მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასების შესახებ ჩატარებული კვლევის ანგარიში ამბობს, რომ მიუხედავად არაერთგვაროვანი და კრიტიკული შეფასებებისა, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოში ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სიახლეების დასამკვიდრებლად გრძელვადიანი გეზი უნდა შენარჩუნდეს.
დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებს შორის კვლევაში დასახელებულია კარგად ცნობილი -1) კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებული გამოწვევები; 2) სკოლის შიგნით მატერიალური და ტექნიკური რესურსების ნაკლებობასთან დაკავშირებული გამოწვევები; 3) სკოლის შიდა ორგანიზაციული გამოწვევები; და 4) სისტემური გამოწვევები.
სკოლის შიდა ორგანიზაციულ გამოწვევებში დასახელდა მასწავლებელთა გადატვირთულობის მწვავე პრობლემაც და როგორც კვლევის ანგვარიშში ვკითხულობთ, ყოველი მესამე პედაგოგი თვლის, რომ სკოლის დონეზე რეფორმის განხორციელებისათვის შესაბამისი კომპეტენციები არ არის. მწვავეა მასწავლებლების გადატვირთულობის პრობლემა და ამ გამოწვევის არსებობას ყოველი მეორე დირექტორი და მასწავლებელი ადასტურებს.
სკოლის დირექტორები და მასწავლებლები აფასებდნენ სკოლის შიგნით ადამიანური რესურსების მართვასთან და სასკოლო გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევების სიმწვავეს. ეს გამოწვევებია: 1) კომპეტენციების ნაკლებობა სკოლაში ახალი პრინციპების მიხედვით სასწავლო გეგმის შემუშავებისთვის; 2) კომპეტენციების ნაკლებობა სკოლაში ახალი პრინციპების მიხედვით სწავლებისთვის; 3) მასწავლებლების გადატვირთულობა; 4) მასწავლებელთა მოტივაციის ნაკლებობა; 5) სკოლის შიგნით თანამშრომლობის ნაკლებობა; და 6) სკოლებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა.
გამოკითხული რესპონდენტები ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან შედარებით, ნაკლებად მწვავედ აღიქვამენ სკოლის შიგნით და სკოლებს შორის თანამშრომლობის გამოწვევას:
“ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ გამოწვევებში ყველაზე მწვავეა მასწავლებლების გადატვირთულობის პრობლემა. ამ გამოწვევის არსებობას ყოველი მეორე დირექტორი და მასწავლებელი ადასტურებს. რაოდენობრივი კვლევის ეს მიგნება სრულ თანხვედრაშია თვისებრივ კომპონენტში გამოვლენილ ტენდენციებთან. აგრეთვე, თვისებრივი კვლევის მიგნებებს ეხმიანება ის გარემოებაც, რომ ყოველი მესამე გამოკითხული მასწავლებელი პრობლემად მიიჩნევს დირექტორის მხარდაჭერის ნაკლებობას”, – წერია კვლევის ანგარიშში.
შიდა ორგანიზაციული გამოწვევების სიმწვავის თვალსაზრისით სურათი არაერთგვაროვანია როგორც მასწავლებლებში, ისე დირექტორებში. კრიტიკულ ზონაში, შესაბამისად, ცალკეული დებულებების მიხედვით მასწავლებლების 30%-დან 50%-მდე მოექცა:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაკვეთილი კვლევის ფარგლებში დისკუსიებისა და ინტერვიუების სერია 2023 წლის ზაფხულში განხორციელდა და საერთო ჯამში 100-ზე მეტი რესპონდენტი მოიცვა, მსჯელობის პროცესში ჩამოყალიბებული პირველადი დასკვნები და რეკომენდაციები კი, კვლევის თანახმად, 10 000-ზე მეტ მასწავლებელთან და 600-ზე მეტ სკოლის დირექტორთან გადამოწმდა.
ქალაქ ხონის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ალისა ჩარკვიანი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მასწავლებელთა გადატვირთულობის პრობლემა ნამდვილად არის და ამის მიზეზებსაც გვისახელებს:
„კომპლექსური დავალებების სირთულე, ბევრი წერა-კითხვა, საბუთების მომზადება, დოკუმენტების მოწესრიგება/მომზადება ატვირთვა. ორიენტირებული ვართ ამ ყველაფერზე და გაკვეთილისთვის შედარებით ნაკლები დრო გვრჩება. გაკვეთილისთვის რესურსების მომზადებაზე მეტი დრო იმას ეთმობა, რომ იქ, სამინისტროში დოკუმენტები იდოს.
რესპონდენტს ვკითხეთ შეამცირებს თუ არა სავალდებულო ტრენინგ-მოდულების გაუქმება მასწავლებლის გადატვირთულობას. პედაგოგი თვლის, რომ ამ ცვლილებით „გადატვირთულობა დიდად არ დაიკლებს“.
EDU.ARIS.GE გაესაუბრა თბილისის 94-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო გახარიას, რომელიც გვიხსნის, რომ რთულია ერთად დააჯგუფო ვინ რას მოიაზრებს გადატვირთულობის მიზეზად და ამიტომ, საკუთარი სკოლის მასწავლებელთა განწყობიდან გამომდინარე განგვიმარტა, თუ რა იწვევს მასწავლებლების გადატვირთულობას.
„გადატვირთულობაში გულისხმობენ დოკუმენტაციის წარმოების სირთულესა და სიხშირეს, რომელსაც „ფურცლომანიად” და ბიუროკრატიულ, არაფრისმომცემ ბერკეტად აღიქვამენ. თვლიან, რომ: პროექტების, კურიკულუმების, კოლეგებთან შეხვედრების თუ გაკვეთილის რეფლექსიების, დიაგნოსტირების ფორმებისა და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოება მათ მოსწავლეების რეალურ სწავლ-განათლებასთან აშორებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი, აღიარებს და აცნობიერებს, რომ მასწავლებელს პროფესიული განვითარება სჭირდება და ეს პროცესი წინ ვერ წავა ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებზე მუშაობის გარეშე. შეუძლებელია რაღაც მონახაზის გარეშე (არა აქვს მნიშვნელობა რა ერქმევა დოკუმენტს: გაკვეთილის გეგმა, მატრიცა თუ სხვა ეამ)გაკვეთილის/პროექტის თუ სხვა სასწავლო აქტივობის წარმართვა“.
მიუხედავად იმისა, რომ დირექტორს სავალდებულო ტრენინგები პედაგოგთა გადატვირთულობის მნიშვნელოვან მიზეზად არ მიაჩნია, მაინც ფიქრობს, რომ მასწავლებელთა მიზანმიმართული დახმარება ნაკლებ გადატვირთულობას გამოიწვევს.
„კარგია, რომ მასწავლებელი გათავისუფლდა სავალდებულო ტრენინგისგან. დიახ, პედაგოგებს სჭირდებათ პროფესიული მიმართულებით გაძლიერება, ოღონდ არა ნებისმიერი ტრენინგ-მოდულით, არამედ მათი კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე. კარგი იქნება თუ მიზანმიმართულად დაიგეგმება. სწორად შერჩეული მხარდაჭერის მექანიზმი მასწავლებლისთვის არ იქნება გადამღლელი და უმისამართო“, – აღნიშნა ნინო გახარიამ.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები