ის პაოლო იაშვილის ლიტერატურულ მისტიფიკაციად მიიჩნეოდა. პოეტმა თავისი რომანტიკულ-ეროტიკული ლექსებიდან 14 მას მიაწერა. შემდგომ, 90-იანებში, საარქივო მასალებზე მუშაობისას წარმოიშვა მოსაზრება, რომ ელენე დარიანის ფსევდონიმით წერდა რეალურად არსებული პიროვნება — ელენე ბაქრაძე, რომელსაც 1915 წლიდან 20-იანი წლების დასაწყისამდე პაოლო იაშვილთან რომანტიკული და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა. მე დღეს მეოცე საუკუნის ლიტერატურულ თუ ხელოვანთა წრეში გამორჩეულ პიროვნებაზე, პაოლო იაშვილის საყვარელ, „ცისფერყანწელ“ და შავჩოხოსანთა მეგობარ ქალზე გიამბობთ, რომელიც ფსევდონიმით იყო ცნობილი და იმ პერიოდისთვის განსაცვიფრებელი სითამამით გამოირჩეოდა და, რა თქმა უნდა, ამავე დროს, პაოლო იაშვილზეც. ვფიქრობთ, ეს ორი ერთად საინტერესო ტანდემს ქმნიდა სამწერლო ტრიბუნაზე თუ ცხოვრებაში. მაინც ვინ იყო ელენე დარიანი, მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი ამ ქალის ისტორიას.
პატარა გოგონას, ელიჯათხანის საოცნებო გმირი და უიმედო სიყვარული
1912 წელი. იმ ზაფხულს საჩხერის მახლობლად, ლესევში, მჟავე წყლებზე, მთელს იმერეთში სახელგანთქმული ფარმაცევტის ჯიბრაილ მიხეილის ძე იაშვილის ოჯახი ისვენებდა. იაშვილების ვაჟიშვილებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა პავლე, რომელსაც უკვე შესრულებოდა 20 წელი, მაგრამ მაინც, ბავშვური სიანცით, ტყის ბუმბერაზ ხეებსა თუ ბუჩქებს ფარულად ამოეფარებოდა და პატარა დამსვენებლებს აშინებდა. ყველაზე მეტად შიშისაგან იზაფრებოდა სოფელ ჭალის აბაშიძეების ნათესავი, ლესევის სტუმარი, 15 წლის კისკისა გოგონა ელენე ბაქრაძე.
ელენე ბაქრაძის მოგონებებში შემონახულია ცნობა პაოლო იაშვილის მაშინდელ ერთ გმირობაზე. ლესევის ერთ კუნაპეტ ღამეს ტყის სიღრმიდან განწირული ადამიანის ხმა შემოესმათ, როგორც ქალბატონი ელენე წერს: „გულშემზარავი იყო ადამიანის ეს, ველური შიშით ამოხეთქილი, პირუტყვული ძახილი ბუნების ასეთ ატეხილ ქაოსში. ვინ გაბედავდა ადგილიდან დაძვრას ან სად უნდა ეძებნათ იგი?!” – სვამს ასეთ კითხვას მემუარისტი და თვითონვე გვაძლევს იმ ღამის გმირის პორტრეტს: „იქვე იდგა პაოლოც. დროგამოშვებით გავარდებოდა წინ და წამსვე უკან იხევდა. ბოლოს მამას შეხედა და ჩირაღდნებივით ანთებული თვალებით თითქოს შეევედრა: არ შეიძლება კაცის ასე მიტოვება, მამა! – და როცა ჯიბომ არაფერი უპასუხა, სწრაფად წამოავლო ხელი ნაბადს, მოიგდო მხრებზე, თავზე ყაბალახი მოიხვია, ხელში ფანარი აიღო და, მიუხედავად დიდი შეძახილისა, კარი გააღო და სწრაფად გავიდა. სიბნელემ და ხმაურმა შთანთქა იგი. მახსოვს, როცა ყაბალახს იხვევდა გაფითრებულმა გამიღიმა და როგორ მინდოდა, მეც თან გავყოლოდი“.
პაოლომ იმ ღამეს სიკვდილისაგან იხსნა გზაარეული, მხეცის აბრიალებული თვალებით გონდაკარგული ადამიანი. და აი, დაიბადა 15 წლის გოგონას, ელენეს საოცნებო გმირიც. როგორც თვით უკეთესად წერს: ,,ჩემთვის ამ ჩვეულებრივ ეპიზოდს მიეცა უზარმაზარი შინაარსი და, ალბათ, აქ დაეცა პირველად ის მარცვალი, რომელიც იმ ზაფხულში ცისფერ ყვავილად გადაიშალა”.
ბავშვობაში ელენეს ქართული ზღაპრის გმირის, ელიჯათხანის სახელით მიმართავდნენ და ახლა მოულოდნელად ეს სახელი შეიცვალა ელლით. ასე მიმართა მას პირველად პავლე იაშვილმა, რომელიც თვითონაც ქართველი საზოგადოებისათვის შემდეგ პაოლოს სახელით გახდა ცნობილი.
