პარასკევი, ივლისი 11, 2025
spot_img
მთავარიშენი პოეზიაგოჩა ოჩიგავას პოეზია...

გოჩა ოჩიგავას პოეზია…

საოცარი ყვარელი

უკან – მთები, წინ – ხევები,
მხიბლავს სარზე ვაზის მიკვრა,
მიყვარს შენი ციხეები,
დოლოჭოპის ბაზილიკა…
გრემი, გრემი, დიდებული
გადაჰყურებს ოქროს ველებს,
გული გულზე მიდებული
ახმოვანებს “ოროველებს”…
შენი ცა ჰგავს ხელებს მშობლის,
მიწა საყრდენს ქმნის ბურჯისას,
მოქცეულხარ ხევებს შორის –
ბურსისა და დურუჯისა…
ლოცვამ რწმენა დაავანა,
სადაც ლურჯი ტევრებია,
ილიას ტბა ტბაა განა –
თავად მგოსნის ცრემლებია…
ვითვლი ყველგან სიწმინდეებს,
ცადაზიდულ სახლებს ღვთისას,
ო, ყვარელო, გიწვდი ხელებს,
შუქურა ხარ კახეთისა!

ილიას შეგონება

გველნი დაძრწიან უმისამართოდ, წიწილებს ჩეკენ…
ჩემო სამშობლოვ, რით დაგეხმარო, შეგცივდა ხომ არ…
რას დამაკლებდა ის ერთი ტყვია, ნასროლი ჩემკენ?!
რომ არა… მერე თავზე დამტყდარი ტყვიების ხროვა…
ახლა ფიქრები სერს მიჰყვებიან, სოხუმის პირას,
დაცლილ სახლებში შემოპარულა სხვა ტომის შვილი,
ქარნი დაჰქრიან, დევნილებივით, იცვლიან ბინას…
სევდა გამხდარა იმ ქუჩებისა სტუმარი ხშირი.
დამსგავსებია თეთრი ღრუბელი ანგელოზს უფრთოს,
ჯვართან ბიჭვინთის დავანებულა, მოთქვამს და ტირის…
სახეშეცვლილი ტაძრის კედლები გულს მტკენენ უფრო
და საფლავები, მიტოვებული, მმატებენ ტკივილს;
სადღაც აჩრდილი ჯარისკაცისა უსიტყვოდ დადის,
და „ის ხმა ტკბილი“ დადუმებულა, არ მიკვირს, არა!
ო, ღმერთო ჩემო, მარტო ის ზეცა, ის მთები რად ღირს,
რომ ჩემს მოლოდინს ისევ შევჩივლო – დამეხსენ, კმარა!
ისევ ყიდიან ჩემს საქართველოს, „დასეტყვილს“, დაშლილს,
ისევ მიხსნიან გულზე ჭრილობას, ვერაფრით ვრჩები…
მეც უგზოუკვლოდ, სადღაც მიმაფრენს შავთვალა რაში
და არც კი ვიცი, ვისღა შევჩივლო სისუსტე ჩემი.
შორს ეს ტყვიები, ცეცხლისმფრქვეველი, მდგენელი საზღვრის!
მზეო, იმ ქარებს გადაეღობე, შეჩერდნენ, უთხარ…
კიდევ მესროლეთ, ტყვიებს ავიტან, მომკალით სამგზის,
ოღონდ აფხაზეთს – უსაქართველოდ ნუ ჰგუობთ, ნუღარ…
გველნი დაძრწიან უმისამართოდ, წიწილებს ჩეკენ…
ჩემო სამშობლოვ, რით დაგეხმარო, შეგცივდა ხომ არ…
რას დამაკლებდა ის ერთი ტყვია, ნასროლი ჩემკენ?!
რომ არა… მერე თავზე დამტყდარი ტყვიების ხროვა…

READ  "მიყვარხარ ძირფესვიანად..." - გოჩა ოჩიგავას ლექსებიდან

ტ.ხ. – ს

მთას მიველ, ვნახე ანკარა,
წყარო – აღვსილი გრძნობითა;
მთები შემომხვდა, დიადი,
ჰერაკლე ვერ აწონიდა…
გამოიკვეთა წყაროდან,
რუ – მოჩუხჩუხე, კამკამა;
დავეწაფე და იმწამსვე
შემაცახ-შემაკანკალა…
რუ შეუერთდა მდინარეს,
ჩამოირა ხევები
და იყო გზაზე მუზათა
შემოყრა – შემოხვევები…
მდინარე შეყვა დინებას
ოკეანეში შეცურა…
შენ არ იფიქრო, მკითხველო!
გულისთმა ამომეწურა…
მზემ უთხრა დილას, მადლიანს:
“სიცოცხლის არხებს დავუვლი”;
მოჩქეფდა, მორაკრაკებდა
ტარიელ ხარხელაური…

გიორგობიდან – გიორგობამდე…

კლავ ველოდები ეჭვთა განდგომას,
ის სანუკვარი, ვინძლო, მომმადლე…
“დაველოდები იმ დღის დადგომას,
გიორგობიდან – გიორგობამდე…”
ჩვენ მოვდიოდით გზებით სვანეთის,
გაუსაძლისი იყო სავალი…
მხოლოდ ტკივილი, არც რამ სხვა მეტი
და არსაიდან – გამოსავალი…
მერე მუდმივი ცვალებადობა,
განა გრძნობების?! არა – ბინების
და საშინელი არადანდობა
გულისგამხვრეტი კარაბინების.
დევნა, დევნა და თითით ჩვენება…
დრო გამოირჩა სევდის მოკრებით…
იყო დუმილი, ამოჩემება,
უსაზიზღრესი სტატუსმორგებით…
მეტირებოდა, სევდას ვიძენდი,
იყო სიჩუმე თებერვლისებრი,
ლადოს გულისთქმა გულთან ვიგრძენი
და სასთუმალთან თვლემდნენ სიზმრები…
ახლა გასავლელ გზებს კვლავ ეკვრიან
გადასალახი შავი გორები…
როცა გავარღვევ საზღვრებს ეკლიანს,
მე ჩემს ეზო – კარს ჩავეკონები…
ჩავეკონები საფლავს გმირისა,
მისი სახელი მხოლოდ ცამ იცის…
მერე ტკივილი გადამივლის რა…
ირგვლივ მოვაფრქვევ ქარებს ტაბიძის…
ჩემს აღმაფრენას ქედზე გადავფენ,
მთები მეტყვიან – მერე რა მელის,
ცაში ავაფრენ, ცაში ავაფრენ
ცისფერფრთებიან ჩიტებს გრანელის…
ზეცამ სინათლე ქალაქს მოჰფინა,
ჩემი სათქმელი ღმერთთან მივიდა,
და მე მოვფრინავ და მე მოვფრინავ
ბარათაშვილის მერანივითა…
კლავ ველოდები ეჭვთა განდგომას!
ის სანუკვარი ვინძლო მომმადლე…
“დაველოდები იმ დღის დადგომას,
გიორგობიდან – გიორგობამდე…”

ავტორი: გოჩა ოჩიგავა – სამართლის დოქტორი, პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის დირექტორი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია “გულანის“ ნამდვილი წევრი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი.

READ  "იქნებ ვაზია სამშობლო?!" - ლექსი, რომელიც სამშობლოს ეძღვნება და ნოდარ დუმბაძის სიტყვების გამოძახილია

გოჩა ოჩიგავა ორი უცხოენოვანი მონოგრაფიისა და 30 – ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია. წერს ლექსებს, მოთხრობებს, ქმნის მუსიკალურ კომპოზიციებს, ხატავს. სხავადასხვა დროს, მისი შემოქმედებითი საღამოები გაიმართა თავისუფალ თეატრში, მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.

2024 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული – „მატარებელი თბილის გაგრა“ – I ტომი. მისი ნაწარმოებები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალსა და გაზეთში.
დაიბადა აფხაზეთში, გაგრაში, 1980 წლის 21 მარტს.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი