ელისაბედ (ლიზონკა) ორბელიანი ხშირად ეკატერინე ჭავჭავაძე ჰგონიათ. ის იყო დიმიტრი ორბელიანის ქალიშვილი. ულამაზესი ლიზა ვიცე-პოლკოვნიკ დავიდოვს გააყოლეს ცოლად, რომელიც იყო მეფისნაცვლის – ალექსანდრე ბარიატინსკის ადიუტანტი.
ღუნიბში შამილის დატყვევებისთვის დაწინაურებულ ფელდმარშალ ბარიატნსკის ლიზა რომ გაუცნია, მაშინვე გულში ჩავარადნია. ეს ამბავი ყველამ გაიგო და დავიდოვი მეუღლესთან ერთად ოდესაში გაემგზავრა. ბარიატინსკიმ მაინც მიაგნო მათ, სანდო კაცი გაგზავნა, ლიზონკაც გამოიპარა და ფოთიდან ერთად გაემგზავრნენ ევროპაში. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, დავიდოვმა გაარკვია მათი მისამართი, ჩააკითხა წყვილს შტუდგარდში და მეტოქე დუელში გამოიწვია. ბარიატინსკიმ ვერ მოარტყა ტყვია დავიდოვს.
ამ უკანასკნელმა კი ვეღარ გაბედა ფელდმარშლის მოკვლა, თუმცა მოგვიანებით უჩივლა. საქმე ძალიან გახმაურდა, სინოდამდეც კი მივიდა. ბარიატინსკი გამართლდა. ლიზამ იქითაც კი დაადანაშაულა დავიდოვი ღალატში. ამ სამარცხვინო საქციელის გამო, ფელდმარშალმა ბარიატინსკიმ თანამდებობა დაკარგა. წყვილმა ბრიუსელში დაიწერა ჯვარი და დევონშირში გაემგზავრა. ბარიატინსკისა და ლიზას მოგვიანებით მეფემ ვარშავაში სასახლეები აჩუქა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდნენ.
1863 წლის ოქტომბრის თბილ დღეს ქორწილი გაიმართა ბრიუსელში, რუსეთის იმპერატორის დესპანის, პრინცი ორლოვის სახლის ეკლესიაში. მიუხედავად იმისა, რომ 48 წლის საქმრო ძალიან ცნობილი პიროვნება იყო, ქორწილი მშვიდად, ვიწრო წრეში, ყურადღების მიქცევის გარეშე შედგა. ამას თავისი საფუძველი ჰქონდა. ბრიუსელის წყნარ ქუჩაზე მდებარე პატარა ეკლესიაში დაქორწინდა პრინცი ალექსანდრე ივანოვიჩ ბარიატინსკი – რუსი ფელდმარშალი, კავკასიის ცნობილი დამპყრობელი, რომელმაც თვით იმამ შამილი მოიტაცა. მთავრის პატარძალი იყო 28 წლის ელიზავეტა დმიტრიევნა, პრინცესა ორბელიანი. საქმროს მხრიდან მოწმედ ეკლესიის მეპატრონე, თავადი ნიკოლაი ალექსევიჩ ორლოვი და ფელდმარშალის ძმა, ვლადიმერ ბარიატინსკი იყვნენ. პატარძლის მხრიდან – პრინცი მეშჩერსკი და პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, დიმიტრი პრიოროვი. ამ საიდუმლოებით მოცული ქორწილის შემდეგ დაიწყო ცნობილი ფელდმარშალის კარიერის დაცემა და ურთიერთობების გაცივება პრინცსა და მის ახალგაზრდობის მეგობარს, იმპერატორ ალექსანდრე II-ს შორის.
თავადი ალექსანდრე ივანოვიჩ ბარიატინსკი მე-19 საუკუნეში რუსეთში ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. მან ეს დიდება მოიპოვა კავკასიის ომში გამარჯვების წყალობით. 24 წელი იმსახურა კავკასიაში და დიდი გზა გაიარა კორნეტიდან ფელდმარშალამდე. ახალგაზრდობაში ის ძალიან ლამაზი იყო და ჰგავდა დედამისს, გრაფინია კელერს, ანგელოზის სახიან ქერა ლამაზმანს, რომელსაც პოეტები ლექსებს უძღვნიდნენ და მოქანდაკეები მის ფიგურას მარმარილოში ძერწავდნენ. მარია ფეოდოროვნა იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას – ნიკოლოზ პირველის ცოლის ახლო მეგობარი იყო.
ახალგაზრდა ბარიატინსკი ითვლებოდა პირველ დონ ჟუანად, პეტერბურგის მაღალ საზოგადოებაში და ძალიან მოსწონდა ქალებს, მაგრამ თავად ალექსანდრე ივანოვიჩს არ სურდა დაქორწინება ახალგაზრდობაში, თუმცა ის შესაშურად მდიდარი საქმრო იყო.
პოტენციური პატარძლებისა და ქორწინების შიშით, უფლისწულმა თავის მემკვიდრეობაზეც კი უარი თქვა, უმცროსი ძმის სასარგებლოდ. ჭორაობდნენ, რომ ის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ერთ-ერთ ქალიშვილს, ოლგას, მოსწონდა. ეს ურთიერთობა ძალიან შორს რომ არ წასულიყო, იმპერატორმა გადაწყვიტა, ახალგაზრდა კავკასიაში გაგზავნა, სადაც მან ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა. იქ მომწიფდა და შეიცვალა, რაც ყველასთვის გასაკვირი აღმოჩნდა.