15 წლის ელლიმ ყმაწვილების თვალი აიდევნა. ლესევში იმერეთის სხვადასხვა მხრიდან ამოდიოდნენ: წერეთლები, აბაშიძეები, მაჭავარიანები თუ ლორთქიფანიძეები, მაგრამ ყველანი პაოლო იაშვილმა დაუფრთხო.
1913-1914 წლები ქარიშხლიანი გამოდგა ელენესთვის. ათასი რამ მოხდა მის პირად თუ მსოფლიო ხალხების ცხოვრებაში, განჯაში მცხოვრები ქართველების მეშვეობით მოიძებნა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნააკლდამარი, ელენემ აუნთო ორი კელაპტარი და მაშინ დაიბადა მისი პირველი ლექსები, ჩანახატები…
დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ელენეს ფიქრები გაუორკეცდა. ვაითუ, ომში პაოლოც გაიწვიონ. ზეზეურად ჩამოხმა ელლი. მშობლები ელენეს მელანქოლიას გაცრუებულ სიყვარულში ეძებდნენ. მალე სასიძოც გამოჩნდა. უსიყვარულოდ გაათხოვეს ელენე გოგი ბერიშვილზე. თავისდაუნებურად, ჩადგა პაოლოსა და ელენეს შორის გოგი ბერიშვილი.
1915 წლის ზაფხულში ელენე კვლავ ეწვია იმერეთს და აქ, საჩხერეში შეხვდა თავის დენდს, პაოლოს, რომელსაც თითქოს ცაზე მზე მოეწყვიტა და თავის მკერდში ჩაედგა, ისე ასხივებდა ყველას და მათ ასამზევებლად იწვევდა.
ელლი და პაოლო კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს უკვე აღარ ჰგავდა სიგიჟმაჟეს, იმ პირველ შეხვედრებს. ქმრიანი ქალის მორიდებით მიესალმა ელლი თავის საოცნებო უფლისწულს. პაოლომაც მხოლოდ ხელზე ამბორით გამოხატა ელლისთან ის შეხვედრა. ეს ყველაფერი ჩანდა გარეგნულად, მაგრამ ბედი რას უმზადებდა ორივეს, იცოდა მხოლოდ სიყვარულმა და მათმა გულებმა.
ჩანაწერი ელენეს ჯერ გამოუქვეყნებელი მოგონებებიდან: ,,ერთ დღეს გადავწყვიტეთ საჩხერეში წასვლა… პაოლომ მომიყვანა ვალიკო მაჭავარიანის საუცხოო ცხენი. ჩვენ სხვებიც აგვყვნენ, და ცხრა კაცისაგან შემდგარი კავალკადა გავემგზავრეთ საჩხერისაკენ. იმ ზაფხულს საშინელი წყალდიდობა იყო და ხიდი წაღებული დაგვხვდა. საჭირო გახდა უკან გამობრუნება, მაგრამ თითქოს ვიღაცამ მიბიძგაო მე შევაგდე ცხენი მდინარეში და დავუძახე უკან, დამაცადეთ-მეთქი. როცა უკანიდან ყვირილი მომესმა მე უკვე წელამდე წყალში ვიყავი მოქცეული”… და როცა ელლი გონს მოვიდა ერთ მხარეს პაოლო და მეორე მხარეს ელენეს ბიძაშვილი დათიკო იაშვილი აღმოჩნდნენ. როგორც ელენე წერს: ,,არ ვიცი, ცხენები ცურვით გავიდნენ თუ ძლიერი კუნთებით გაგელვეს მდინარეო”…
სავანეში, მწვანე მდელოზე გაიშალა სუფრა. როგორც ელენე აღწერს: ,,სუფრას და ჭურჭელსაც მთვარის შუქზე მოედო ისეთი საზღაპრო ნაზი, ლურჯი ფერი, ისეთი სიწყნარე სუფევდა ბუნებაში, რომ მშვენიერებას ზიარებული თუ უზიარებელი ყველა წუთით გაჩუმდა. თითქოს უსმენდა სამყაროს სიდიადეს. ჩვენმა დიასახლისმა ელენე კოერცალიამ. პატარა, თეთრი ყანწები მოიტანა. პაოლომ აავსო ყანწი და ასწია მაღლა. რადგან მე სხვა არაფერს ვაკეთებდი, ვუმზერდი პაოლოს, თვალში მომხვდა იგი და წყნარად წარმოვთქვი: ,,ცისფერი ყანწი! პაოლოც დააკვირდა და უეცრად წამოიძახა: ,,ევრიკა, ელლი, ცისფერი ყანწი!” მერე ზეზე წამოდგა, მთვარის შუქს შეუშვირა ყანწი და იმეორებდა: ,,ცისფერი ყანწი, ცისფერი ყანწი”
ასე დაიბადა ქართული პოეზიის ღმერთკაცის აკაკი წერეთლის ძიძისეულ სავანეში ქართველი სიმბოლისტების ჟურნალის – „ცისფერი ყანწების“ სათაური. როგორც ელენე ბაქრაძე წერს: „პაოლო ვეღარ ისვენებდა, ისწრაფოდა ქუთაისისაკენ, ყოველ წუთს მღელვარე, აღგზნებული, ის თითქმის ელოდა აფეთქებას, რომ კოცონად ავარდნილიყო ქართულ პოეზიაში”.
აი, ამ დროისათვის უკვე დაწერილი იყო ელენე დარიანის ლექს-დღიურებიდან სამი ლექსი: „ძახილი“, „გათავდა ნადიმი“ და „ზამთარში“. ისინი საჭაშნიკოდ გადასცა პაოლო იაშვილს და მოხდა მოულოდნელი ფაქტი, ავტორის დაუკითხავად პაოლომ გამოაქვეყნა ქუთაისურ გაზეთ „მეგობარში“; რედაქციამ თუ ცისფერყანწელთა ლიდერმა პირველი ლექსის სათაური „ძახილი“ უცვლელად დატოვა, მეორე ლექსი – სათაურით ,,ჩემი თავადი, ,გათავდა ნადიმი” გაუგებარი მიზეზების გამო, უსათაუროდ დაიბეჭდა, ხოლო მესამე ლექსი, „ზამთარში“, ცოტა მოგვიანებით გამოქვეყნდა იმავე გაზეთის ფურცლებზე.
ამრიგად, ელენე დარიანის ფსევდონიმით ხელმოწერილი ელენე ბაქრაძის სამი ლექსი პრესაში დაიბეჭდა და მას მოჰყვა მკითხველ-საზოგადოების აურზაური. თვით ავტორმა კი ისე მტკივნეულად განიცადა მომხდარი, რომ პაოლოს დაეუმძრახდა კიდეც.
ქალური გრძნობებისთვის დასჯილი
…1915 წლის ზაფხულის დღეებში იმერეთში: საჩხერეში, სავანეში, არგვეთში, ლესევში, ჭალაში, ნაჩერქეზევსა თუ ქართველი სიმბოლისტების დედაქალაქ ქუთაისში დაიწყო ოჯახებსა თუ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ლიტერატურული შეკრება-საღამოები. ყველაზე მეტად აქტიურობდა ცისფერყანწელების მაესტრო პაოლო იაშვილი, ხოლო მათი ცისფერი დედოფალი ელენე დარიანი მუდამ ცდილობდა, ყველასათვის უცნობი დარჩენილიყო, სხვისთვის გადაებრალებინა დარიანული ლექსების ავტორობა. და აი, სამსჯავროს წინაშე, სამბრალდებო სკამზე იჯდა ტრადიციების მსხვერპლი – ქართველი მანდილოსანი, რომელმაც სამზეოზე გამოფინა მხოლოდ და მხოლოდ ქალური გრძნობები, მაღალ პოეტურ სახეებსა და ფერებში…
დაიწყო უძილო ღამეები, მთვარეული ზმანებები… დაიბადა ლექსები, სონეტები, მინიატურული პროზის საუკეთესო ნიმუშები, ლექს-ტრილოგიები – ლიტერატურაში დიდი სიცოცხლის ეპოპეა.
მაშინდელი საუბრების თემები იყო რუსული და ევროპული სიმბოლიზმი, სიმბოლური აზროვნების კვალზე ქართულ ლიტერატურაში და რაც მთავარია, დაიბადა მათი ჟურნალის სახელწოდება „ცისფერი ყანწები“.
ფარდაახდილი
ელენე ბაქრაძის მოგონებებშია ცნობა, თუ როგორ შეიქმნა ელენე დარიანის ფსევდონიმი. მემუარისტის დახასიათებით, პაოლოს „ჰქონდა გასაოცარი ცოცხალი აზროვნება და ნამდვილის წვდომის დიდი ალღო. გარდა ამისა, ის იყო დაჯილდოებული ბუნებით, ნამდვილი ორატორული ნიჭით. გარეგნულ სილამაზესთან ერთად მისი ეს მნიშვნელოვანი თვისებები და ამასთანავე არაჩვეულებრივი გულკეთილობა და ხელგაშლილობა ქმნიდნენ მეტად მიმზიდველ და მომხიბვლელ ადამიანს. მე იმ ზაფხულს დორიან გრეი ვუწოდე. მე სილამაზის გამო მივმართე მას ამ სახელით, მან შინაარსი გამაშლევინა და უარი თქვა”.
აეხადა ფარდა ელენე დარიანის ფსევდონიმის საიდუმლოებას. იგი აღებულია ინგლისელი მწერლის ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტის“ მთავარი გმირის სახელიდან და შიგ ჩადეს ქართული სიტყვის დარის შინაარსი, ისე, როგორც დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვეს ქართული ფერუმარილის სახელი „ცისფერი ყანწები“. ისე ამ ავდრიან დროს დაიბადა ქართველი სიმბოლისტი პოეტი ქალის ელენე დარიანის ფსევდონიმიც და ცისფერი პოეზიაც.