მედიაჰოლდინგი “შენი” ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. 2 აპრილს ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორ შალვა კირთაძეს შეხვდა, სადაც განიხილეს სტუდენტთა ჩართულობა მედიაჰოლდინგის საქმიანობის ფარგლებში.
შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” შალვა კირთაძეს ესაუბრა:
“მადლობას მოვახსენებ ბატონ გიორგის მობრძანებისთვის. სამედიცინო სფეროს მიმართულებით იყო დღეს შეხვედრა საავადმყოფოების აკრედიტაციასთან დაკავშირებით.
ის იდეა, რომელიც ბატონმა გიორგიმ ახლა გაახმოვანა ჩვენს უნივერსიტეტთან, ნამდვილად მისასალმებელი და საინტერესია.
ეს ნიშნავს ერთი “ქუდის ქვეშ” ბევრი პროფესიის ადამიანის გართიანებას რომელთაც შეუძლიათ, საკუთარი თავით წარმოაჩინონ ჩვენი უნივერსიტეტი, თავისი ქალაქიც და ზოგადად, ქვეყანაც იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია მთელს მსოფლიოში გავრცელდება. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია.”
“შენი პულსი” გიორგი ფხაკაძესაც ესაუბრა:
“დღეს ვიმყოფებოდი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ბატონ შალვა კირთაძესთან და ჩვენი შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი იმ მხრივ, რომ განვიხილეთ, თუ რა თანამშრომლობა შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტსა და წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს შორის.
გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ერთობლივი თანამშროლობა კონკრეტულად სტუდენტების ჩართულობის მხრივ ჩვენს ახალ მედიაჰოლდინგში 《შენი》.
ჩვენი მედიაჰოლდინგი მოიცავს 10 ვებგვერდსა და 15-ზე მეტ სოციალურ ქსელს, რომელიც ფარავს პრაქტიკულად მთელ ონლაინ სივრცეს. ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას მათთვის საჭირო, სასარგებლო და გასაგებ ენაზე.
ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა მნიშვნელოვანი სფერო და ერთ-ერთი ასეთი არის “შენი განათლება”, რომელიც გათვალისწინებულია მათშორის სტუდენტებისთვის და რა თქმა უნდა, არამარტო მათთვის.
ა.წერეთლის უნივერსიტეტთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ დავიწყოთ თანამშრომლობა “შენი განათლების” ფარგლებში. ეს ვებგვერდი ძირითადად მოიცავს საინფორმაციო, საგანმანათლებლო, შემეცნებით საკითხებს და მეცნიერულ სტატიებს.
უნივერსიტეტთან ჩვენი თანამშრომლობა გულისხმობს იმას, რომ შევქმნათ პროექტი “შენი სიტყვა”, სადაც სტუდენტები გამოხატავენ მოსაზრებას საკუთარი განათლების, სპეციალობის კუთხით.
ამით არ ვასრულებთ და ჩვენ გადავწყვიტეთ, ვინაიდან ჩვენი მედიაჰოლდინგი მოიცავს 10 ვებგვერდს, ამ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შეეძლებათ პრაქტიკის გავლა ჩვენს ჰოლდინგში.
ამით ჩვენ ვაძლევთ პრაქტიკული გამოცდილების საშუალებას, ერთ-ერთ მსხვილ მედიაჰოლდინგში შეისწავლინ თანამედროვე ონლაინ და სოციალური მედიის ძირითადი საკითხები. სტაჟიორების პროგრამა ჩვენს მედიაჰოლდინგში უკვე დანერგილი გვაქვს და ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი პოტენციური თანამშრომლები.
ვინაიდან ეს წინასწარი შეთანხმება გვაქვს, 10 აპრილს ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავმართავთ შეხვედრას, სადაც განვიხილავთ ჩვენი თანამშრომლობის დეტალურ საკითხებს. ჩვენი მედიაჰოლდინგი უკვე ფარავს მილიონზე მეტ მნახველს ყოველთვიურად.
რაც შეეხება ჩვენი მედიაჰოლდინგის სტაჟიორების პროგრამას, სხვათაშორის ჩვენთან ახალგაზრდები გადიან პრაქტიკას საქართველოს სხვადასხვა რევიონიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რადგან ამ საქმიანობას ინლაინ რეჟიმში ვმართავთ.”