ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებირას წერდა მარო მაყაშვილი დღიურში, რომლის ახალი შევსებული გამოცემა რამდენიმე წლის წინ...

რას წერდა მარო მაყაშვილი დღიურში, რომლის ახალი შევსებული გამოცემა რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა

ლიტერატურის მუზეუმმა 1921 წლის 19 თებერვალს კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილის დღიურის ახალი, შევსებული გამოცემა დაბეჭდა. ძველ გამოცემას დაემატა ცოტა ხნის წინ არქივში ნაპოვნი მარო მაყაშვილის ჩანაწერების ახალი რვეულიც, რომელშიც 19 წლის მარო თავის თავსა და იმდროინდელ საქართველოზე დაწვრილებით მოგვითხრობს. წიგნს გარეკანზე სიმბოლურად მიმაგრებული აქვს დამოუკიდებელი საქართველოს მაშინდელი დროშის ფერებში შესრულებული გულსაბნევი. ამ გულსაბნევის სიმბოლურად ტარების იდეა 25 თებერვალსა და 26 მაისს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს ეკუთვნის. დღიურის ხელახლა გამოცემაც მისი ინიციატივაა. წელს 1921 წლის თებერვლის სისხლიანი ტრაგედიიდან 93 წელი გავიდა.

მარო. დღიური. საქართველო. 1918 წელი. მ.მ. ქეთო. „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“ – ამ წარწერების გვერდით მარო მაყაშვილს თავისი დღიურის გარეკანზე საქართველოს სამფერი დროშა მიუხატავს. მარო ამ დროს სულ 16 წლისაა. 1921 წლის 19 თებერვლამდე, კოჯრის ფრონტზე მისი ტრაგიკულად დაღუპვის დღემდე, მარო კიდევ ბევრ ფურცელს გაავსებს. მარო მაყაშვილის დღიურის დედანი ლიტერატურის მუზეუმში ინახება. მის ფურცლებს მკრთალად, მაგრამ მაინც ატყვია მაროს მოთხრობილი ამბები.

„რომც არ იყოს მარო მაყაშვილი კოჯორთან მოკლული თბილისში წითელი არმიის შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს დღიური მაინც საინტერესო იქნებოდა, რადგან ეს არის ახალგაზრდა ქალის დღიურები, რომელიც ძალიან კარგად აღგვიწერს, თუ რაზე ფიქრობდა დამოუკიდებელი საქართველოს ერთი მოქალაქე თავის გრძნობებზე, მაგალითად, იმაზე, თუ როგორ სურდა უცხოეთში წასულიყო, იქ ესწავლა იმისათვის, რომ უკან დაბრუნებულიყო, რომ სამშობლოსათვის რაღაც გაეკეთებინა, და როგორ მიდის ასეთი ადამიანი ფრონტზე, რადგანაც დარწმუნებულია, რომ სამშობლოსათვის ღირს თავდადება, და როგორ აღარ ბრუნდება იქიდან“, – მოგვითხრობს ლაშა ბაქრაძე.

ნაწყვეტები მარო მაყაშვილის დღიურიდან:

„ბევრს ჰგონია, რომ ბედნიერება ფულშია. მეც ეგრე მგონია, მაგრამ ამ ფულის დახარჯვა თავისზედ კი არა. ამ ფულით სხვას შეიძლება მოუტანო ბედნიერება და მაშინ თვითონაც იქნები ბედნიერი“.

„ღმერთო, რად დამბადე ქალათ. ქალი უძლური რაღაცა საგანია, კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია. მაგრამ მაინც მინდოდა, ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად. კაცს უფრო ეხერხება ყველაფერი, ვიდრე ქალს. ქალს ჰპატრონობს კაცი, კაცს ღმერთი. კაცი მაღალი სულით სულ სხვა არის ამგვარ ქალზედ. მაგრამ უმეტეს ნაწილში ქალი უფრო მაღლა სდგას კაცზედ, მაგრამ ეს არა სჩანს – ის მდგომარეობის მონაა“.

„უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი, ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედ… ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?“

იქვეა ჩანახატებიც, მაროს დახატული ტანსაცმლის ესკიზები – მაგალითად, ნახატი, წარწერით „პალტო“, ანდა – „ტანისამოსი ქალის, ბერძნული ტანისამოსი, თხელი და რბილი კრემის ფერი აბრეშუმი კრეპდეშინისგან“. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც 16 წლის გოგომ შეიძლება თავის საიდუმლო დღიურში ჩაწეროს და შეინახოს.