ალექსანდრე ბარიატინსკის ერთგვარი გადასახლება სასარგებლო გამოდგა. უფლისწულიდან გამოცდილ მეომარად გადაიქცა, თავისი ვაჟკაცობით მოიპოვა ყველა ქვეშევრდომის სიყვარული და ავიდა ფელდმარშალის წოდებამდე. გახდა კავკასიაში იმპერატორის „მოადგილე“.
უფლისწულმა სამსახური დაიწყო ყაბარდინის პოლკში, სადაც დაამტკიცა, რომ მამაცი ადამიანია. ერთ ბრძოლაში დაიჭრა, დაზიანება ძალიან სერიოზული იყო. ალექსანდრე ივანოვიჩი რამდენიმე დღის განმავლობაში უგონოდ იწვა და მის კარავთან კუბოც კი დადგეს, რომ გარდაცვალების შემთხვევაში სწრაფად დაეკრძალათ, მაგრამ ძლიერმა ორგანიზმმა გაუძლო. ორიოდე კვირის შემდეგ დაჭრილმა გამოჯანმრთელება დაიწყო. გამბედაობისთვის იგი წმინდა გიორგის ჯვრის ორდენზე წარადგინეს.
პრინცი ბარიატინსკი დიდხანს და ჯიუტად მიდიოდა მთავარსარდლის პოსტზე, კავკასიაში. ორი ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა გამოცდილება და თანდათანობით გადაიქცა კავკასიელად, რომელმაც გემო გაუსინჯა ომის ყველა ნიუანსს. გარდა ამისა, მას მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა იმპერატორ ალექსანდრე II-თან, რომელიც პრინცს ძალიან ენდობოდა. პრინცი ბარიატინსკი კავკასიაში დასახლდა, შეიყვარა ეს ადგილები და იქ მცხოვრები ხალხი.
1859 წელს, მისი ძმისშვილები, ორლოვ-დავიდოვი ტყუპი მოვიდნენ კავკასიაში, თავადი ბარიატინსკის მეთაურობით. ისინი მშობლებთან გაგზავნილ წერილებსა და პირად დღიურებში აღწერდნენ, თავადის იმდროინდელი ცხოვრების შესახებ. ანატოლი ორლოვ-დავიდოვი თავის დღიურში წერს: „ჩვენ ჩავიცვით ფორმა და გამოტანებული წერილებით მივედით გუბერნატორთან. გული ძალიან მიცემდა. როგორ მიგვიღებს ის? მორიგე ადიუტანტი ტრუბეცკოი წინა დარბაზშია. ხუთი წუთის შემდეგ ბიძა გამოვიდა, ჩაგვეხუტა და თავის კაბინეტში წაგვიყვანა.
„შეუძლებელია, ტიფლისში უფრო წარმატებულად ჩამოსვლა, – თქვა პრინცმა, – ახლა ომის ყველაზე საინტერესო პერიოდია. საქმეები კარგად მიდის, ალყაში მოაქციეს შამილის დედაქალაქი, რომელიც გარშემორტყმული და დაცულია. ერთ დღეს, ჩვენც იქ წავალთ ”.
ბიძაჩემთან ერთად ვსვამთ ჩაის, ის გვიჩვენებს თავის ოთახებს, რომლებიც ახლახან შესანიშნავად გარემონტდა, განსაკუთრებით ერთი – სპარსული. სახლს აქვს დიდი დარბაზები. შემდეგ მოდიან სხვა გენერალები, ჩვენი უფროსები და ბიძა გვაწვდის იმ სიას, ვისთანაც უნდა მივიდეთ“.
თავადი მაშინვე არ იღებს მათი ფრონტის ხაზზე გაგზავნის გადაწყვეტილებას, ის საშუალებას აძლევს, მიეჩვივნენ ახალ სიტუაციას. დასაწყისისთვის, ისინი ალაგებდნენ მის ბიბლიოთეკას, ადგენდნენ კატალოგს. პრინცი ბარიატინსკი ყურადღებას აქცევდა ძმისშვილებს, მაგრამ მათთან დისტანციას ინარჩუნებდა.
ბარიატინსკის გარემოცვაში იყო რამდენიმე ადიუტანტი, რომელთა შორის, ყველაზე საყვარელი – პოლკოვნიკი ვლადიმერ ალექსანდროვიჩ დავიდოვი იყო და ეს მაშინვე შეამჩნიეს ახალგაზრდა ორლოვ-დავიდოვებმა. „ჩვენ საღამოს ვატარებთ ბიძია ალექსანდრესთან – ვლადიმერ ალექსანდროვიჩთან და მის მეუღლესთან, ძალიან პატარა და საკმაოდ საყვარელ ქართველ ქალთან ერთად“. ანატოლი სწრაფად დაუმეგობრდა დავიდოვის ოჯახს, პიანინოზე უკვე ოთხ ხელშ უკრავდა ელიზავეტა დმიტრიევნასთან ერთად“. განაგრძეთ კითხვა…
მასალის გამოყენების პირობები