ქალაქ თბილისში, მოწამისა და კეთილმოღვაწის, აბოს წამება ამგვარად მოხდა.
შეიპყრეს აბო სარკინოზებმა, მიიყვანეს მსაჯულთან, რომელიც თბილისში ამირად იჯდა და ქრისტეს რწმენისთვის საპყრობილეში ჩასვეს.
რამდენიმე დღის შემდეგ, სტეფანოზ ერისთავმ მოხერხა მისი ტყვეობიდან დახსნა. გავიდა ხანი და კვლავ აბობოქრდნენ დამსმენნი. მათ წმინდანის წინააღმდეგ პირი შეკრეს, შევიდნენ მსაჯულთან, რადგან ქალაქ თბილისში ახლა უკვე სხვა ამირა იყო დანიშნული და უთხრეს მას:
– ამ ქალაქში ერთი ჭაბუკია, რომელიც წარმოშობით სარკინოზია. იგი იმ რწმენით გაზრდილა და უცხოვრია, რომელიც მუჰამედმა, ჩვენმა მოციქულმა მოგვცა. ახლა კი მიუტოვებია მაჰმადის რჯული, თავს ქრისტიანად აცხადებს, უშიშრად დადის ქალაქში და ბევრ ჩვენიანს უქადაგებს ქრისტიანობას.
აწ ბრძანე მისი შეპყრობა და აწამე, ტანჯე იგი, ვიდრე არ აღიარებს ჩვენი მუჰამედ მოციქულის რჯულს. თუ არადა მოკვდეს, რათა მის სიტყვებს სხვებიც არ აყვნენ.
სხვა ქრისტიანებმა შემთხვევით გაიგეს, რომ სარკინოზები აბოს ამირასთან აბეზღებდნენ, სწრაფად მივიდნენ ნეტართან და არწმუნებდნენ, რომ გარიდებოდა იქაურობას და დამალულიყო. ხოლო აბომ მშვიდად მიუგო მათ:
– არა მარტო მზად ვარ ვიტანჯო ქრისტესთვის, არამედ მზად ვარ მოვკვდე მისთვის.
გამოვიდა იგი სიხარუით და დაუფარავად მიმოდიოდა ქუჩებში. მაშინ შეიპყრეს ამირას მსახურებმა ნეტაი აბო და შეიყვანეს მსაჯულთან.
– ეს რა მესმის შენს შესახებ?! წარმოშობით სარკინოზთა ტომიდან ხარ, დაგიტოვებია მამა-პაპათა რჯული და ქრისტიანებთან შეცდენილხარ?! ახლა კი დროა გაემზადო და ილოცო იმ რჯულით, რომლითაც მშობლებმა გაგზარდეს.
– ეს მართალია, რადგან წარმოშობით სწორედ რომ სარკინოზი ვარ. განსწავლული ვიყავი მაჰმადის რჯულითა და ვცხოვრობდი ამ სარწმუნოებით მანამ, სანამ უმეცარი ვიყავი. ახლა კი მივდევ ჭეშმარიტ, ქრისტეს მიერ ბოძებულ რწმენას სამებისას – მამისა, ძისა და წმიდისა სულისა და აწ უცილობლად ქრისტიანი ვარ – მტკიცედ მიუგო აბომ ბრაზმორეულ ამირას.
– მიატოვე ეგ სიგიჟე! თუ რამე გაკლია და ამის გამო გამხდარხარ ქრისტიანი, ბევრად მეტ საბოძებელსა და პატივს ახლავე მოგაგებ- თავისას არ იშლიდა მსაჯული.
– ოქრო და ვერცხლი შენთვის დაიტოვე საკუთარი თავის დასაღუპავად. მე ადამიანურ პატივს არ ვეშურები, რადგან მაქვს ქრისტეს მიერ ბოძებული საჩუქარი – გვირგვინი ცხოვრებისა და უკვდავებისა და მარადიული პატივი სასუფეველში – მკვახედ უპასუხა აბომ ამირას, რომელიც მის გადაბირებას ახლა უკვე სიმდიდრითა და საბოძვრით ცდილობდა.
როდესაც მიხვდა მსაჯული, რომ ამაოდ ირჯებოდა და ამ გზით აბოს შეცდენას ვერ მოახერხებდა, ბრძანა ნეტარისთვის რკინის ბორკილი დაედოთ და საპყრობილეში ჩაეგდოთ. აბოს კი უხაროდა და მადლობას სწირავდა უფალს, რომ ასეთი ღვაწლის ღირსი გახადა.
მასალის გამოყენების პირობები