დილით, გაღვიძებისთანავე, მით უმეტეს, თუ ცუდი სიზმარი ნახა, ყველა მაშინვე იმაზე იწყებს ფიქრს, რა მოიმოქმედოს, რომ ნანახი არ აუხდეს. ამიტომ ამჯერად, ისეთ მინიშნებებსა და რჩევებს გაგაცნობთ თუ შეგახსენებთ ხალხური გადმოცემებიდან, ყოველდღიურ ყოფაში რომ გამოგადგებათ. სიზმრიდან დაწყებული ათასი წვრილმანის ჩათვლით, ყველა მოვლენასა თუ ქმედებას თავისი ახსნა და „მისია“ აქვს. ამიტომ, რომელია მათგან უსიამოვნების და რომელი სიხარულის მაუწყებელი, ამ თემაზე გვესაუბრება ეზოტერიკოსი:
– გამიგია, რომ ძალიან ბევრი მინიშნებაა კართან დაკავშირებით…
– მართლაც უამრავი მინიშნება უკავშირდება კარს – სიმბოლოს სამყაროს შეცნობისა. დავიწყოთ სახლში შესასვლელი კარით: თუ ის ჭრიალებს, სტუმრებს დაელოდეთ ან ოჯახში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება; მწვანე ფერის კარი – კეთილდღეობისა და იღბლის სიმბოლოა, წითელი კი – მყარი დაცვა და წარმატებაა; ობობას აბლაბუდები კარზე, ფინანსურ კეთილდღეობას გპირდებათ; კარზე დაკიდებული ფიჭვის გვირგვინი კი სახლს უარყოფითი ენერგიისგან იცავს; წინკართან ჩიტის შემოფეთება ბედნიერებისა და წარმატების ნიშანია; თუ შესასვლელის წინ მარილს დაყრით, ბოროტ სულებს განდევნით და სახლში ბედნიერებას შეუშვებთ. თუ კარზე დამაგრებული სარკე გატყდა – ბოროტი თვალისა და უბედურების მომასწავებელია, ხოლო თუ მოულოდნელად გაიღო – მალე ცხოვრებაში სერიოზული გამოცდა გელით. სახლში ახლობლის გარდაცვალებისას, უმჯობესია, კარი არ დაკეტოთ, რომ მიცვალებულის სული არ შეაწუხოთ; კართან დასაფენი ხალიჩა უნდა შეირჩეს მისი მდებარეობის მიხედვით: თუ აღმოსავლეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარესაა – შავია საჭირო; სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით – მწვანე; დასავლეთით ან სამხრეთ-დასავლეთით – ყვითელი; ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთით – თეთრი.
– შიდა, ოთახებს შორის გამავალი კარის შესახებ რას გვეტყვით?
– ნებისმიერი ოთახის კარის გაღება სიმდიდრესა და იღბალს დაგიფრთხობთ; მათგან ხის კარზე სამჯერ დაკაკუნება უბედურებისგან გიხსნით; ძველი სახელურის ახლით შეცვლა ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაა; კარის მიჯახუნებით კი ბოროტ სულებს უკანმოუბრუნებლად განდევნით სახლიდან. გახსოვდეთ, არ შეიძლება ერთდროულად გააღოთ როგორც შემოსასვლელი, ისე შიდა კარები: შეიძლება ბინაში ბოროტი სულები შევიდნენ და იქ დიდხანს დარჩნენ. მოგეხსენებათ, შიდა კარები ხშირად შემინული ან სარკიანია, ამიტომ: კარის მინა თუ ჩაგემტვრათ – უბედურებაა მოსალოდნელი; თუ სარკე კარის მოპირდაპირედ კიდია, უარყოფით ენერგიას აგროვებს; ოჯახში სიმშვიდე და კომფორტი რომ არ დაიკარგოს, მასში სხვა სარკიანი საგნები არ უნდა აისახოს; მოჭიქული კარი, როგორც პოზიტივის საუკეთესო გამტარი, შინ უშვებს იდეებისა და შთაგონების თავისუფალ ნაკადს. ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ, მაგალითად, მისაღები (სასტუმრო) ოთახის კარი – თუ ის სარკიანია, ფუფუნებასა და სიმდიდრეს მოასწავებს; თუ ღიაა, იქ მხიარული შეხვედრები გაიმართება; ხოლო წინაპართა პორტრეტები კარს ზემოთ, ბედნიერებასა და წარმატებას მოგიტანთ. რაც შეეხება საძინებელი ოთახს – თუ ფეხებით კარისკენ იძინებთ, მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება; თუ კარზე სარკე ისეა დამაგრებული, რომ მასში საწოლი ჩანს, შემაშფოთებელ სიზმარს ნახავთ.
– სამზარეულოსა და საბავშვო ოთახის კარზე რას გვეტყვით?
– სამზარეულოს კარს თუ ხმელი მცენარეების თაიგულით შეამკობთ, ნეგატივისა და დაავადებისგან დაგიცავთ; კარის წინ, იატაკზე დადგმული მარცვლეულის თასი კი, სახლს სიუხვესა და კეთილდღეობას მოუტანს; მაგრამ, თუ იატაკს კარის მიმართულებით დაგვით, დიასახლისი სილამაზესა და ახალგაზრდობას დაკარგავს. საბავშვო ოთახის კარის შესახებ კი მინიშნებები ასეთია: მშობიარობამ რომ მარტივად ჩაიაროს, აუცილებელია, სახლის ყველა კარი გაიღოს, მათ შორის, კარადებისა და კომოდებისაც; თუ ბავშვის საწოლი კარის წინ დგას, ბავშვს დაძინება უჭირს… დაბოლოს, ზღურბლი, რომლის გარეშეც კარში ვერ შეხვალთ: საუბარი და რაიმე ნივთის გადაცემა ზღურბლს იქით – ჩხუბამდე მიგიყვანთ; ავადმყოფ ბავშვს ზღურბლიდან გადასცემენ მკურნალს, ხოლო უკან ფანჯრიდან აბრუნებენ; თუ საქმროს პატარძალი ხელში აყვანილი შეჰყავს სახლში და კარის ზღურბლზე წაიფორხილებს, მათი ცოლქმრული ცხოვრება დაძაბულად წარიმართება; არ ჩამოჯდეთ კარის ზღურბლზე, პირად ცხოვრებაში პრობლემები შეგექმნებათ და ვერც ჭორებს აიცილებთ თავიდან; თუ წინკარის ზღურბლზე ხუთ მონეტას დადებთ, სახლში ფინანსური კეთილდღეობა დაისადგურებს; ზღურბლს თუ მარჯვენა ფეხით გადააბიჯებთ, წარმატება გელით.