ნიკოლოზ ხაჩიძის “უცნობი მხარე”👇
– ვინ არის ნიკოლოზ ხაჩიძე?
ნიკოლოზ ხაჩიძე: ყველაზე რთული შეკითხვაა, რაც შეგიძლია, დამისვა, ესაა იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს. მგონია, რომ არაფრით გამორჩეული, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ.
– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?
– მგონია, რომ ჩემთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვის საოცნებოა მშვიდი ცხოვრება. როცა მშვიდად ვარ, მაშინ ვარ ყველაზე კარგად.
– ოდესმე გიკეთებია ისეთი საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდა?
– ძალიან გამიმართლა და ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ პროფესიად ისეთი საქმე ავირჩიე, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამ საქმის გარდა არაფერი მიკეთებია. 15 წლიდან ჟურნალისტიკაში ვმუშაობ, ამ გზიდან არასდროს გადამიხვევია და ბედნიერი ვარ ამის გამო. თავის დროზე, როცა ამ პროფესიას ვირჩევდი, ალბათ, ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად სწორ ნაბიჯს ვდგამდი, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
– რამდენად გულჩვილი ხარ?
– სხვათა შორის, ვარ. სულ ვცდილობ ემოციების შეკავებას, მაგრამ ბოლო პერიოდში დავაფიქსირე, რომ ძალიან ხშირად, როცა სოციალურ ქსელში, მაგალითად, საქველმოქმედო ვიდეოები მხვდება მოხუცებსა და ბავშვებზე, თვალებზე ცრემლი მადგება. იგივე ფილმებზე არასდროს დამმართნია. ერთადერთი, „ჯარისკაცის მამაზე“ ვიტირე. „ჰოლივუდურ“ ფილმებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გულისამაჩუყებელი სცენარი მინახავს, ცრემლი არასდროს წამომსვლია.
– ბოლოს როდის იტირე ბედნიერებისგან ან ტკვილისგან რეალური ამბების გამო?
– მგონი, ძალიან დიდი ბედნიერებაა ის, რომ ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის ვიტირე ტკივილისგან. ბედნიერების ცრემლებს რაც შეეხება, ეგ განცდაც წლებია, არ მქონია.
– ბევრი მამაკაცი მალავს ცრემლს…
– ეგ სისულელე მგონია. მამაკაციც ადამიანია, შესაბამისად, გრძნობები მასაც აქვს და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მისი ცრემლი სასირცხვილოა. პირიქით, დიდი ვაჟკაცობაა, როცა შეგიძლია, ემოცია თავისუფლად გამოხატო. ამას დიდი გამბედაობა სჭირდება.