კირა ანდრონიკაშვილი ყველა დროის უმშვენიერესი ქალბატონია. თუ როგორია იხსენებს წარსულს, როგორია მისი დღევანდელობა, ამის შესახებ ვრცელ ინტერვიუში თავად კირა ანდრონიკაშვილი გვესაუბრა…
– რა თქმა უნდა სირთულეები იყო და ამის გარეშე ადამიანი ვერც იქნება… არ მიყვარს ჩემი პრობლემებით ვინმეს დამძიმება… ვარსკვლავი არც არასოდეს ვყოფილვარ, ჩვეულებრივად ვცხოვრობდი! ახლა მოიგონეს ეგ სიტყვა, თორემ ჩვენს დროს სულ იმას ვფიქრობდით, გვეშრომა, ბევრი წიგნი წაგვეკითხა, კარგ ადამიანებთან ურთიერთობა გვქონოდა… ნატო ვაჩნაძე და თამარ ციციშვილი არ იბრალებდნენ, ვარსკვლავები ვართო… ყოფილ საბჭოთა კავშირში არ ყოფილა ნატოზე დიდი ვარსკვლავი! საზღვარგარეთ ამ წოდების ადამიანები დიდ ანაზღაურებას იღებენ, იმიტომაც აქვს იქ აზრი, მერე ქველმოქმედება გაწიონ, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთონ.
ჩვენთან ძალიან კარგი მსახიობები და ასევე კარგი ადამიანები იყვნენ. ბევრ მათგანთან ერთად გადაღებაზე ვყოფილვარ. ვხედავდი, როგორ იტანდნენ სიცივეს, მძიმე პირობებს. რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად ჯერ “მთვარის მოტაცებაზე” ვიყავი, შემდეგ დათო ცინცაძემ რომ – ნოველა სიყვარულზე გადაიღო… ლიკანში მიხაილ რომანოვმა რომ სასახლე ააშენა, ამ სასახლეში გადაღება იყო, იქაურობა არ თბებოდა, უზარმაზარი ჭერი იყო, ძველი ნაგებობა და ამ ყინვაში მოთმინებით ისხდნენ ეს გენიალური მსახიობები, არანაირი პრეტენზიები არ ჰქონდათ… “მთვარის მოტაცების” გადაღებაზე სკოლის შენობაში ვცხოვრობდით, ეროსი გვერდით ფლიგელში იყო და ერთხელ რომ მივედი, თოკი ჰქონდა გაბმული, ტანსაცმელს იშრობდა… ყველა საოცრად დახვეწილი იყო… ზურაბ ქაფიანიძე მაგალითად როხროხა იყო, მაგრამ უსაყვარლესი…
მასზე სასაცილო ამბავს გიაბობთ: მძღოლს გადაღებბზე ცოტა გვიან მივყავდი, იქ სანამ კინოს გადაღებები აეწყობოდა. ზურაბ ქაფიანიძე მანქანიდან გადმოსულს რომ დამინახავდა, ყვიროდა – კირილე მოვიდა ხალხნო, კირილეო… ყველა გაშტერებული მიყურებდა და გაგიჟებული ვიყავი, კირილე არ ვარ-მეთქი…გადაღებები რომ მორჩა, ხალხიც ცოტა დაიფანტა, ვუთხარი, ზურა ძალიან გთხოვ, კირილე არ დამიძახო, ძალიან კარგი სახელი მაქვს – კირა-თქო… დამპირდა, აუცილებლად შეგისრულებ თხოვნას და აღარ დაგიძახებო… ცოტა ხნის მერე ისევ დიდ, მასიურ გადაღებაზე ვიყავით და ხალხში ისევ აყვირდა, ხალხნო კირილე მოვიდაო… ახლა სულ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ახალგაზრდა ყველაფერს სხვანაირად აღიქვამდი. ძალიან ვბრაზდებოდი, მაშინ სულ რაღაც 27 წლის ვიყავი…
ანაკლიაში “მთვარის მოტაცების გადაღებისას”, უცებ გამოგვიცხადეს ბუღალტერიამ ფული ვეღარ გადმორიცხა, თბილისში უნდა წახვიდეთო და თვითმფრინავის ბილეთები აგვიღეს… მე, ზურა ქაფიანიძე, გეიდარ ფალავანდიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი თვითმფრინავით წამოვედით… ჩემს ჭკუაში ზურას არ ველაპარაკებოდი, რადგან კირილეს მეძახდა… უცებ თვითმფრინავის პილოტმა გამოაცხადა, არ შეგეშინდეთ, მაგრამ ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით, თვითმფრინავი გაფუჭდა, მაგრად მოეჭიდეთო… წარმოიდგინეთ მამიდა – ნატო ვაჩნაძე ხომ მაგ ტერიტორიაზე, სამეგრელოში დაიღუპა და ბავშვობიდანვე ძალიან შიში ჩამრჩა. ნატა რომ მოასვენეს, იმ დღეს სიცხემაც მომცა, რადგან მამიდა ჩემზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდა… თვითმფრინავში შევხედე ზურა როგორ იდგა და ეჭიდებოდა, როგორ წვალობდა… ვიფიქრე უკვე ვიღუპებით-მეთქი, ზურას დავუძახე, გინდ კირილე, რაც გინდოდეს მეძახე-მეთქი… საბედნიეროდ პილოტმა თვითმფრინავი დასვა და რომ გადმოგვიყვანეს, იქვე სახანძრო და სასწრაფო იდგა. სრულად
მასალის გამოყენების პირობები