„ეს სურათები დღიურს ახლა დაემატა, მისი ამონაჭრები, ჩანახატები. მასში ასევე შევიტანეთ ფოტოები, რომლებიც პირდაპირ დღიურს არ ეხება, მაგრამ იმ ადამიანებს გვაჩვენებს, რომლებიც ნახსენები არიან მაროს ჩანაწერებში. ამ მხრივაც, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო წიგნია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს საქართველოს ისტორია“.

ისევ მარო, სამშობლოსა და მის თავისუფლებაზე:

„ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა „პარადი“. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ – „ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!“. არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს.

„დღე თითქოს თანაუგრძნობდა ზეიმს. დილიდან საღამომდის მზე უხვად ასაჩუქრებდა დედამიწას თავისი სხივმოსილი ისრებით. ქართველი ერი ბედნიერი იყო და ღმერთიც. მზის გარშემო რამდენიმე საათის განმავლობაში ცისარტყელა იყო“.

1921 წლის თებერვლის ტრაგედიის შემდეგ ამ თემაზე მაროს ოჯახსა და ახლობლებში მრავალი წლის განმავლობაში დუმდნენ. მაროს ფოტო დიდხანს ეკიდა მისი დედის საწოლთან, თუმცა მარო მაყაშვილის დისშვილი ელიზბარ ერისთავი იხსენებს, რომ მასზე ბევრი არაფერი იცოდნენ:

„ამ თემას ჩვენს ბავშვობაში ტაბუ ედო. მეც და ჩემმა და-ძმამაც ვიცოდით, რომ იყო ასეთი დედაჩვენის და, მარო, მაგრამ მეტი ინფორმაცია მის შესახებ არ გქვონდა. მხოლოდ მისი სურათი ეკიდა ჩვენი ბებიის საწოლთან, აი ის სურათი, მარო მაქმანებიან კაბაში“.

უფრო მეტი ელიზბარ ერისთავმა და მისმა და-ძმამ მოგვიანებით, სტუდენტობის დროს შეიტყვეს. ერთ დღესაც ერისთავების ოჯახში სტუმრად მაროს ბიძაშვილები, დები მაყაშვილები მივიდნენ. ერთ-ერთმა მაროს დღიურები მოიკითხა. ეს იყო დაახლოებით 1950-იანი წლების ბოლო. მაროს დედას, თამარს, პასუხი მზად ჰქონდა: მან დაინტერესებულ ნათესავებს უპასუხა, მაროს დღიური გრიგოლ რობაქიძემ წაიღო დასაბეჭდად, მაგრამ რადგან ის შემდეგ უცხოეთში გადაიხვეწა, არც მისი და არც დღიურის ასავალ-დასავალი აღარ ვიცითო.

„ამ დროს თურმე ეს დღიური იქვე ზარდახშაში იყო“.

იმ ზარდახშაში ჩადებულ დღიურში კი თურმე მარო ამასაც წერდა:„მე მგონია, თუ ერთს შევიყვარებ, ეგ უკვდავია. სიკვდილამდის დამრჩება. თუ ვინმე კითხვას დამისვამს, აკი გქონდა კიდეც გრძნობა ერთხელო, რა სისულელეა, ბავშვური, უბრალოდ ცელქობა, ახლა სრულიად მოსაზრებით ვიქცევი“.

„ნუთუ ყოველი კაცი ეგეთი ეგოისტია, გაშმაგებული ცხოველი, რომელსაც არსებობა უნდა მარტო პირადი სიამოვნებისთვის და ბედნიერებისთვის? ნუთუ არ ეყოფა მას ერთი, არამედ უნდა ორი, სამი და მეტიც. სად არის სამართალი. მერე მეუბნებიან, თითქმის ყოველი მამაკაცი მაგისთანააო. არ მჯერა. მაგალითად, თუ მე მომივიდა, ჩავვარდი ისეთ მდგომარეობაში, რას ვიზამდი? თუ შემემჩნია, რომ ჩემ ქმარს აღარ ვუყვარვარ, დეე, ახდილად მითხრას, მაგრამ თუ მალავს, ქურდულად იქცევა, ორპირობას სწევს, მე მგონია, მასთან აღარ დავრჩებოდი ან რამეს უზამდი“.

