამ ბოლო დროს ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ის სხვა განხრითაც განვითარდა. ერთ-ერთი გასართობი, რომელიც აქ ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს – ყინულოვან ტბაში, ტინში ყვინთვაა. ის ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარეობს და წელიწადში 5 თვე ყინულით არის დაფარული. დაივინგის სწავლა ინდივიდუალურად და ჯგუფთან ერთადაც შეგიძლიათ.
განსაკუთრებული პოპულარულია აქ ღამით ყვინთვა და მიუხედავად იმისა, რომ წყალში დაშვება მხოლოდ რამდენიმე მეტრზე შეგეძლებათ, წყალქვეშა სამყაროს სილამაზე მაინც დაგატყვევებთ.
მშრალი ხეობები ( მაკ-მერდო, ანტარქტიკა)
სეზონი: თებერვალი.
სირთულის დონე: დამწყები დაივერებისთვის.
მოტივი: 3 მეტრი სისქის ყინულის ქვეშ ჩაყვინთვა.
თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დედამიწის ამ კუთხეში ყინულისა და პინგვინების გარდა, არაფერი არ არის, მაგრამ ეს გამოცდილი დაივერების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ჰაერის ტემპერატურა მინუს 40 გრადუსია. ყინულის გასახვრეტად დაივერებს სპეციალური ხელსაწყოების, ზოგჯერ კი ხელყუმბარის გამოყენება უწევთ.
წყალქვეშ ტემპერატურა მუდმივად 1.8 გრადუსია, ამიტომ აქ მხოლოდ პროფესიონალებს უშვებენ. წყალი კრისტალურად გამჭირვალეა, ხილვადობა 300 მეტრზეც საუკეთესოა. მაკ-მერდოზე შეგეძლებათ ზღვის ვარსკვლავები, ზღვის ზღარბები და არნახული ზომის მედუზები იხილოთ.
მომზადებულია www.forbes.ru-ს მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები