ძველად, სანამ წყვილი ჯვარს დაიწერდა, ისინი ინიშნებოდნენ, თუმცა ნიშნობა დღევანდელი გაგებით არ ტარდებოდა. ნიშნობა, იგივე დაწინდვა ეკლესიაში სრულდებოდა, წყვილი სასულიერო პირისგან ლოცვა-კურთხევას იღებდა, ბეჭდებს გაცვლიდა და ქორწილისთვის ემზადებოდა. დღეს ეს ტრადიცია ოჯახურმა ნიშნობამ შეცვალა, ხშირად კი ნიშნობა სულაც არ ხდება და ბევრი წყვილი პირდაპირ ქორწინდება. დაწინდვაზე უფრო ვრცლად ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი საუბრობს:
-ეკლესიაში ყველა საიდუმლოებას წინ გარკვეული შესავალი უძღვის, მაგალითად როცა ადამიანი ინათლება, მან კატეხიზაცია უნდა გაიაროს, თუ ადამიანს ზიარება უნდა, აუცილებლად უნდა თქვას აღსარება, ანუ გარკვეული შემზადება საჭიროა, ასევე, როცა ქრისტიანი ჯვრის დაწერას აპირებს, მან უნდა აღასრულოს დაწინდვა, როცა სასულიერო პირი დაწინდვას ჯვრისწერის მსურველებზე აღასრულებს.
-რას ნიშნავს დაწინდვა?
-თანამედროვე ენაზე დაწინდვას დანიშვნა ჰქვია, ეს არის ლოცვა-კურთხევა იმ წყვილზე, ვისაც სურს, რომ თავისი ბედი იმ ადამიანს დაუკავშიროს, ვისთანაც მთელი ცხოვრება აპირებს ყოფნას. რადგანაც ჯვრისწერა და შეუღლება დიდი პასუხისმგებლობაა, ეკლესიამ განაჩინა, რომ სანამ ადამიანები იქორწინებენ, მანამდე საჭიროა მოსამზადებელი პერიოდი, უკეთ გაცნობის მიზნით, წყვილი ლოცვა-კურთხევას მღვდლისგან იღებს, ანუ დაიწინდებიან, ბეჭდებს გაცვლიან და ეს ნიშნავს არა ცოლ-ქმარს, არამედ იმას, რომ ისინი არიან სასიძო და სარძლო. დღეს ეს ინსტიტუტი ფაქტობრივად, გაუქმებულია. დღეს დაწინდვაც და ჯვრისწერაც ერთად ტარდება. ადრე კი ჯერ დაწინდვა ხდებოდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგალითად 6 ან რამდენიმე თვის მერე, თუ წყვილი გადაწყვეტდა, რომ ერთმანეთთან მთელი ცხოვრების გატარება შეეძლოთ, ისინი ჯვარსაც იწერდნენ.
სასურველი იქნება, რომ ეს ინსტიტუტი დღესაც აღდგეს. ბევრი წყვილი ძალიან მარტივად წყვეტს ჯვრისწერას, რამდენიმე წლის მერე კი უცბათ შექმნილი ოჯახები უცბათვე ინგრევა, ეს კი ძალიან ცუდია. დაწინდვა ცოლ-ქმრობას არ ნიშნავს, ამ დროს ფიზიკური ურთიერთობა იკრძალება.
-დღეს ნიშნობა ოჯახურ გარემოში ტარდება, როცა გოგოს სახლში ნიშნავს სიძის ოჯახი…
-დიახ, თანამედროვე რეალობაში ნიშნობა არის ნიშნობის ბეჭდის მიტანა გოგონას ოჯახში და გარკვეული სუფრა, ბუნებრივია აქ გაცნობა ვერ მოხდება, ამიტომ ეკლესია ამას გულისხმობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დაწინდვის მერე ჯვრისწერამდე სასიძო და სარძლო ერთმანეთს უკეთ იცნობდა.
-რას ნიშნავს მეჯვარე?
-ძველად მეჯვარეებს ერქვათ ძმადი და დადი, ანუ შენი ძმა და და. მეჯვარეები ნათესავები არ არიან, ისინი უბრალოდ მოწმეები არიან. ჩვენთან მეჯვარეობა იმდენად დიდი პატივია, რომ მეჯვარეები ერთმანეთზე არ ქორწინდებიან, მაგრამ თუ ისინი დაქორწინდებიან, ეს ცოდვა არ არის. თუმცა, თუ მეჯვარეები უკვე ბავშვის ნათლიებიც ხდებიან და მირონით ნათესავდებიან, აქ უკვე მათი დაქორწინება არ შეიძლება. ეკლესია მეჯვარეების ქორწინებას მხოლოდ იმ შემთხვევაში კრძალავს, თუ ისინი ბავშვსაც ნათლავენ.
-მეჯვარეებად მეგობრებს არჩევენ ხოლმე, თუ შეიძლება მეჯვარე იყოს და, დედა ან რომელიმე ახლობელი?
-მეჯვარედ ყოფნა ყველას შეუძლია. შეიძლება შვილის მეჯვარე იყოს დედა, და, ან ნათესავი. თანამედროვე პრაქტიკაში გავრცელდა, რომ გოგოს ბიჭი ჰყავს მეჯვარედ, ბიჭს კი გოგო, რა თქმა უნდა, ეკლესია ამას არ კრძალავს, მაგრამ სასურველია, რომ გოგონას მეჯვარე იყოს ქალი, ბიჭის კი კაცი.
მასალის გამოყენების პირობები