ელიზბარ ერისთავმა გადმოცემით იცის, რომ მშობლები თურმე მაროს ფრონტზე არ უშვებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ფრონტზე წამსვლელთა სიაში მაროს მეგობარი, ქეთო ჯაფარიძე ჩაწერილა. მეტს თურმე წამსვლელთა სიაში არავის წერდნენ, მაროს კი ქეთოსთვის ძალიან უთხოვია ადგილი დაეთმო. ასეც მოხდა…

მაროს ფრონტზე წასვლის საღამოზე უფრო მეტის წაკითხვა შესაძლებელია ნანა ღვინეფაძის წიგნში „შარავანდედი“, რომელიც სწორედ მარო მაყაშვილს მიეძღვნა. ამ წიგნში იმ საღამოს მაროს მეგობრის, ვავა ვაჩნაძის და, ელენე ვაჩნაძე ასე იხსენებს:

„მაროს მამამისი, ბატონი კოტე მოჰყვა. შემოღამებას ელოდნენ, ძალიან ციოდა.. დედამ რომ გაიგო მაროს გადაწყვეტილება, ახლად-ახალი, თავისი მოქსოვილი მაღალყელიანი შალის წინდები გამოუტანა, შვილივით უყვარდა მარო – იქ უფრო ეციება, აქედანვე ჩაიცვიო. ბატონი კოტე დაღონებული იყო. ბავშვი ვიყავი, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ სთხოვა გადაეფიქრებია“.

1927 წელს მაროს მამა, კოტე მაყაშვილი, დაწერს ქალიშვილზე: „1921 წლის თებერვალში თბილისის გარშემო ახმაურდნენ ზარბაზნები. ვერავითარმა მუდარამ, რჩევამ ვერ გაჭრა მაროზე. მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო. 17 თებერვალს იგი ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად. იმავე დღეს სანიტარულ რაზმთან ერთად წავიდა კოჯრისკენ. 19 თებერვალს საღამოს, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ არც კი დააცალა უკანასკნელი სალამი ეთქვა სამშობლოსა და მშობელთათვის“.ელიზბარ ერისთავი ჩვენთან საუბარში იმასაც იხსენებს, რომ მაროს მამას, მწერალთა კავშირის პირველ ხელმძღვანელს, კოტე მაყაშვილს, მაროს სიკვდილის გაგების შემდეგ ერთ ღამეში გასთეთრებია თმა. კოტე მაყაშვილი ახალგაზრდა – 52 წლისა – გარდაიცვალა. თებერვლის ამბების შემდეგ მაროს ოჯახის წევრები არაერთხელ დაიბარეს დაკითხვაზე. 1937 წელს ელიზბარ ერისთავის მამაც გადაასახლეს და დახვრიტეს. ამის შემდეგ მათ ოჯახში არათუ მაროზე საუბრები, ზოგადად ახლობლების, მეგობრებისა და ზოგიერთი ნათესავის სტუმრობამაც იკლო.

მაროს გარდაცვალების შემდეგ ორ თვეში გაჩნდა მისი და, რომელსაც მარიამი დაარქვეს, მაგრამ ნუგეშას ეძახდნენ. ის შარშან 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ ის ინახავდა ბოლომდე მაროს შესახებ ყველა მასალას, მის ნივთებს, რომლებიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე გადასცა ლიტერატურის მუზეუმსა და სახელმწიფო უნივერსიტეტს. უნივერსიტეტში, მარო მაყაშვილის სახელობის კაბინეტში, დღესაც ინახება მისი კუთვნილი მაკრატელი და ჩოგბურთის ჩოგანი.

ისევ მაროს მამის, კოტე მაყაშვილის ჩანაწერიდან:

„მარო მაყაშვილი დაიბადა 1901 წლის 25 მარიამობისთვეს. მისი მშობლები არიან თამარი (ეკატერინე გაბაშვილის ასული) და კონსტანტინე მაყაშვილები. სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დაასრულა 1919 წელს და შემდეგ ქართულ უნივერსიტეტში შევიდა სიტყვიერების, სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე. ბუნებით უხვად დაჯილდოებული, ცოცხალი და გამჭრიახი მარო მასთანვე იყო მორცხვი, კდემამოსილი და გულკეთილი. ქართული ლიტერატურა ზედმიწევნით იცოდა, სწერდა მშვენიერის ქართულით და იმედს იძლეოდა, რომ ჩინებული მწერალი გამოვიდოდა მომავალში“…

“რადიო თავისუფლება”

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი